5 სიტყვა - 3 სიტყვა (ფრაზა)

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა გონებრივი იერიშის ერთ-ერთი ვარიაციაა და წერის წინა ეტაპზე გამოიყენება. მისი მეშვეობით, მოსწავლეები წინასწარ  განსაზღვრავენ მომავალი წერითი დავალების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს/საკითხს, შეძლებენ საკუთარი იდეების ორგანიზებას.

 

აქტივობის მიზნები

  • ინფორმაციის ორგანიზებისა და წერილობით წარმოდგენის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ლოგიკური აზროვნების (არგუმენტირებული, დასაბუთებული მსჯელობის) უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (თანამშრომლობის უნარის) განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 წყვილური/ჯგუფური.

 

რესურსები

კალამი, ბარათები, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებს ევალებათ თხრობითი ტექსტის დაწერა ერთ რომელიმე საკითხზე. მანამდე, სანამ მოსწავლეები ტექსტის წერას შეუდგებიან, მასწავლებელი დაყოფს მოსწავლეებს წყვილებად ან პატარა ჯგუფებად და სთხოვს მათ, ინდივიდუალურად მოიფიქრონ და დაწერონ 5 სიტყვა/ფრაზა შესასრულებელი წერითი სამუშაოს თემაზე.

ინდივიდუალური სამუშაოს შესრულების შემდეგ, იწყება მუშაობა წყვილებში ან პატარა ჯგუფებში მეწყვილის/ჯგუფის წევრების მიერ მოფიქრებული ვარიანტებიდან სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის/ფრაზის შერჩევის მიზნით. წყვილებში/ჯგუფებში  მუშაობის შედეგად, მოსწავლეები შეარჩევენ სამ ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას /ფრაზას, რომლებსაც წარუდგენენ მთელ კლასს. წარდგენისას მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რატომ

შეაჩერეს არჩევანი ამ ვარიანტებზე.

სამუშაოს გაადვილების მიზნით, სასურველია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს დაურიგოს მცირე ზომის ხუთ-ხუთი ბარათი. ეს გაამარტივებს წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის პროცესს: ბარათებით მუშაობა მოსწავლეებს გაუადვილებს დაწუნებული ვარიანტებისა და განსხვავებული იდეების აღქმას.

  

ნიმუში:

მოიფიქრეთ 5 სიტყვა/ფრაზა, რომლებიც გახსენდებათ ოლიმპიადის შესახებ.

სიტყვები/ფრაზები

აქტივობის ხანგრძლივობა - 17-18 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ·ინფორმაციის შეჯამება, შეჯერება, ორგანიზება;
  • ·არგუმენტირებული, დასაბუთებული მსჯელობა;
  • ·თანამშრომლობა;
  • ·ნამუშევრის პრეზენტაცია.