5. თემა “არტ გალერეა”

მიზანი: გალერეისა და საგამოფენო საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება, გამოფენის ორგანიზება და მოწყობა

 

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.14. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.

ინდიკატორი 2. საუბრობს მუზეუმებისა და გალერეების როლზე ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში.

 

ს.გ.VII.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

ინდიკატორი 1. განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემასა და მიზანს;

ინდიკატორი 2. აწყობს გამოფენას და მონაწილეობს მასში. 


ს.გ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.

ინდიკატორი 1. ანაწილებს ფუნქციებს, შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე;

ინდიკატორი 2. განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადას და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;

ინდიკატორი 3. მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში.


ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 1. კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;

ინდიკატორი 2. განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად.

 

ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.

ინდიკატორი 1. მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;

ინდიკატორი 2. ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;

ინდიკატორი 3. ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);

ინდიკატორი 4. ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;

ინდიკატორი 5. ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.

 

ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 1. გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულებელთა რაოდენობას და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;

ინდიკატორი 2. გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს.

 

აქტივობა I

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, რა იციან სამხატვრო გალერეების შესახებ? თუ ყოფილან და რომელში? რომელი მხატვრის/მხატვრების გამოფენა ნახეს? მოეწონათ თუ არა ნამუშევრები და ექსპოზიცია?.. მოსწავლეები საუბრობენ.

შემდეგ ისინი ჯგუფებად გადანაწილდებიან. თითოეული ჯგუფი რომელიმე წარმოსახვითი სამხატვრო “გალერეის” წარმომადგენელი იქნება, რომლის სახელსაც თავად მოიფიქრებენ. “გალერეებისთვის” საგამოფენოდ მათ უნდა შეარჩიონ სხვა კლასების მოსწავლეთა ნამუშევრები (ეს შეიძლება იყოს თემატური, ჯგუფური ან რომელიმე ერთი მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა და ა. შ.).

გამოფენამდე მასწავლებელი სთავაზობს, დაგეგმონ ექსკურსია რომელიმე სამხატვრო გალერეაში, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია მასზე. ექსკურსიის დროს მოსწავლეები არა მარტო დაათვალიერებენ ექსპოზიციას, არამედ კონსულტაციებსაც გაივლიან გალერეის წარმომადგენლებთან. ამისთვის ჯგუფები საგანგებოდ მოემზადებიან – მოიფიქრებენ კითხვებს, რომლებსაც დაუსვამენ გალერეის თანამშრომლებს, გამოფენების ორგანიზატორებს და ა. შ.

 

აქტივობა II – “ექსკურსია ხელოვნების გალერეაში”

ექსკურსიის დროს მოსწავლეები ათვალიერებენ გამოფენას, ექსპოზიციას, გალერეის სარეკლამო პოსტერებს, ლოგოს, გამოფენებისთვის დამზადებულ აფიშებს, ესაუბრებიან გალერეის თანამშრომლებს, უსვამენ კითხვებს, მოუთხრობენ სასკოლო გამოფენის შესახებ, იღებენ რჩევებს და ა.შ.

 

აქტივობა III

ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები სასკოლო გამოფენისთვის ემზადებიან. მსჯელობენ ჯგუფებში, სავარაუდოდ რომელი მოსწავლის/მოსწავლეების ნამუშევრებს შეარჩევდნენ. მსჯელობენ საორგანიზაციო საკითხებზე. ითვალისწინებენ გალერეაში მიღებულ რჩევებს.

მასწავლებელი ეხმარება სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეთა ნამუშევრების მოძიებაში (სასურველია, ამ გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინონ თავიანთი პორტფოლიოებიდან ე.წ. დაწუნებული ნამუშევრებიც – შესაძლოა, მათ შორისაც აღმოჩნდეს “გალერეის” წარმომადგენლისთვის საინტერესო რამ).

 

აქტივობა IV

საერთო სასკოლო გამოფენის მსვლელობისას სხვადასხვა “გალერეის” წარმომადგენლები მოწონებულ ნამუშევრებს მიაკრავენ ფერად სტიკერს (თითოეულ “გალერეას” განსხვავებული ფერის სტიკერები უნდა ჰქონდეს). თითოეული “გალერეისთვის” შეირჩევა რამდენიმე ნამუშევარი (მონაწილეთა რაოდენობისა და სკოლის კონტინგენტის მიხედვით). შესაძლოა, ერთი და იგივე ნამუშევარმა რამდენიმე “გალერეის” ყურადღება მიიპყროს და რამდენიმე სტიკერი მოაგროვოს.


მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ინდიკატორი 1. საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);

ინდიკატორი 2. აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით).

ს.გ.VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარსა და აზრს.

ინდიკატორი 1. კორექტულია სხვის შეცდომებზე საუბრისას;

ინდიკატორი 2. ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ.

 

ს.გ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 7. აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის.

ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;

ინდიკატორი 2. აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;

ინდიკატორი 3. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;

ინდიკატორი 4. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის კოლორიტზე;

ინდიკატორი 6. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს, საუბრობს, რომელი უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ ანიჭებს მას უპირატესობას.


ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 7. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს.

 

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;

ინდიკატორი 2. მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგალითად, იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);

ინდიკატორი 3. მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით;

ინდიკატორი 4. გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.

 

ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 5. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის მოსაწვევი და მისალოცი ბარათების ესკიზებს, ასევე ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს.


აქტივობა V “გამოფენა გალერეებში”

საერთო სასკოლო გამოფენაზე შერჩეულ ნამუშევრებს “გალერეები” თავიანთ მოწყობილ საგამოფენო კუთხეში გამოფენენ. ეს შეიძლება იყოს საკლასო ოთახი (ან სხვა სივრცე). ნამუშევრებს, რომლებზეც რამდენიმე სტიკერი აღმოჩნდება, ცალკე გამოფენენ.

ჯგუფები თითოეულ შერჩეულ ნამუშევარზე შეადგენენ ანკეტას. ანკეტაში შევა ინფორმაცია ნამუშევარზე, რომელიც მოიპოვეს ავტორთან ურთიერთობის შედეგად.

თითოეული გალერეის წარმომადგენელი (ჯგუფმა უნდა გამოყოს ერთი მოსწავლე, რომელიც ისაუბრებს მთელი ჯგუფის სახელით) ასაბუთებს, რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ნამუშევარი, რამ მიიპყრო მათი ყურადღება, რა ნიშნებით გამოარჩიეს სხვებისგან, რა მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები გამოიყენა ავტორმა ნამუშევარში იდეის გადმოსაცემად და რამდენად წარმატებულად და ა. შ. (იხ. კითხვარი “ნახატის კითხვა”, გვ. 288 )

 

აქტივობა VI – ღია გამოფენა

ავტორთა თანხმობით ეწყობა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უკვე ღია გამოფენაზე, რომელზეც მოიწვევენ მშობლებს, მეგობრებს, ცნობილ ხელოვანებს, ცნობილი გალერეების წარმომადგენლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ა. შ. გამოფენისთვის მოსწავლეები ჯგუფებში დაამზადებენ მოსაწვევ ბარათებს, აფიშებს, სარეკლამო პლაკატებსა და ა.შ. “გალერეის” წარმომადგენლებმა შეიძლება ინტერვიუ ჩამოართვან ავტორებს და სთხოვონ, წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები. შესაძლოა, რომელიმე მოსწავლემ ისურვოს და ზოგადად ამ გამოფენის შესახებ დაწეროს სტატია სასკოლო გაზეთისთვის, ან მიიწვიონ ჟურნალისტები, ტელევიზია და ასე გაუწიონ პოპულარიზაცია თავიანთ სკოლასა და თანასკოლელების შემოქმედებას. სასურველია, თითოეულმა გალერეამ გახსნას Fაცებოოკ-ის გვერდი და იქ განათავსოს შერჩეული ნამუშევრები და ა. შ.

 

რესურსები:

დიდი ზომის სახატავი ფურცლები, ფერადი ფურცლები, ფერადი სტიკერები, საწერი კალმები, აკვარელი, გუაში, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, საშლელი, მაკრატელი, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

შეფასება:

მოსწავლეები ფასდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად:

• გააცნობიერეს გალერეისა და საგამოფენო საქმიანობის მნიშვნელობა;
• შეძლეს გამოფენის ორგანიზება და მოწყობა.