1. მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას.

1. აქტივობა

მოსწავლეები შეისწავლიან ტროას ომისა და მისი გმირის – აქილევსის ისტორიას, გააანალიზებენ ჰომეროსის “ილიადას” ისტორიებს, მათ მიხედვით სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე (იხ. ვიზუალური მასალა). ბოლოს შექმნიან საკუთარ ნახატს, რომელზეც ასახავენ ლიტერატურული წყაროდან ცნობილ ამბავს.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: “ილიადა” და “ოდისეა”, სავარაუდოდ, შეიქმნა ძვ. წ. 750-700 სს-ში. მათში გადმოცემულია ტროას ათწლიანი ომისა (“ილიადა”) და ბერძენი გმირის ოდისევსის სახლში დაბრუნების ისტორია (“ოდისეა”). ორივე პოემა შეიცავს საგმირო ამბებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ეს ამბები რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, ომი კი – ჰომეროსის დაბადებამდე ასობით წლით ადრე მოხდა (აქვე შეიძლება გაიხსენონ ისტორია ტროას აღმოჩენის შესახებ).

მეცნიერები კამათობენ ჰომეროსის ავტორობის თაობაზე. დღემდე უცნობია, რა დროიდან მოდის ეს პოემები, რადგან ისინი ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა და გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ხუთი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე, ძვ. წ. VIII ს-ში არ ჩაიწერეს.

გმირებისა და ღმერთების ისტორიები ასახულია ბერძნულ ლარნაკებსა და რელიეფებზე. პოეტები და მუსიკოსები მათ სახალხოდ წარმოადგენდნენ ბერძნული ქალაქების მოედნებზე. და მაინც, როგორც ისტორიული წყარო, ეს ნაწარმოებები არ არის სანდო, რადგან უტყუარ ფაქტებს ვერ იძლევა – დროთა განმავლობაში პოემაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ისტორია ხალხმა შეალამაზა და გააზვიადა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოემაში აღწერილი სიყვარულისა და ომის ამბების კითხვა დღემდე დიდ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს.

• მოსწავლეები კითხულობენ ნაწყვეტს “ილიადადან” (მასწავლებელი სვამს კითხვას: “თქვენი აზრით, რა ხიბლავს XXI საუკუნის ადამიანებს ანტიკური ხანის ეპოსში?”);
• მოსწავლეები ათვალიერებენ ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილ ილუსტრაციებს (სასურველია, მოსწავლეებმა წაიკითხონ ან მასწავლებელმა წაუკითხოს ილუსტრაციებზე ასახული ეპიზოდების შესაბამისი ნაწყვეტები პოემიდან);
• მსჯელობენ, როგორ არის ასახული ისტორია თითოეულ მათგანზე, რაზე მეტყველებს გარემო, პერსონაჟების მიმიკა, ჟესტიკულაცია, პოზები, კოსტიუმები, აქსესუარები, საგნები (მასწავლებელი განმარტავს, რომ სიშიშვლე იძლეოდა მამაცი მეომრის, გმირის ნავარჯიშევი, ვაჟკაცური სხეულის ჩვენების შესაძლებლობას). მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ დრამატიზმის გადმოცემის მხატვრულ ხერხებზე. ნანახი ილუსტრაციების მიხედვით მოსწავლეები შეადარებენ სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებს, სტილისტურ ნიშნებს. შემდეგ განსაზღვრავენ, რას ისახავდა მიზნად ხელოვანი ნამუშევრის შექმნის პროცესში. ისაუბრებენ იმაზე, თუ რას შეცვლიდნენ ნაწარმოებებში და პოემის რომელ ეპიზოდს აირჩევენ თავად, რა მასალაში იმუშავებენ და რატომ და რაზე გაამახვილებენ ყურადღებას ეპიზოდის ასახვისას;
• სასურველია, ნახონ რეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის მიერ 1997 წელს გადაღებული ფილმი “ოდისეა” ან თვითონ მოიძიონ ამ თემაზე სხვა ფილმი;
• მოსწავლეები თავად ასურათებენ კლასში წაკითხულ ან მათთვის ცნობილ ეპიზოდს (დავალების ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს თხრობითობა, გმირის ასახვა რთულ პოზაში, მოძრაობაში, შესაბამისი კოსტიუმის, აქსესუარებისა და გარემოს ასახვა).

 

შენიშვნა:

შესაძლებელია, მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს ამ პოემის თანამედროვე გამოძახილი – “სიმფსონების” ანიმაციური ფილმის I სეზონის მე-3 ეპიზოდი, რომელიც “ოდისეას” ეყრდნობა. შეადარებინოს ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაცია მანამდე განხილულ ნაწარმოებებს. ამის შემდეგ უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს, დახატონ მათ მიერ შერჩეული ეპიზოდის ამსახველი კომიქსი.

თანამედროვეობასთან კავშირის დასამყარებლად მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება, თანამედროვე ეპიკური, საგმირო ისტორიის შედარება ჰომეროსის ისტორიასთან (მაგალითად, “ვარსკვლავური ომები”). შეიძლება მოსწავლეებმა დაწერონ ესე “ეპიკური გმირი წარსულში და დღეს”.

 

ვიზუალური მასალა:

ლირაზე დამკვრელები და მარმარილოს რელიეფი

რომაული რელიეფი, იან დე ბრეი

ჟერარ დე ლერესი

 

ინტერნეტრესურსი:

ამავე სცენის სხვა ფერწერული ვერსიები იხ: 

http://viticodevagamundo.blogspot.com/2011/06/achilles-at-court-of-king-lycomedes.html

http://www.lessing-photo.com/dispimg.asp?i=10040244+&cr=44&cl=1

 

სცენები “ილიადადან”

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VIII.11. ინდიკატორი 1. მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას.

კავშირი სხვა საგნებთან: ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა