1. იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციებისა და ემოციების გადმოსაცემად

1. აქტივობა “მნიშვნელოვანი დღე” 

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რეპროდუქციებს: ედვარდ მუნკის “კივილი” და ვინსენტ ვან გოგის “აყვავებული ნუშის ტოტი”. მოსწავლეები მსჯელობენ, რა ემოციებს ასახავს თითოეული ნაწარმოები. მასწავლებელი მოკლედ უამბობს თითოეული მათგანის შექმნის შესახებ (იხ. ინფორმაცია მასწავლებლისთვის).

შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ მათთვის რაიმე ნიშნით გამორჩეული დღე და დახატონ. ნახატში უნდა ჩანდეს ემოცია ამ დღის მიმართ – დადებითი ან უარყოფითი. ემოციის გადმოსაცემად უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მხატვრული ხერხი. მაგალითად, თუ დღეს რაიმე სასიხარულო ამბავი უკავშირდება, გამოიყენონ მეტი ფერადოვნება, ინტენსიური, მხიარული ფერები, ძლიერი მსხვილი მონასმები, ხოლო თუ დრამატულ მოვლენას ახსენებთ – ის შეიძლება მუქი ფერებით, ტეხილი მონასმებით გადმოსცენ და ა.შ.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ედვარდ მუნკი ნახატის – ,,კივილის” – შექმნის შესახებ წერდა: “ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა და უეცრად ცა სისხლივით გაწითლდა... არაქათი გამომელია, შევჩერდი და ღობეს დავეყრდენი – შევცქეროდი სისხლსა და ცეცხლის ალებს მოლურჯო–მოშავო ფიორდისა და ქალაქის თავზე... ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი, მღელვარებისგან ვთრთოდი და შევიგრძნობდი უსასრულო კივილს, ბუნება რომ გაემსჭვალა”.

ვან გოგმა “აყვავებული ნუშის ტოტი” მიუძღვნა ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო ამბავს – 1890 წლის 31 იანვარს ძმისშვილისა და სეხნიის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის დაბადებას.

  

ვიზუალური მასალა:

ვიზუალური მასალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაშის საღებავი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები.