სანიმუშო აქტივობები და სცენარები

ამობეჭდვა

4. თემა “კაპიტელი”

მიზანი: კლასიკური არქიტექტურული ორდერის გაცნობა;

ანტიკური ტაძრის გამოსახვა ძირითადი პროპორციებისა და დეტალების გათვალისწინებით; ახალი ტერმინების გაცნობა და ადეკვატური გამოყენება;

სტილიზებული კაპიტელის შექმნა.

 

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ინდიკატორი 3. ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;

ინდიკატორი 4. ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.


ს.გ.VII.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

ინდიკატორი 2. ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით.


ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ინდიკატორი 1. ადარებს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;

ინდიკატორი 4. ადარებს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.

 

ს.გ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.

ინდიკატორი 4. კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი და თანამედროვე).


აქტივობა I

მოსწავლეები ათვალიერებენ ძველი ბერძნული ტაძრების ფოტოებს. მასწავლებელი ეკითხება, რა საერთო დამახასითებელი ნიშანი აქვთ ამ ტაძრებს (სვეტები). შემდეგ სთხოვს, კარგად დააკვირდნენ, ერთნაირია თუ არა სამივე ფოტოზე სვეტები. სავარაუდოდ, მოსწავლეები უპასუხებენ, რომ მათ განსხვავებული სვეტისთავები, ანუ კაპიტელები აქვთ.

კაპიტელები

 

იონიური სვეტნარი 

 კორინთული სვეტნარი

დორიული სვეტები

არტემიდეს ტაძარი ეფესოში

რომის პანთეონი

რომის კოლოსეუმი

მასწავლებელი უამბობს ძველი ბერძნული სვეტებისა და ორდერული სისტემის შესახებ.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: არქიტექტურული ორდერი არის არქიტექტურული კომპოზიცია, სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქცია და წყობის განმსაზღვრელი კანონები. ფართო გაგებით ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის, ბაბილონურ-ასურულ და ძველ სპარსულ ხუროთმოძღვრებაში, კლასიკურ სისტემად ჩამოყალიბდა ძველ ბერძნულ არქიტექტურაში (ძვ. წ. V ს.) და გავრცელდა ევროპის მრავალი ქვეყნის კლასიკურ არქიტექტურაში. კლასიკური ბერძნული არქიტექტურული ორდერებია: დორიული, იონიური და კორინთული (იმ ოლქებისა და ტომების სახელწოდებების მიხედვით, სადაც ეს ორდერები შეიქმნა). ძველ რომში ჩამოყალიბდა ტოსკანური ორდერი და კომპოზიტური (კომპოზიტი) ანუ რთული ორდერი (შედგენილია კორინთული ორდერის აკანთის ფოთლებისა და იონიურის ვოლუტების შერევით).

დორიულ ორდერს ბაზისი არ აქვს. მისი სვეტი ზევით ვიწროვდება და შვეული კანელურებით არის დაღარული. შუა ნაწილი კი გამსხვილებულია (ენთაზისი). სვეტს კაპიტელი ეყრდნობა, მას მოსდევს ქვის კოჭი – არქიტრავი, ტრიგლიფებითა და მეტოპებით დანაწევრებული ფრიზი და შემდეგ კარნიზი.

იონიურ ორდერს აქვს ბაზისი, ზევით შევიწროვებული კანელურებიანი სვეტი და ვოლუტებიანი კაპიტელი. არქიტრავი სამი ჰორიზონტალური ზოლისგან შედგება. ფრიზი დანაწევრებულია და ზოგჯერ რელიეფებითაა შემკული.

კორინთული ორდერი ყველაზე დეკორატიულია ბერძნულ ორდერებს შორის. კაპიტელი შექმნილია აკანთის (Acanthus) სტილიზებული ფოთლებითა და ვაზის ულვაშების ხვეულებით კუთხეებში.

ტოსკანური ორდერი დორიულის სახესხვაობაა, ხოლო კომპოზიტური – კორინთულისა და იონიურის.


ორდერის სიმაღლისა და პროპორციების საზომად მიჩნეულია სვეტის ფუძის დიამეტრის ნახევარი.

