5. ატარებს ექსპერიმენტს შერჩეულ სფეროში (მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფია და ა. შ.) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე (ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა).

5. აქტივობა I

მოსწავლეები ეცნობიან ქაღალდზე ჭრის ხელოვნებას, იხსენებენ ნეგატიური და პოზიტიური სივრცეების ცნებას, კონტრასტის ეფექტს. ათვალიერებენ პეტერ კალესენისა და იენ სტარკის ნამუშევრებს. მსჯელობენ მათ იდეურ და ესთეტურ მხარეებზე. შემდეგ A4 ფორმატის თეთრი ან ფერადი ქაღალდისა და მაკრატლის მეშვეობით ქმნიან საკუთარ მარტივ კომპოზიციებს.

  

ვიზუალური მასალა: 

                              პიტერ კალესენი:

კალესენი და სტარკი

 

ინტერნეტრესურსი:

პიტერ კალესენის ნამუშევრები:

http://www.petercallesen.com/paper/a4-papercuts/

http://www.inspirefirst.com/2011/11/26/25-striking-framed-papercuts-peter-callesen/

იენ სტარკის და ქაღალდის პლასტიკის სხვა საინტერესო ნიმუშები:

 

 

5. აქტივობა II

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, მსჯელობენ, საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა იციან თანამედროვე ხელოვნებაზე. შემდეგ მასწავლებელი უყვება უახლეს მიდგომებზე, ფორმებზე, გამომსახველობით საშუალებებზე, მასალასა და სხვ.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეაგროვონ ინფორმაცია არტ ვილა გარიყულას შესახებ: რა ტიპის გამოფენები, აქციები, ფესტივალები ეწყობა, ვინ მონაწილეობს; გაეცნონ მათ შემოქმედებას და მოპოვებული ინფორმაცია გააცნონ თანაკლასელებს. თუ ერთი და იგივე ხელოვანზე აქვთ მოძიებული ინფორმაცია, იმსჯელონ მათ შემოქმედებაზე და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ მსგავსი აქცია ან გამოფენა, მისი კონცეფცია (შეიძლება რომელიმე თარიღს ან მოვლენას მიეძღვნას), დაგეგმონ სამუშაოს შესრულების ეტაპები და შემდეგ განახორციელონ ჩანაფიქრი.

აქტივობა შეიძლება არ იყოს მასშტაბური. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მოიპოვებენ და გაეცნობიან ინფორმაციას, მათთვის სასურველი ნაბისმიერი მასალით გაკვეთილზე ასრულებენ ჯგუფურ ან ინდივიდულურ ნამუშევრებს.

 

ვიზუალური მასალა:

თანამედროვე ხელოვნების ნიმუში

 

ინტერნეტრესურსი:

ინფორმაცია არტ ვილა გარიყულას შესახებ:

http://www.art.gov.ge/funds.php?lang=Ge&organization=154#

http://www.art.gov.ge/funds.php?lang=Ge

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც სხვა მრავალს შორის, მოთავსებულია კურსდამთავრებულების ნამუშევრები და ინფორმაცია მათ შესახებ წლების მიხედვით

ინფორმაცია თანამედროვე ქართველი ხელოვანის, გია ეძგვერაძის შესახებ

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VIII.12. ინდიკატორი 1. აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენებისა და თვალსაჩინო მასალის სახით; ინდიკატორი 4. ამოიცნობს რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების მანერის მიხედვით; ს.გ.IX.5. ინდიკატორი 2. ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ ნიმუშებს.

 

5. აქტივობა III “ფანკ არტი”

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რიჩარდ შოუს ნამუშევარს “მუყაოს ჩაის სერვიზი” და ეკითხება, მათი აზრით რა მასალით არის შექმნილი. სავარაუდოდ, მოსწავლეები უპასუხებენ, მუყაოაო. მასწავლებელი უხსნის, რომ მასალად ხელოვანს გამოყენებული აქვს კერამიკაა.

რიჩარდ შოუ 

ამის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ თიხის ან ნაკეთობებს მათთვის სასურველ მასალაში (ჩაის სერვიზი – ჭიქა, თეფში, საშაქრე, სარძევე, ჩაიდანი). მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სხვა ნახმარი და უსარგებლო მასალა, დაამუშაონ სხვადასხვა ფაქტურის მისანიჭებლად, მოხატონ საკუთარი დიზაინით. ბოლოს შეუძლიათ წყალიც ჩაასხან და ფუნქციურად მოსინჯონ.

