4. ქმნის გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.).

4. აქტივობა “გარემოს ესთეტიკური მოწესრიგება”

I ეტაპი

მოსწავლეები ჟურნალ-გაზეთებიდან ჭრიან, აგროვებენ, ახარისხებენ და სტენდზე აკრავენ, ერთი მხრივ, მიტოვებული, გავერანებული, მოუწესრიგებელი ადგილების ფოტოებს, მეორე მხრივ – ბაღების, პარკების, სკვერების ფოტოებს. დისკუსიის დროს მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ეს მოუვლელი თუ მოწესრიგებული ადგილები, ორივე ჩვენი გარემოს ნაწილია და რომ ადამიანის ჩარევითა და ზრუნვით შეიძლება ამგვარ მიგდებულ ადგილებსაც მოვუაროთ და ესთეტიკურად მოვაწესრიგოთ ისინი. მოსწავლეები არჩევენ ახლომახლო მსაგვს გაპარტახებულ ადგილს, იღებენ ფოტოებს, აკეთებენ მისი ესთეტურად მოწესრიგების ესკიზებს, შემდეგ – მაკეტს.

 

II ეტაპი

მოსწავლეები ცხრილის ფორმით ადგენენ საჭირო მასალის ჩამონათვალს (ნერგები, ჩითილები, თესლები, წნელი, ქვები) და სახავენ მათი მოპოვების გზებს. არკვევენ, რომელ უწყებას ეკუთვნის ეს ადგილი, სწერენ წერილს ადგილობრივ პასუხისმგებელ პირს (ადგილის ადმინისტრაცია), უკავშირდებიან, აჩვენებენ ესკიზებსა და მაკეტს და აწარმოებენ მოლაპარაკებას სამუშაოების ჩატარების შესახებ (მათ შორის, დროსა და ვადებზე).

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაში, აკვარელი, პლასტილინი, მავთული, მუყაო, მაკრატელი, საოფისე დანა, მაკეტისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი მასალა.

 

კავშირი:

შედეგი ს.გ.VIII.5. ინდიკატორი 1. კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას; ინდიკატორი 2. განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად.