4. მარტივად გამოსახავს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად.

4. აქტივობა I

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ინტერნეტრესურსში მითითებულ მასალას (ან თვითონ უხატავს დაფაზე გამოსახულებებს), სადაც ნაჩვენებია, როგორ იცვლება ადამიანის სახის გამომეტყველება ემოციასთან ერთად. სთხოვს მოსწავლეებს, თავადაც მიიღონ ესა თუ ის გამომეტყველება. შემდეგ ხატავენ პორტრეტებს, ასევე ადამიანებს სხვადასხვა პოზაში, მათ ჟესტიკულაციასა და ა. შ. სასურველია, მოსწავლეებმა დახატონ არა მარტო მარტივი გამოსახულებები, არამედ ყურადღება გაამახვილონ დეტალებზეც.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.drawinghowtodraw.com/stepbystepdrawinglessons/2010/01/how-to-draw-cartoon-emotions-facial-expressions-drawing-lessons/

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფლომასტერები, ფანქრები, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

4. აქტივობა II

მასწავლებელი დაფაზე ხატავს მარტივ გამოსახულებას – კაცუნა შეუფერებელი კოსტიუმითა და აქსესუარებით – ვთქვათ, ფარაონის წვერით, სათვალით, აღმოსავლური, აპრეხილწვეტიანი ქოშებით, სამხედრო კამუფლაჟის ლაქებიანი შარვლით, ჟაბოიანი საყელოთი და რაიმე ინგლისურწარწერიანი, მოკლემკლავებიანი მაისურით, ჩოხა-ახალუხითა და ა. შ.

შეუსაბამობებზე მოკლე, მხიარული საუბრის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, წერილობით აღწერონ წარმოსახვითი პერსონაჟის ხასიათი (აღწერა გულისხმობს არა ვიზუალურ მხარეს, არამედ ხასიათის ნიშნებს. შეიძლება მოკლედ ჩამოითვალოს მახასიათებლები – ასაკი, პროფესია, პიროვნული თავისებურებები... ასევე, პიროვნების დამახასიათებელი ერთი პატარა ეპიზოდის მოფიქრებაც). შემდეგ მოსწავლეები ხატავენ პორტრეტს, სადაც პერსონაჟის ხასიათის, სოციალური სტატუსის, პროფესიისა და ასაკის შესაბამისი იქნება სახის ნაკვთები, გამომეტყველება, კოსტიუმისა და აქსესუარების ყველა დეტალი.

 

რესურსები:

საწერი ფურცლები, საწერი კალმები, სახატავი ფურცლები, უბრალო და ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, აკვარელი, გუაში, ნებისმიერი მასალა.

 

4. აქტივობა III

გაზეთიდან ამოჭრილი ტექსტური ნაწილებით მოსწავლეები ადგენენ ავტოპორტრეტს.

 

შენიშვნა:

საყურადღებოა, რომ მოცულობისა და ფორმის მოდელირება უნდა მოხდეს ტექსტის ბწკარების მიმართულებით. პორტრეტში უნდა ჩანდეს ხასიათი. შესაძლებელია, მოსწავლეებმა კომიქსის “ბუშტის” მეშვეობით პერსონაჟს რამე “ათქმევინონ”, ან გადმოსცენ რომელიმე სახასიათო დეტალის მეშვეობით.

 

ინტერნეტრესურსი:

http://createdforcreating.blogspot.com/2011/08/portraits-in-newspaper.html

 

რესურსები:

გაზეთის ფურცლები (ტექსტური ნაწილი), სახატავი ფურცლები, მაკრატელი, წებო, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფლომასტერები, სხვა მასალა.