1. საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.).

1. აქტივობა “სიზმარი”

მოსწავლეები Youtube-ზე ნახავენ 9-წუთიან ნაწყვეტს, სახელწოდებით “ყვავები” – იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმიდან “სიზმრები”, სადაც ახალგაზრდა მხატვარი მუზეუმში, ვან გოგის ნახატების თვალიერებისას, მათში “შედის”, გადადის ნახატიდან ნახატში, ხვდება თავად ვან გოგს და ბოლოს ისევ მუზეუმის დარბაზში “ბრუნდება”.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ბარათებს მხატვართა ნამუშევრების ფერადი რეპროდუქციებით (გამოდგება სხვადასხვა მუზეუმის ღია ბარათების ნაკრები) და შესთავაზებს მზა წინადადებას თხზულების დასაწყებად: “მუზეუმიდან დაღლილი დავბრუნდი. მალე ჩამეძინა. უცებ ვიღაცის ნახატში (ნამუშევარი დარიგებული რეპროდუქციებიდან) აღმოვჩნდი. დავინახე, რომ...”.

მოსწავლეები წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით:

1. დეტალურად აღწერენ, რას ხედავენ ნახატზე – საგნებს, ადამიანებს, მცენარეებს, ცხოველებს, გარემოს, ვითარებასა და ა. შ.;
2. აღწერენ საკუთარ ემოციას ამ სიტუაციის დანახვისას და ხსნიან, რამ გამოიწვია ეს ემოცია – ვითარებამ, ფერებმა და ა. შ.;
3. მოიფიქრებენ ძალიან მოკლე ამბავს, რაც იქ (ნახატში)გადახდათ თავს;
4. დაასრულებენ თხზულებას ასევე მზა ფრაზით: “გამეღვიძა და მივხვდი, რომ დამესიზმრა ცნობილი (უნდა აღნიშნონ მხატვრის წარმომავლობა – ქართველი, ფრანგი, ჰოლანდიელი...) მხატვრის (მიუთითონ სახელი და გვარი) ნახატი (მიუთითონ სახელწოდება).

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ თხზულების წერას, მასწავლებელი შეაგროვებს რეპროდუქციებს, დაალაგებს მაგიდაზე ან მიაკრავს დაფაზე (მაგნიტით, ჭიკარტით). მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ თავიანთ თხზულებებს, ხოლო კლასელები გამოიცნობენ, რომელი ნაწარმოები “დაესიზმრა” მის ავტორს (ავტორის გვერდით მსხდომმა მოსწავლეებმა საიდუმლო არ უნდა გათქვან). შემდეგ კლასი იმსჯელებს, რამდენად ადეკვატური იყო აღწერა და ემოცია.

  

რესურსები:

სხვადასხვა მუზეუმის ღია ბარათების ნაკრები ან რეპროდუქციები, საწერი ფურცლები, საწერი კალმები, ნაწყვეტი აკირა კუროსავას ფილმიდან (იხ. ინტერნეტრესურსი), პროექტორი.

 

ინტერნეტრესურსი:

ნაწყვეტი იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმიდან