1. ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს.

1. აქტივობა I. “დროის ხაზი”

მუყაოს ვიწრო, მაღალი ცილინდრებისა და პაპიე-მაშესგან მოსწავლეები ამზადებენ სვეტების 3-განზომილებიან მაკეტებს, რომელთა კაპიტელები მიუყვება დროის ხაზს: ეგვიპტური დახურული და გახსნილი ლოტოსი, პერსეპოლისის – ხარებისთავიანი, კრეტაზე – კნოსოსის სასახლის, ბერძნული – დორიული, იონიური, კორინთული, შემდეგ რომაული, ბიზანტიური, რენესანსული და ასე შემდეგ, დამთავრებული გაუდის სტილიზებული სვეტებით. სასურველია, ამ “ჯაჭვში” ჩაერთოს ბოლნისის სიონის კაპიტელიც.

 

რესურსები:

მუყაოს ვიწრო, მაღალი ცილინდრები (გამოდგება სამზარეულოში მოსახმარი ქაღალდის ხელსაწმენდების მოგრძო რულონების გული), ფერადი ქაღალდები, წებო, გუაში, ფლომასტერები, ფუნჯები და სხვა ნებისმიერი მასალა.

 

ვიზუალური მასალა:

პერსეპოლისის სვეტები 

ლუქსორის ტაძარი და ძველი კრეტა 

ძველი საბერძნეთი

სვეტები და სვეტისთავები  

სვეტები რომსა და ესპანეთში

ბაროკო და მოდერნი სტილი

 მოდერნი სტილის სვეტები

 

თანამედროვე სვეტები

 

1. აქტივობა II “ანტიკვარი”

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, წარმოიდგინონ თავი ანტიკვარებად – ანტიკვარიატითა და ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრედ. ურიგებს მათ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების (ფარდაგი, ხალიჩა, ავეჯი, ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი და ა. შ.) ფერად ფოტოებს. მოსწავლეებს ევალებათ, მისწერონ წერილი პოტენციურ მყიდველს, აღწერონ ნამუშევარი, მისი ღირსებები და დაარწმუნონ მყიდველი, რომ ეს იქნება სარფიანი შენაძენი. დავალების შესასრულებლად მოსწავლეები:

1. გონებრივი იერიშით ჩამოწერენ ზედსართავ სახელებს, რომლებიც დაეხმარებათ ნაწარმის დახასიათებაში;
2. მოიძიებენ ინფორმაციას ეპოქის სტილისა და მოდური ნაკეთობების შესა­ხებ;
3. მოიძიებენ ინფორმაციას ეპოქის შესაბამისი დარგის ოსტატების შესახებ;
4. მისწერენ მუშტარს წერილს.

შესაძლებელია, გათამაშდეს ანტიკვარისა და მყიდველის საუბარი, რომლის დროსაც ანტიკვარი ეცდება დაარწმუნოს მუშტარი, შეიძინოს შეთავაზებული ნივთი. ასევე, შესაძლებელია გათამაშდეს წარმოსახვითი აუქციონი [მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს კრისტისა (Christie’s) და სოტბის (Sotheby’s) აუქციონებზე]. აუქციონზე გამყიდველმა უნდა წარადგინოს ნამუშევარი, ისაუბროს ეპოქის, სტილის, ოსტატის, დიზაინის, მასალის შესახებ. სასურველია, ჩართოს თანამედროვე ისტორიული პირები, რომელთა საკუთრებაც შეიძლება ყოფილიყო გასაყიდი ნივთი.

 

ვიზუალური მასალა:

ფერადი ფოტოები შემდეგი ნივთების გამოსახულებებით: ფარდაგი, ხალიჩა, ავეჯი, ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი (ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები – რენესანსული, ბაროკოს, როკოკოს, არტ ნუვოს, არტ დეკოსა და სხვ. სტილის ნაწარმოებები).