4. იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურმა საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზოგადოების ცხოვრებაში.

4. აქტივობა I

მასწავლებელი მოკლედ ესაუბრება მოსწავლეებს აპარტეიდის შესახებ. სთხოვს გაიხსენონ, რა იციან ამ საკითხზე.

შემდეგ აჩვენებს მოკლე ვიდეორგოლებს XXI საუკუნის ამერიკელი ხელოვანის, უილიამ კენტრიჯის შემოქმედების შესახებ (იხ. ინტერნეტრესურსი). კენტრიჯი ცდილობს, პოეტური ალეგორიით მიანიშნოს აპარტეიდის პრობლემაზე, რომლის მომსწრე თავად იყო. იგი იყენებს კამერას, ხატვას, ანიმაციას, სკულპტურას, პერფორმანსს და საკუთარ სათქმელს უჩვეულო, საინტერესო, შემოქმედებითი გზით გადმოსცემს.

შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ. პროვოცირებისთვის მასწავლებელი უსვამს შემდეგ კითხვებს:

• რატომ არის ხელოვნება მნიშვნელოვანი?
• რა როლს თამაშობს ხელოვნება დღევანდელ საზოგადოებაში?
• რამდენად დაფასებულია ხელოვანი და მისი ნაწარმოებები და რატომ?
• ეკისრება თუ არა ხელოვანს სოციალური პასუხისმგებლობა?
• შეიძლება თუ არა ხელოვნების ნაწარმოებმა აღძრას თანაგანცდის გრძნობა?
• რა ხდის ნამუშევარს ხელოვნების ნიმუშად?
• შეიძლება თუ არა განისაზღვროს ხელოვნების ჩარჩოები და საზღვრები?
• შეიძლება თუ არა განისაზღვროს ხელოვნების მახასიათებლები?
• თუ ასეა, როგორ შეიცვალა ისინი დროთა განმავლობაში?
• რა არის ხელოვანის როლი და როგორ შეიცვალა ის დროთა განმავლობაში?
• რა განასხვავებს სახვით ხელოვნებას ვიზუალური კომუნიკაციის სხვა ფორმებისგან, როგორიცაა რეკლამა, დიზაინი, ფოტოჟურნალისტიკა?
• ვინ წყვეტს ნაწარმოების მნიშვნელობას – ხელოვანი, კრიტიკოსი თუ მაყურებელი?
• რა მნიშვნელოვან უნარებს უნდა ფლობდეს ხელოვანი?
• საიდან იღებენ ხელოვანები შთაგონებას?
• რა სხვაობაა მარტო მუშაობასა და გუნდურ მუშაობას შორის, როცა საქმე ხელოვნების ნაწარმოების შექმნას ეხება?

• მუზეუმებისა და გალერეების გარდა, სად შეიძლება ხელოვნების ნაწარმოების ჩვენება?
• რა გავლენას ახდენს ადგილმდებარეობა და ანტურაჟი ხელოვნების ნაწარმოებზე?
• რა როლს თამაშობს მშვენიერება თანამედროვე ხელოვნებაში?
• ხელოვნების ნაწარმოებისთვის აუცილებელია იყოს მშვენიერი?
• ვინ წყვეტს, რა არის მშვენიერი?
• განსაზღვრეთ, რას ნიშნავს ტერმინი შემოქმედებითობა და რით განსხვავდება შემოქმედებითობა ხელოვნებაში და შემოქმედებითობა მეცნიერებაში, ბიზნესში, სამართალსა და სხვა სფეროებში?
• რა ხდება თანამედროვე, XXI საუკუნის ხელოვნებაში?
• რა თემებსა და საკითხებს ეხება თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრები?
• როდის და სად შეიქმნა ეს ნაწარმოებები?
• რატომ შეიქმნა ეს ნაწარმოებები?
• ვინ არიან ამ ნაწარმოებების ადრესატები (ვის მიმართავს ხელოვანი)?
• რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი?
• რას შეცვლიდით, სათქმელი რომ უფრო ნათლი და მკაფიო იყოს?
• ავტორს რომ შეხვედროდით, რა კითხვას დაუსვამდით?
• რა სახვითი ხერხებითა და მასალით სარგებლობენ თანამედროვე ხელოვანები და როგორ განსხვავდება ეს ხერხები ადრინდელისგან?
• რა ნიშნითაა ეს ნაწარმოებები თანამედროვე და რით განსხვავდება სხვა ეპოქების ნაწარმოებებისგან?

• გახდა თუ არა ხელოვნება ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის?
• ვიდეორგოლის გადაღება რომ შეგეძლოთ, გაქვთ ისეთი სათქმელი, რომელიც გსურთ, სხვა ადამიანებამდე მიიტანოთ?
• რა მხატვრულ ხერხებს მიმართავდით თქვენი იდეის განსახორციელებლად?
• როგორ “ხედავთ” თქვენს მომავალ ვიდეორგოლს – როგორ გამოიყენებთ სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ?
• ვის ჰკითხავდით რჩევას ან აზრს?
• რა მასალა და რესურსები დაგჭირდებათ?
• სად და რა გზით მოიპოვებთ ამ მასალას/რესურსებს?
• რა დრო დაგჭირდებათ მოკლემეტრჟიანი ვიდეორგოლის გადასაღებად?

კითხვა-პასუხის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ერთ ან რამდენიმე თემას, მაგალითად, თანაგრძნობა, ფანტაზია, ცვლილება, ეკოლოგია, პარადოქსი, სიყვარული, მეხსიერება, დანაკლისი, ოცნება და სურვილი, ასაკი, ძალაუფლება, სისუსტე და ა. შ.

მოსწავლეები (ცალ-ცალკე ან ჯგუფებში) ინაწილებენ თემებს, გადაწყვეტენ, როგორ, რა მასალაში და ა. შ. შეასრულებენ და შემდეგ წარმოადგენენ ნამუშევარს კლასის წინაშე (შესაძლოა მოეწყოს რაიმე აქცია, წარმოდგენა და სხვა, უფრო ფართო აუდიტორიისთვის – სხვა კლასების მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის).

 

შენიშვნა:

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: აპარტეიდი (ნიშნავს “განცალკევებას”) – რასობრივი სეგრეგაციის [რაიმე ნიშნის (კანის ფერი, ენის, ეთნიკური წარმომავლობისა და სხვა) საფუძველზე, რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკა] სამართლებრივი სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948-1990-იან წლებში. აპარტეიდის პერიოდში ფერადკანიანების უფლებები შეზღუდული იყო თეთრკანიანი უმცირესობის მიერ, მათ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება. კანონი კრძალავდა სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის ქორწინებას; განცალკევებული იყო საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა მომსახურების სფეროები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ტრანსპორტი და ა.შ.

 

ინტერნეტრესურსი:

უილიამ კენტრიჯის “სუნთქვა”

უილიამ კენტრიჯის “დაბრუნება”

უილიამ კენტრიჯის “რა მოვა”

XXI ს-ის ხელოვნების სხვა მსგავსი ვიდეონიმუშები:

ჯანინ ენტონი

დო ჰო სუ

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია – ისტ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

 

4. აქტივობა II

მოსწავლეები იკვლევენ პოპ არტს – ენდი უორჰოლისა და როი ლიხტენშტეინის შემოქმედებას, როგორც ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა-გამოყენების და მასებზე ორიენტირებულ ნიმუშებს.

  

4. აქტივობა III

მოსწავლეები იკვლევენ ჟან ტენგლის შემოქმედებას (იხ. ინტერნეტრესურსი). ეცნობიან, როგორ შეცვალა გარემო მისმა კინეტიკურმა (მოძრავმა) ქანდაკებებმა და როგორ აქცია ეს ადგილები ხალხისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილებად.

 

ინტერნეტრესურსი:

ინფორმაციისთვის:

http://en.wikipedia.org/wiki/Jean_Tinguely

http://www.youtube.com/watch?v=SOCkek5koPU

http://www.youtube.com/watch?v=Hx7e5BRekIA&feature=related

იგორ სტრავინსკის შადრევანი პარიზის პომპიდუს ცენტრთან:

http://www.youtube.com/watch?v=43xs592MjGY&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=TL-ITTl5v1o&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=RbU0Bq7JhME&feature=related

 

შენიშვნა:

ასევე სასურველია, მოსწავლეებმა ნახონ:

ჯეზუს რაფაელ სოტოს ინტერაქტიული კინეტიკური სკულპტურა მექსიკის ერთ-ერთ მოედანზე

ალექსანდრე კალდერის მობილი ლოს ანჟელესის პარკში

ინტერაქტიული ჰიდრავლოფონები (წყლის მუსიკალური ინსტრუმენტი) ონტარიოში (კანადა)

ტექნოლოგიების როლი ხელოვნების ფორმათა გამდიდრებაში (კინეტიკური სკულპტურა):

http://www.youtube.com/watch?v=5tCxMLjOCgc&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=UjqBSiF6TE8&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=A4FjIOhKtgc&feature=related