 

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ფანკ არტის სტილი ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში ბიტნიკების კულტურას ნაზიარებ მხატვართა ჯგუფის წიაღში. მაშინ, როდესაც ნიუ-იორკის გალერეებში იფინებოდა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები, ხოლო კალიფორნიის სახელოვნებო სკოლები ფიგურატიული ხელოვნების მხატვრებს ზრდიდნენ, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთ სანაპიროსა და ჰაიტ ეშბერის მიდამოების ღამის კაფეებში თავს იყრიდნენ ბიტნიკური კულტურით გატაცებული ახალგაზრდა ხელოვანები, რომელთა შემოქმედება ერთმანეთისგანაც განსხვავებული იყო. ისინი იყენებდნენ პოპ არტისა და დადაისტური სტილის ელემენტებს. მაგალითად, ჯეი დე ფეოს “ვარდი” პირადულ განცდებს ასახავდა, სხვებისა – უფრო პოლიტიკურ და სოციალურ თემებს ეხებოდა. ბრუს კონერის შერეული მასალით შესრულებული ნამუშევრები ომს, მკვლელობას, სიკვდილსა და ფეტიშიზმს ეძღვნებოდა. სწორედ ამ არასასიამოვნო თემების გამო შეერქვა ამ სტილს “ფანკი”, რაც უსიამოვნო, მყრალ სუნს ნიშნავდა. ბერკლის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, პიტერ სელცი, ასე ახასიათებდა ფანკ არტს: “მგზნებარე, და არავითარ შემთხვევაში გულგრილი, ერთგული და არა განზე მდგომი, უცნაური და არა ფორმალური, გრძნობადი, მაგრამ ხშირად შემაძრწუნებელი”. და თუკი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი სერიოზული და ინტერპრეტაციული იყო, ხოლო პოპ არტი – მოდური და ხელმისაწვდომი, 1960-იანი წლების ფანკ არტი იუმორითა და უბრალო, მსუბუქი სტილით გამოირჩეოდა. ფანკ არტის საყვარელი თემა იყო პაროდირება. 1966 წელს ამერიკელმა მხატვარმა უილიამ ტ. უაილიმ ურცხვად დასცინა აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს, როდესაც გამოფინა დაგრაგნილი ტილო სათაურით “ერთი დახვეული და შეკრული აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტული ნახატი”. შესაძლოა, ნახატი ტილოზე სულაც არ იყო.

რობერტ არნესონმა კერამიკის ხელოსნური ჩარჩო გაარღვია და სახვითი ხელოვნების ნაწარმოების მასალად აქცია. მისი ნახელავი ნამდვილი სკულპტურაა. არაფუნქციონალურობამ ფანკ არტს დადაიზმის აბსურდულობა შესძინა.

რობერტ არნესონი

 http://www.jerankin.com/art54/assign5/timeline-60.html

 

1966 წელს დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სან-ფრანცისკოს ბერკლის გალერეაში მოაწყეს გამოფენა “ირიბი ნაბიჯის შოუ”, რომელმაც პირველი წარმატება და ფართო საზოგადოების აღიარება მოუტანა. მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ რიჩარდ შოუ, რობერტ არნესონი, უილიამ ტ. უაილი და უეინ ტიბო. მათ მრავალი მიმდევარი გაუჩნდათ.

რიჩარდ შოუ გამორჩეულია “ტრომპლეის” (ფრ. ტრომპე-ლ’œილ, მხედველობის მოტყუება) ნამუშევრებით. მის ნამუშევარში ილუზორული ეფექტი იქმნება (სასურველია, მოსწავლეები გაეცნონ ამ მხატვრული ხერხის ისტორიას და სხვა ნიმუშებს ვიკიპედიის ბმულზე http://en.wikipedia.org/wiki/Trompe_l’oeil).

 

დამატებითი მასალა იდეებისთვის:

კერამიკის ჭურჭელი

 

ინტერნეტრესურსი:

http://art.berkeley.edu/gallery/ceramics-sping-2014/

http://centralpt.com/upload/417/10001_FunkArtLessonssm.pdf

 

ბმულები რიჩარდ შოუს ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ:

http://www.kqed.org/arts/programs/spark/profile.jsp?essid=4808

http://www.artnet.com/artist/645078/Richard_Shaw.html 

 

მუზეუმებისა და გალერეების ბმულები, სადაც დაცულია რიჩარდ შოუს ნამუშევრები:

http://www.artcyclopedia.com/artists/shaw_richard.html 

 

 

რესურსები:

თიხა, აკრილის საღებავი, გუაში, ძველი გაზეთები, რვეულის ფურცლები, წებო პვა (ПВА) და სხვა ნებისმიერი მასალა მოსწავლეთა/მასწავლებლის ფანტაზიით.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.IX.2. ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად;

შედეგი ს.გ.IX.3. ინდიკატორი 3. ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრანსპორტი, ინვენტარი და სხვ.) და გარემოს (ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, პარკი და სხვ.) დიზაინის ესკიზებს კონკრეტულ სტილში (მაგ. ეთნო, კლასიკა, რეტრო, მოდერნი, მინიმალიზმი, თავისუფალი და სხვ.).

 

5. აქტივობა IV “ჩვეულებრივი ნივთების არაჩვეულებრივი სიცოცხლე”

მასწავლებელი წინასწარ ეცნობა ინტერნეტრესურსში არსებულ ბმულს, რომელშიც წარმოდგენილია თანამედროვე ინგლისელი დიზაინერის, დომინიკ უილკოქსის კომპოზიცია (იმპროვიზაცია სკამით, ჯოხებით, სხვადასხვა საგნებითა და ჩრდილით), შესრულებული 2012 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე.

შემდეგ გააცნობს მოსწავლეებს ამ დიზაინერის ნამუშევარს და ესაუბრება იმის შესახებ, რომ, თუ შემოქმედებითად მიუდგებიან, ნებისმიერ მოსაწყენ და ჩვეულებრივ საგანში შეიძლება დაინახონ რაიმე საინტერესო. მაგალითად: ჯოხი, იატაკის სახეხი ჯაგრისი, ცოცხი, სახაზავი და სხვა შეიძლება წარმოიდგინონ ხელოვნების ელემენტად – ვთქვათ, ხაზად, მათგან კი შეადგინონ კომპოზიცია და თუ გაიხსენებენ და გამოიყენებენ სახვითი ხელოვნების სხვადასხვა პრინციპს (შუქ-ჩრდილს, სიმეტრია-ასიმეტრიას, რიტმს, კომპოზიციური განაწილების სხვადასხვა ხერხს და ა. შ.), ნებისმიერი, ყოფითი ნივთებისგან ხელოვნების ნამუშევრის შექმნას შეძლებენ.

მოსწავლეები განიხილავენ დიზაინერის ნამუშევარს, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, მოიფიქრონ, რომელ ნივთებს (დაზიანებული და გამოუსადეგარი სასკოლო ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა. შ.) შეარჩევდნენ სკოლაში, სახლში, ეზოში და ა.შ. სხვადასხვა საინტერესო კომპოზიციის შესადგენად. მოძიების შემდეგ შეუდგებიან მუშაობას. შეიძლება მთელმა კლასმა ერთ პროექტზე იმუშაოს, ან ჯგუფებად განაწილდნენ. ასევე შესაძლებელია მოაწყონ ერთგვარი აქცია, რომელშიც მთელი სკოლა მიიღებს მონაწილეობას.

 

ინფორმაცია მასწავლებელს: დომინიკ უილკოქსს, როგორც თავად ამბობს, დაგეგმილი ჰქონდა მილანის დიზაინის კვირეულზე წარმოედგინა შემდეგი პროექტი: ექვსი დღის განმავლობაში, ორ სკამს შორის აეგო ხიდი ჯოხებით, სხვა მოგრძო საგნებითა და წებოვანი ლენტით, თუმცა შემდეგ, ადგილზე, სპონტანურად გადაწყვიტა კომპოზიცია გაეკეთებინა ერთი სკამის ჯოხების, წებოვანი ლენტისა და ბალანსის პრინციპის გამოყენებით. საინტერესოა, რომ ამ კომპოზიციის შექმნაში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ და საკუთარი მოსაზრებისამებრ ამაგრებდნენ სხვადასხვა ნივთებს. საბოლოოდ, კონსტრუქციის კედელზე ასახული ჩრდილი ავტორმა ფერადი წებოვანი ლენტის მეშვეობით დააფიქსირა. ამ პროექტზე მუშაობის ეტაპების ამსახველი ფოტოები, ასევე სხვა ინფორმაცია დიზაინერის შესახებ, წარმოდგენილია ინტერნეტრესურსში.

 

შენიშვნა: საგნების მოძიებისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.

ვიზუალური მასალა:

დომინიკ უილკოქსის ნამუშევარი,

მილანის დიზაინის კვირეული, 2012 წ.

 უილკოქსის ნამუშევარი

http://variationsonnormal.com/2012/04/24/between-your-thoughts-and-mine-2/

 

კავშირი: შედეგი ს.გ.IX.3. ინდიკატორი 1. გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულებელთა რაოდენობასა და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას/ფუნქციებს/მოვალეობებს; ინდიკატორი 2. გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს; ინდიკატორი 4. შეაკეთებს დაზიანებულ სასკოლო ინვენტარს; შედეგი ს.გ.IX.4. ინდიკატორი 4. გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.