3. ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს.

3. აქტივობა. იაპონური ბარათები

ამ აქტივობაზე მოსწავლეები ეცნობიან ხეზე ბეჭდვის იაპონურ ტექნიკას, უკიო-ე-ს სტილის მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებს და თავადაც ქმნიან ნამუშევარს ამ სტილში. მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ხეზე ნაბეჭდი ბარათები შეიცავს ისტორიულ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებასა და კულტურაზე. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ იაპონელმა ხელოვანებმა დიდი გავლენა იქონიეს ბეჭდვის პროცესის ჩამოყალიბებაზე მათთვის სახასიათო ჟღერადი ფერებით. აკვირდებიან ფერისა და ტონის გრადაციას, ღიიდან – მუქამდე. აკვირდებიან თითქოს ამოჭრილ და სხვა ზედაპირზე დაკრულ ბრტყელ ფორმებს. ეცნობიან კაბუკის თეატრის მსახიობებისა და პერსონაჟების სახეებს, კოსტიუმებს, ვარცხნილობას, აქსესუარებსა და ხასიათს. აცნობიერებენ იაპონელი გრაფიკოსების შთაგონების წყაროებს (ტრადიციული იაპონური კაბუკის თეატრი, მცენარეები, ჩიტები, სოფლის პეიზაჟები). იღებენ ხის ნაჭერზე ნაკვეთი ნახატის ანაბეჭდს (მცენარე, ფრინველი, პეიზაჟი, ადამიანი).

 

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: უკიო-ე-ს იაპონელები სხვაგვარად “მოტივტივე (სხვა მნიშვნელობით – ცვალებადი) სამყაროს სურათებს” უწოდებენ. ეს იყო არა ელიტარული, არამედ დაბალი სოციალური ფენის ხელოვნება, რადგან ასახავდა რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკიო-ე-ს შექმნაში მონაწილეობდნენ: მხატვარი, ხეზე მკვეთელი, მბეჭდავი და გამომცემელი. მალე მოხდა ამ ბარათების წარმოების კომერციალიზაცია. კაბუკის მსახიობებისა და გმირების ბარათებს თეატრალური წარმოდგენის სარეკლამო ფლაერებად იყენებდნენ.

 

რესურსები:

ხის ან ლინოლეუმის მართკუთხა ნაჭრები (12სმX12სმ), რბილი ფანქარი (6B), ასლის ასაღები ანუ ასლგადამყვანი – შავი ქაღალდი), მელანი, საჭრეთელი, უხეში ფუნჯი ამოჭრილი ზედაპირის გასაწმენდად, ლატექსის ხელთათმანი, ქაღალდი, გასაბრტყელებელი ჯოხი, წინსაფარი.

 

ინტერნეტრესურსი:

http://iaponia.wordpress.com

ხეზე კვეთის დემონსტრაცია:

http://www.youtube.com/watch?v=dliF74ojOho

http://www.youtube.com/watch?v=uNgAS3Wm4E8&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=nfUG1assDi8&feature=related

 

შენიშვნა:

ამ აქტივობისთვის საჭირო სასარგებლო ინტერნეტრესურსებს მასწავლებელი წინასწარ უნდა გაეცნოს და, შესაძლოა, ჯერ თვითონ სცადოს ნამუშევრის შესრულება, რათა კორექტივები შეიტანოს მასალასა თუ მეთოდებში. ასევე, მოიძიოს საჭირო დამატებითი ვიზუალური მასალა.