 არქიტექტურული ორდერი

სვეტებს განსხვავებული პროპორციები აქვს. დორიული ორდერის სვეტი მასიურია, მონუმენტური და სადა, მძიმე, მორთულობის გარეშე, პროპორციებით მამაკაცს ადარებენ. იონიური ორდერის სვეტი უფრო მსუბუქია, დახვეწილი, დორიულისგან განსხვავებით მისი კაპიტელი დეკორატიულია და ვოლუტებით არის შემკული, პროპორციებით ქალს ადარებენ. კორინთული ორდერის სვეტი ქალიშვილს ჰგავს – ის უფრო ტანწერწეტაა, მოხდენილი, დეკორით მდიდარი, მისი კაპიტელი ყვავილებითა და ფოთლებით სავსე კალათის მსგავსია.

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ბერძნული ორდერის სვეტებს დღემდე იყენებენ. ეკითხება, უნახავთ თუ არა მსგავსი სვეტები თავიანთ ქალაქში, სოფელსა და ა. შ. და სთხოვს, თუ შეძლებენ, გადაუღონ ფოტოები. მოსწავლეები იხსენებენ, მოაქვთ ფოტოები შემდეგი გაკვეთილისთვის.

 

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. პეიზაჟის, ქუჩის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს;

ინდიკატორი 3. ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს, მაგალითად, ხედვის წერტილებს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;

ინდიკატორი 9. ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.

 

ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 1. იყენებს ფერის გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად.

 

ს.გ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. იყენებს მონასმებს, კონტრასტებს, აქცენტებს, დეტალებს, ფაქტურას, შერეულ მასალას ნამუშევარში განწყობილების და იდეების გადმოსაცემად.


შემდეგ მოსწავლეები ხატავენ, ძერწავენ, ან აკეთებენ სვეტების ან ძველბერძნული ტაძრების მაკეტებს, აპლიკაციებსა და ა. შ., ცდილობენ პროპორციების დაცვას. ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე. ტაძრებს გამოსახავენ პეიზაჟის ფონზე, იყენებენ პერსპექტივის კანონებს, ხედვის წერტილებს, ჰორიზონტის ხაზს და სხვ.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.ancientgreece.co.uk/acropolis/challenge/cha_set.html

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, მუყაო, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, ფუნჯები, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

კავშირი: უცხოური ენები – ინგლისური

 

აქტივობა II

მოსწავლეები გამოფენენ ფოტოებს ან აკეთებენ პრეზენტაციას. მსჯელობენ, რომელი არქიტექტურული ორდერია წარმოდგენილი ამა თუ იმ ფოტოზე და ჩამოთვლიან მის შემადგენელ ნაწილებს, იყენებენ შესაბამის ტერმონოლოგიას.

 

აქტივობა III

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ამ აქტივობისთვის მოიტანონ ყვავილები, ტოტები, ბალახები, სხვა მცენარეები, ასევე კალათი.

მასწავლებელი უამბობს კორინთული ორდერის შექმნის ისტორიას.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ძვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრის რომაელ ხუროთმოძღვრის, ინჟინრისა და არქიტექტურის თეორეტიკოსის, ვიტრუვიუსის გადმოცემით, კორინთოში ცხოვრობდა გოგონა, რომელიც ავად გახდა და გარდაიცვალა. 

სვეტი

დამწუხრებულმა ძიძამ შეაგროვა მისი საყვარელი ნივთები, რომლებსაც გოგონა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, ჩააწყო კალათში და მის საფლავზე დადო. ღია ცის ქვეშ დიდხანს რომ შენახულიყო, კალათს ზემოდან კრამიტი დააფარა.

კალათის ქვეშ შემთხვევით მცენარის – აკანთის ფესვი აღმოჩნდა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად აკანთის ღეროები და ფოთლები მიწიდან ამოიწვერა, კალათს გარს შემოეხვია და მთლიანად დაფარა. კრამიტის სიმძიმის ქვეშ კი ფოთლები და ღეროები მომრგვალდა, დაიხვა.

აკანთით მორთული ეს კალათა შემთხვევით დაინახა სახელგანთქმულმა ბერძენმა არქიტექტორმა და მოქანდაკემ, კალიმაქემ (ძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარი), მოიხიბლა ამ სანახაობით – ფოთლებისა და ღეროების უჩვეულო ფორმითა და სინაზით – და გადაწყვიტა კორინთოში გაეკეთებინა რამდენიმე სვეტი აკანთის ფოთლებიანი კალათის მსგავსი კაპიტელით.

კალათზე შემოხვეული აკანთის ფოთლები აკანთის ყვავილები და ფოთლები

 აკანთის ყვავილი " src="http://ncp.ge/files/subjects/estetikuri%20agzrda/saxviti%20da%20gamoyenebiti%20xelovneba/sabazo/vizualuri%20masala/_________/akanTis%20yvavili.png" alt="აკანთის ყვავილი " width="600" />

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს სხვადასხვა მანერით (ხაზი, შტრიხი, მონასმი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯები, კალამი და მცენარის ღეროები). 

ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. ქმნის დეკორატიულ ნამუშევარს გრაფიკული ხერხებით (მაგალითად, კონტურით, ხაზით, შტრიხით).

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ინდიკატორი 2. გამოსახავს სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტისა და ნატურმორტის ხატვის დროს;

ინდიკატორი 4. ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით.

ს.გ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას. 

ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორი 3. ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრანსპორტი, ინვენტარი და სხვ.) და გარემოს (ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, პარკი და სხვ.) დიზაინის ესკიზებს კონკრეტულ სტილში (მაგალითად, ეთნო, კლასიკა, რეტრო, მოდერნი, მინიმალიზმი, თავისუფალი და სხვ.).

შემდეგ მოსწავლეები შეკრავენ თაიგულს მოტანილი მცენარეებისგან, მოათავსებენ კალათში და ჩაიხატავენ. მასწავლებელი სთავაზობს, ამ ჩანახატების მიხედვით შექმნან სვეტისთავები. მუშაობისას შეიძლება გამოიყენონ მცენარეთა სტილიზებული გამოსახულებები.

 

აქტივობა IV

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს შუა საუკუნეების ევროპული ტაძრების კაპიტელების ფოტოებს. მათზე ამოკვეთილია სკულპტურული გამოსახულებები ბიბლიურ და სხვა სიუჟეტებზე.

ვეზლეს სააბატო და სან-ლაზარის ტაძარი

სენ-პიერის ტაძარი 

კაპიტელი, ვეზლეს სააბატო, XII ს., საფრანგეთი კაპიტელი, სან-ლაზარის ტაძარი ოტენში, XII ს., საფრანგეთი

ენ-ესტრემუანის ტაძარი

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგალითად, ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;

ინდიკატორი 4. გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს.

ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია ასახვა ნამუშევარში.

ინდიკატორი 3. იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის;

ინდიკატორი 5. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად;

ინდიკატორი 6. გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ, იდეას სიმბოლოების საშუალებით (მაგალითად ქმნის კლასის, სკოლის, გუნდის ემბლემას).

ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ინდიკატორი 4. ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია ჯგუფმა დასახულ მიზანს – რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);

ინდიკატორი 5. საუბრობს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე;

ინდიკატორი 6. მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.

 

ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს ასახვის გზებს ნამუშევარში.

ინდიკატორი 2. იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისთვის;

ინდიკატორი 4. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.

 

ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 2. აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.

 

ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.

ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს.


მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, ჯგუფებში გადანაწილდნენ, მოიფიქრონ რაიმე სიუჟეტი (ან შეარჩიონ ისტორიიდან ან ლიტერატურიდან) და გამოძერწონ კაპიტელები.

სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

 

II ვარიანტი

ჯგუფები ირჩევენ რომელიმე ადგილს ან დაწესებულებას, მაგალითად, სკოლას, უმაღლეს სასწავლებელს (უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, კონსერვატორია და ა.შ.), სტადიონს, ცირკს, ზოოპარკს, გასართობ ცენტრს, კაფესა და ა.შ. და ხატავენ (ან ძერწავენ, აკეთებენ მაკეტს) ისეთ კაპიტელებს, რომლებიც შინაარსობრივად ასახავენ დაწესებულების/ადგილის დანიშნულებას. სამუშაოს დასრულების შემდეგ სხვა ჯგუფების წევრები ცდილობენ ამოიცნონ, რას ასახავს კაპიტელი.

 

რესურსები:

პლასტილინი, თიხა, ხის წკირები, გუაში, ფუნჯები, სხვა მასალა.

 

კავშირი სხვა საგნებთან: ქართული ენა, უცხოური ენები, საზოგადოებრივი მეცნიერებები – ისტორია.

 

შეფასება:

მოსწავლეები ფასდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

• ანტიკური ტაძრის დახატვის უნარი ძირითადი პროპორციების დაცვით;
• სხვადასხვა სიუჟეტის კომპოზიციის ასახვის უნარი კაპიტელის სახით;
• ტერმინების გამოყენების უნარი.