2. ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას, ვიზუალური ელემენტების მიხედვით.

2. აქტივობა I

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნაწარმოებების კოლაჟს (სასურველია სხვადასხვა ეპოქის, ჟანრის, დარგის ნიმუშები), აჩვენებს მოსწავლეებს პროექტორით (ან რეპროდუქციების, ბარათების სახით). მოსწავლეები სწრაფად ამოიცნობენ (მონაწილეობს მთელი კლასი), რომელ კულტურას ეკუთვნის თითოეული მათგანი, ორიოდე სიტყვით ასაბუთებენ, რა ნიშნით მიაკუთვნებენ ნამუშევრებს ამა თუ იმ კულტურას (მასწავლებელი შეიძლება დაეხმაროს მიმანიშნებელი კითხვებით).

 

ამ აქტივობის სხვა ვარიანტი:

მოსწავლეებმა შეიძლება ჯგუფებში იმუშაონ. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ჯგუფებს უნდა დაურიგოს ბარათების ნაკრებები (სასურველია, განსხვავებული ნამუშევრების რეპროდუქციები, თუმცა შეიძლება რომელიმე მეორდებოდეს; განსხვავებული პასუხის შემთხვევაში მოსწავლეები იმსჯელებენ და დაასაბუთებენ ამა თუ იმ მოსაზრების მართებულობას). რომელი ჯგუფიც უფრო სწრაფად ამოიცნობს და შესაბამის წარწერებს გაუკეთებს ბარათებს, გამარჯვებულიც ის იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება ჯგუფებმა გაცვალონ თავიანთი, უკვე წარწერებიანი ბარათები და შეამოწმონ კლასელების ვარაუდების სისწორე (ჯგუფებმა წარწერები სხვადასხვა ფერის კალმებით, ან სხვა საწერი საშუალებით უნდა გააკეთონ, რათა იოლი იყოს ერთმანეთისგან გარჩევა). შემდეგ შეცდომების შესახებ უნდა აცნობონ ერთმანეთს. გაიმართება დისკუსია, კამათი და ა. შ. შეიძლება სწორი პასუხები ქულებით შეფასდეს და გამარჯვებული ჯგუფი გამოვლინდეს.

 

ვიზუალური მასალა:

რეიმსისა და გელატის ტაძრები

იაკუში-ძი, გავაშვილი, ვეჩელიო, აბასი

 

შენიშვნა:

მასწავლებელმა შეიძლება შეხედულებისამებრ გამოიყენოს როგორც ზემოთ მოცემული, ასევე სხვა ვიზუალური მასალა, მაგალითად, შუამდინერეთის, ძველი ეგვიპტის, ძველი საბერძნეთის, ძველი რომის, საქართველოს, ირანის, იაპონიისა და ა.შ.; გოთიკის, აღორძინებისა და სხვა სტილის ხელოვნების ნიმუშები.

 

რესურსები:

ხელოვნების ნაწარმოებების ამსახველი ბარათები (შეიძლება მასწავლებელმა წინასწარ ამობეჭდოს და ბარათები თვითონ დაამზადოს), ფერადი საწერი კალმები, ფლომასტერები ან ფანქრები, პროექტორი.

 

 

2. აქტივობა II

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ილუსტრაციების რამდენიმე ნაკრებს. ერთ ნაკრებში იქნება, მაგალითად, იაპონური ხელოვნების ნიმუშების (ან ყოფითი ნივთების, ტანსაცმლის, სამკაულის და ა. შ.) ამსახველი ბარათები, მეორე ნაკრებში – იტალიური რენესანსის, მესამეში – ძველბერძნული, მეოთხეში – ისლამური [ირანული (სპარსული), არაბული] ხელოვნების ნიმუშები და ა. შ.

გაკვეთილზე მასწავლებელი ერთმანეთში აურევს ორ-ორი ნაკრების ბარათებს (მაგალითად, ერთი მხრივ, იაპონური და ძველბერძნული და მეორე მხრივ, იტალიური რენესანსისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშების ამსახველ ბარათებს), შეადგენს ორ ახალ ნაკრებს, გაყოფს კლასს ორ ჯგუფად და თითო ჯგუფს თითო ნაკრებს მისცემს. მოსწავლეებმა ნამუშევრები ჯგუფებში უნდა დაახარისხონ და კვლავ ორი ნაკრები შეადგინონ – მიაკუთვნონ ხელოვნების ნიმუშები ამა თუ იმ კულტურას.

 

ვიზუალური მასალა:

იაპონია:

იაპონური ხელოვნება

 

ძველი საბერძნეთი:

ძველი ბერძნული ხელოვნება

 

რესურსები:

სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნაწარმოებების ამსახველი ბარათები (შეიძლება მასწავლებელმა ისინი წინასწარ ამობეჭდოს და თვითონ დაამზადოს).