3. ქმნის წარმოსახვითი სახელმწიფოს გერბს, დროშას, ასევე, სკოლის, კლასის ლოგოს.

3. აქტივობა I “კლასის ლოგო”

მოსწავლეები ჯგუფებში მოიფიქრებენ და შეარჩევენ, რა შეიძლება იყოს (ნივთი, არსება, რაიმე გამოსახულება და სხვ.) მათი ჯგუფის, სკოლის, ქალაქის, ქვეყნის, გუნდისა და სხვ. სიმბოლო.

თითოეული ჯგუფი მუშაობს ამ სიმბოლოების შერჩევაზე. შერჩეული 4 ან 5 სიმბოლოს დიდი ზომის გამოსახულებებისგან შეადგენენ კომპოზიციას (სიმბოლოები უნდა იყოს სხვადასხვა ფერის და დაიფეროს ისე, რომ გადაკვეთის ადგილებში გამოჩნდეს ყველა გამოსახულების კონფიგურაცია).

 

შენიშვნა:

ამავე პრინციპით, მოსწავლეებმა შეიძლება დახატონ საკუთარი, პერსონალური სიმბოლური კომპოზიცია, საერთო სასკოლო ან რომელიმე ჯგუფის – ცეკვის, სიმღერის, სპორტული წრის ლოგო და ა. შ.

 

ვიზუალური მასალა:

ნიმუშები:

 ნიმუშები

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაში, აკვარელი, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

3. აქტივობა II. “გერბი და ჰერალდიკა”

მოსწავლეები ათვალიერებენ ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილ (ასევე სხვა) გერბებსა და ლოგოებს. მასწავლებელი ესაუბრება ჰერალდიკის შესახებ. მოსწავლეებმა შეიძლება გაიხსენონ მათთვის ცნობილი გერბებიც.

გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას – შექმნან ოჯახის საგვარეულო გერბი მათ მიერ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. თუ მოსწავლე რომელიმე, ისტორიულ სათავადაზნაურო გვარს მიეკუთვნება, მან შეიძლება მოიძიოს საგვარეულო გერბი და წარადგინოს კლასის წინაშე (ამ შემთხვევაში შეუძლია გამოთქვას მოსაზრება, რას შეცვლიდა ამ გერბში, რას დაამატებდა და ა. შ.).

 

შენიშვნა:

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ცნება ჰერალდიკა სათავეს იღებს ლათინური სიტყვიდან “herald”, რაც “მაცნეს” ნიშნავს. ჰერალდიკა ისტორიის ერთ-ერთი დარგია, რომელიც გერბებს შეისწავლის (რუს. _ герб, გერმ. - Erbe, რაც მემკვიდრეობას ნიშნავს). გერბი არის ემბლემა, მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, ზედ საგანგებოდ განლაგებული ფიგურებისა და საგნების გამოსახულებებით, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.

გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: 1. სახელმწიფო 2. სამიწაწყლო (ქალაქების, ოლქების, გუბერნიების, პროვინციების) 3. კორპორაციულ (საქმიანობით გაერთიანებული ჯგუფებისა) და 4. საგვარეულო.

ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში არსებობდა სახელმწიფო ემბლემები, მაგალითად, შუმერების ემბლემა ლომისთავიანი არწივი იყო, ეგვიპტის - გველი, სპარსეთის _ არწივი, სომხეთის - გვირგვინოსანი ლომი. ძველი საბერძნეთის ქალაქებს თავ-თავიანთი ემბლემები ჰქონდათ და მათ მონეტებზე გამოსახავდნენ. შუა საუკუნეებში წარმოიშვა და დღესაც არსებობს ქალაქების გერბები: ფლორენციის - წითელი შროშანი, ვენეციის - ფრთოსანი ლომი, პარიზის - ნავი, ლონდონის - ჯვარი და მახვილი.-ევროპაში გერბები რაინდების ერთმანეთისგან გასარჩევად გაჩნდა. ასეთ გერბებზე გამოსახავდნენ რაინდის იარაღს. რაინდები გერბებს ტანსაცმელზე ატარებდნენ, რომ შორიდანვე გაერჩიათ, რომელ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ.

საქართველოში გერბების შესწავლა დაიწყო ვახუშტი ბატონიშვილმა. მის ნაშრომში შესულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები. წარჩინებულ დიდებულებს თავიანთი საგვარეულო გერბები ჰქონდათ.

გერბს ფარის ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია გერბის ფონის ფერიც - ოქროსფერი ფონი ყველაზე მაღალი რანგისაა, შემდეგ მოდის თეთრი (ვერცხლს აღნიშნავს), შემდეგ – ღირსებისა და პატივის მიხედვით, წითელი, ლაჟვარდისფერი, შავი, მწვანე, ძოწისფერი და ა. შ.

გერბის ზედა ნაპირსა და გამყოფ ზოლებს სხვადასხვა მონახაზი აქვთ (იხ: ვიზუალური მასალა). გერბებზე დატანილია სიმბოლური გამოსახულებები:

ცხოველების – ლომი, დათვი, ხარი, ძაღლი, მელა, ცხენი, ზღარბი, სპილო, აქლემი, კატა და ლოკოკინაც კი (პილიგრიმების სიმბოლო).

ფრინველები – არწივი (თუ გერბი იმპერიას ეკუთვნის, არწივი ორთავიანია), მერცხალი, პელიკანი, მამალი, გედი, ფარშავანგი, ბატი.

თევზები, განსაკუთრებით პოპულარულია დელფინი.

ზღაპრული არსებები – დრაკონი, გრიფონი, მარტორქა ცხენი, ქალთევზა და სხვ.

მცენარეები – სამყურა (ოთხყურა, ხუთყურა); ვარდი ინგლისის გერბების უცვლელი ელემენტია, შროშანი – საფრანგეთისა.

ნივთები გამოისახება საქმიანობის მიხედვით – მაკრატელი და სავარცხელი დალაქის ნიშანია; ძაფი, ნემსი და მაკრატელი – მკერავის; ხმალი ან მშვილდ-ისარი – მეომრის; ჯვარი ან მიტრა – სამღვდელოების, ხოლო გვირგვინი – მეფის ოჯახის.

ციური სხეულები – მზე, მთვარე, ვარსკვლავი.

ფრაზა (დევიზი) – მოწოდება ან ღირსების გამომხატველი მოკლე ლოზუნგი (მაგალითად, “ერთგულება და თავდადება” და მრავალი სხვა). წარწერა ზოგჯერ გრაგნილზეა განთავსებული.

საქართველოს დღევანდელ გერბს ამშვენებს წარწერა – “ძალა ერთობაშია”.

 

ვიზუალური მასალა:

გერბი 

ლოგო

 

ინტერნეტრესურსი:

მოცემულ ბმულზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფოს გერბები.