2. პეიზაჟის, ქუჩის, ქალაქის ხედის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს.

2. აქტივობა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილ ნიმუშებს.

მოსწავლეები აღწერენ ნამუშევრებს და მსჯელობენ მათი შინაარსის შესახებ, გამოთქვამენ ვარაუდებს, რა შეიძლება იყოს მათზე ასახული. ცდილობენ აღწერონ, რა შთაბეჭდილება იქმნება ჰორიზონტის ხაზის მდებარეობით (მაღალი, დაბალი), და სხვ. შემდეგ მასწავლებელი შეახსენებს, რა არის ჰორიზონტის ხაზი, სივრცითი პერსპექტივა, როგორ შეიძლება ფერთა გრადაციით სიღრმის ჩვენება და უხსნის, როგორ ხდება ერთი თავშეყრის წერტილით, ხაზობრივი და სივრცითი პერსპექტივის მეშვეობით სიღრმის შთაბეჭდილების შექმნა.

შემდეგ უყვება ენდრიუ უაიეთის “კრისტინას სამყაროსა” და კლოდ ლორენის “საბას დედოფლის გამგზავრება ნავსადგურიდან” შესახებ.

მოსწავლეები ხატავენ. შემდეგ გამოფენენ ნამუშევრებს და ისაუბრებენ მათ შესახებ.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ენდრიუ უაიეთის ნამუშევარში – “კრისტინას სამყარო” – გამოსახულია მხატვრის მეზობელი ფერმერის ქალიშვილი. მან პირველი შეხვედრისთანავე მოაჯადოვა ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც იგონებს, თუ როგორ მიაკითხა რაღაც უმნიშვნელო საქმეზე მეზობელს და როგორ გაუჭირდა ფერმიდან წამოსვლა კრისტინას გაცნობის შემდეგ. გოგონა, ადგილობრივი წესების თანახმად, სტუმარს ფეხზე წამომდგარი არ შეეგება, რამაც იგი შეაწუხა, იფიქრა, არ მოვეწონეო. რამდენიმე დღის შემდეგ უაიეთმა კრისტინა ფანჯრიდან შეამჩნია. იგი ფერმის სიახლოვეს, მდელოზე იჯდა. უცებ ხოხვით დაიწყო ფერმის მიმართულებით გადაადგილება. მხატვარმა დახმარება დააპირა, მაგრამ სცენამ ადგილს მიაჯაჭვა. გოგონას მოუქნელ მოძრაობებში უდიდესი ენერგია და სიცოცხლის წყურვილი იგრძნობოდა. მხატვარმა მოგვიანებით შეიტყო, რომ კრისტინა დაბადებიდან პარალიზებული იყო.

კლოდ ლორენის სურათის – “საბას დედოფლის გამგზავრება ნავსადგურიდან” – განხილვისას, მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს უამბოს ისტორია ძველი აღთქმიდან – სოლომონ ბრძენისა და საბას (ქვეყანა ძველ აღთქმაში) დედოფლის შესახებ (“მისწვდა საბას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი”. ძველი აღთქმა, მესამე მეფეთა, თავი მეათე).

ვიზუალური მასალა:

 ლორენი და უაიეთი

  

 

ინტერნეტრესურსი

http://www.artyfactory.com/perspective_drawing/perspective_index.htmF

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციებისა და ემოციების გადმოსაცემად; ინდიკატორი 9. ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.