6. გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ იდეას სიმბოლოების საშუალებით (მაგალითად, ქმნის კლასის, სკოლის, გუნდის ემბლემას).

6. აქტივობა I

პერსონალური სიმბოლოები ხშირად გამოხატავენ ადამიანის იდენტობას. ხელოვანს შეუძლია შექმნას სიმბოლოთა საკუთარი ენა, რათა “ესაუბროს” ადამიანებს თავის თავზე და თუ სამყაროში არსებულ უსამართლობისა თუ გამოწვევებზე. ამ აქტივობისას მოსწავლეები შექმნიან საკუთარ, პერსონალურ სიმბოლოს.

სურვილისამებრ, მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს სასარგებლო ინტერნეტრესურსებში მითითებულ ლინკზე ხელოვანთა შემოქმედებას (ამისთვის საჭიროა, რიგ-რიგობით დააწკაპუნოს მარცხენა მხარეს ჯეი დეფეოსა და ჯოან ბრაუნის სახელებს, გაეცნოს მათ ნამუშევრებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს, ფოტოებს, რეცენზიებს. რესურსი ინგლისურ ენაზეა). შემდეგ მოამზადოს მოკლე პრეზენტაცია (შეიძლება Pოწერ Pოინტ-ში) და მოსწავლეებს გააცნოს.

მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, თუ რას გვიამბობენ ამ ხელოვანთა ნამუშევრები თავად ავტორების შესახებ. დააკვირდნენ, როგორ ფერებს, ფაქტურას, ფორმებს ირჩევენ ისინი საკუთარი პიროვნების წარმოსაჩენად (ჯეი დეფეო, მაგალითად, მთელი ექვსი წლის განმავლობაში იკვლევდა საკუთარი პიროვნების გამომხატველ სიმბოლოთა ენას და საბოლოოდ ვარდი შეარჩია).

მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ საკუთარი პიროვნების გამომხატველი სიმბოლო. ამისთვის კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომელი სიმბოლო მიესადაგებოდა მათ პიროვნებას ხუთი წლის წინათ და ახლა; ან რომელი ასახავს ხუთი წლის შემდეგ. სიმბოლო, რომელიც 5 წელსა და მეტს მოიცავს, უნდა იყოს ცხოვრების დიდი დროითი მონაკვეთის თანამდევი და ამსახველი გამოსახულება, ერთგვარი ლეიტმოტივი, რომელიც ამ წლებს გასდევს. სიმბოლო უნდა დაიხატოს დიდი ზომის ქაღალდზე, მუყაოზე, ტილოზე ან მიტკალზე. მოსწავლეები წყვილებში იმსჯელებენ, თუ რას ასახავს მეგობრის სიმბოლო.

ბოლოს კლასის ნამუშევართაგან უნდა გაკეთდეს (თუ ტილოზე ან მიტკალზე დაიხატება – შეიკეროს) დიდი პანო.

 

შენიშვნა:

ამ აქტივობისთვის შესაძლებელია შეირჩეს სხვა მხატვართა ნამუშევრებიც.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.sfmoma.com/artthink/lessonintro.asp?lessonid=55&lessoncategoryid=0&menu=i

 

რესურსები:

დიდი ზომის (A3, A2) სახატავი ფურცლები, მუყაო, ტილო, მიტკალი, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ნებისმიერი მასალა.

 

6. აქტივობა II. “3D ინიციალები”

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, რა ნაწარმოებები ახსენდებათ მათ, როდესაც ესმით სიტყვა “ქანდაკება”. სავარაუდოდ, მოსწავლეები არ ასახელებენ პოპ არტის ქანდაკებებს. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს რობერტ ინდიანას ნამუშევრებს (იხ. ინტერნეტრესურსი).

მოსწავლეები აკეთებენ საკუთარი ინიციალების (ან მხოლოდ სახელის პირველი ასოს) სამგანზომილებიანი სკულპტურის დიზაინის რამდენიმე ესკიზს, არჩევენ საუკეთესოს, გეგმავენ სამუშაოს ეტაპებს, საჭირო მასალის მოპოვების გზებს, ვადებს და შემდეგ ესკიზის მიხედვით დიდი ზომის მუყაოს ან პაპიე-მაშეს ან თაბაშირ-მუყაოს ნარჩენი ნაჭრებისა და სხვა მასალების მეშვეობით აკეთებენ ინიციალის 3-განზომილებიან, დიდი ზომის სკულპტურას. ინიციალის ორივე ფასადი ერთი თარგით იჭრება (იქნება ეს მუყაოსა თუ თაბაშირ-მუყაოსგან). გვერდებისთვის საჭიროა გრძელი, განიერი ზოლი, რომლითაც ფასადები ერთმანეთთან შეკავშირდება (წებოთი თუ სკოტჩით, ოღონდ სკოტჩის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაფერვისას შეიძლება პრობლემა შეიქმნას). შესაძლებელია, მზა ფორმა პაპიე-მაშეთი “შეფუთონ”. ბოლოს აფერადებენ მათივე ხასიათის შესაბამისი ფერებით და ამკობენ დეკორატიული ორნამენტით (განმეორებადი თარგით, კოპლებით, ზოლებით, სიმბოლური ნახატებით – გულები, ყვავილები, მანქანებისა და ბურთების გამოსახულებები), რომელიც ასევე ასახავს მათ ინტერესებს ან ხასიათს. ინიციალის ფასადებს სხვა ფერის ფონი უნდა ჰქონდეს, ხოლო გვერდებს – სხვა, თანაც -კონტრასტული. ამ შემთხვევაში ფორმა უკეთ იკვეთება.

  

რესურსები:

დიდი ზომის მუყაო (ტელევიზორის, მაცივრის და ა.შ. ყუთები), თაბაშირ-მუყაოს ნარჩენი ნაჭრები, პაპიე-მაშე, სკოტჩი, სტეპლერი, წებო, გუაში, დიდი ზომის ფუნჯები, მაკრატელი, მუყაოს საჭრელი დანა, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

ვიზუალური მასალა:

3D ინიციალები  

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.dickblick.com/lesson-plans/architectural-letters/

რობერტ ინდიანას ნამუშევრები:

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.5. ინდიკატორი 1. განიხილავს სამუშაო გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს.