აფიშის შექმნა.

აქტივობის  მიზნები

  • სემიოტიკური კომპეტენციის  გამომუშავება და განვითარება;
  • ვიზუალური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

  

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

 ფურცელი, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები, საბავშვო წიგნები, აფიშები,  დაფა, ცარცი/მარკერი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს საყვარელი წიგნის ყდის/მულტფილმის აფიშის შექმნას. წინასწარ განუმარტავს მათ, რომ წიგნის ყდაზე, პირველ რიგში, მითითებული უნდა იყოს ავტორი; შუაში, გამოკვეთილად, დიდი ასოებით, სათაური უნდა ეწეროს; ყდა  გაფორმებული უნდა იყოს ნახატით. აფიშაზე დიდი ასოებით/ფერადად უნდა ეწეროს მულტფილმის სათაური, წარმოდგენილი უნდა იყოს რაიმე ნახატი/ფოტო/ილუსტრაცია; მითითებული იყოს მულტფილმის დაწყების დრო. შესაძლოა, მასწავლებელმა ნიმუშების დასახატად დაფა გამოიყენოს. თვალსაჩინოებისათვის რეკომენდებულია, აგრეთვე, რამდენიმე საბავშვო წიგნის ყდის/აფიშების ჩვენება.

მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, მოსწავლეები ნიმუშის მიხედვით თავად შექნიან საყვარელი წიგნის ყდას/მულტფილმის აფიშას. გაკვეთილის დასრულების შემდეგ აფიშები და წიგნის ყდები შეიძლება კლასის ერთ-ერთ კუთხეში გამოიფინოს.

აქტივობის ხანგრძლივობა: 12-15 წუთი.


შეფასება

 აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • მოდელის მიხედვით მარტივი ტექსტის შედგენა/გაფორმება;
  • ინფორმაციის წარმოდგენა ვიზუალების გამოყენებით;
  • ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.

 

მეთოდური მითითებები

ხუთი-ექვსი წლის ბავშვებისთვის დამოუკიდებლად წერა ძალზე რთულ სამუშაოს წარმოადგენს. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ შესასრულებელი სამუშაო ჯერ ზეპირად დამუშავდეს მაგალითის/მოდელის ჩვენებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავავალოთ მოსწავლეებს დავალების წერილობით შესრულება.

მოსწავლეების  მოტივაციის  ამაღლების  მიზნით, რეკომენდებულია  დამოუკიდებლად შესრულებული ყოველი წერითი სამუშაოს წახალისება (ღიმილით, სიტყვიერი კომენტარით, წერილობითი კომენტარით, სიმბოლური ნიშნით, ტაშით, სხვ.).

კარგი იქნება, თუ აქტივობასთან ერთად დაიგეგმება მოსწავლეთა ვიზიტი თეატრში და/ან კინოთეატრში, ამგვარად მასწავლებელს საშუალება ექნება, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ბავშვების ყურადღება აფიშის გაფორმების წესზე.