3-2-1

WordSection1">

აქტივობის შესახებ

 

არამხატვრული ტექსტების გამართულად კითხვა წარმატებული, გაწაფული მკითხველის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ეს აქტივობა საშუალებას მისცემს  მასწავლებელს დარწმუნდეს, გაიგო და გაიაზრა თუ არა მოსწავლემ წაკითხული ტექსტი. გარდა ამისა, ეს აქტივობა კითხვის სტრატეგიების დაუფლებასაც გულისხმობს და ხელს უწყობს მოსწავლეს წაკითხულის გააზრებაში.

 

აქტივობის მიზანი

 მოსწავლეები

1. წარმოაჩენენ, გაიგეს თუ არა წაკითხული ტექსტი;

2. დაეუფლებიან კითხვის კონკრეტულ სტრატეგიას წაკითხულის გასააზრებლად.

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, ფანქარი.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი დაფაზე წერს, რა თემას ეხება საინფორმაციო  ტექსტი (მაგ., ჩრდილოეთის დათვი) და სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ, რა იციან მის შესახებ, რასაც იქვე ჩამოწერს მოსწავლეების კარნახით (მაგ., ისინი თეთრი დათვები არიან; ისინი ცხოვრობენ თოვლსა და ყინულში).

2. კითხულობენ ტექსტს, ამუშავებენ მას ლექსიკურად და შინაარსობრივად.

3. ამის შემდეგ მასწავლებელი წერს დაფაზე სათაურს: “3 რამ, რაც აღმოვაჩინეთდა ავალებს მოსწავლეებს, ჯერ ფანქრით გახაზონ ან მარკერით მონიშნონ ტექსტში სამი ასეთი ადგილი, ხოლო შემდეგ რვეულებში გადაიწერონ ისინი. მასწავლებელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასახელონ, რომელი ადგილები ამოიწერეს ტექსტიდან. მასწავლებელი შეარჩევს მათგან სამს და ჩამოწერს  დაფაზე (მაგ., ჩრდილოეთის დათვი ცხოვრობს არქტიკაში; ჩრდილოეთის დათვები, ძირითადად, სელაპებით იკვებებიან; ჩრდილოეთის დათვმა შეიძლება ერთდრო- ულად სამი ბელი დაბადოს).

4. ამის შემდეგ  მასწავლებელი  დაფაზე წერს სათაურს “2  რამ, რითაც  დავინტერესდით. მეორდება იგივე პროცედურა (დაფაზე იწერება, მაგ.: არქტიკაში ბინადრობს 25-დან 40 ათასამდე ჩრდილოეთის დათვი; ჩრდილოეთის დათვს შეუძლია სრულიად შეუმჩნევლად მიეპაროს და თავს დაესხას თავის მსხვერპლს).

5. დაბოლოს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ, რა კითხვა დარჩათ მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მასწავლებელი დაფაზე წერს სათაურს:

“1 კითხვა, რომელიც დაგჩა (მაგ., რამდენ ხანს ცოცხლობენ ჩრდილოეთის დათვები?) .

 

შეფასება

 ამ აქტივობით შეფასდება,

  • გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა წაკითხული ტექსტის შინაარსი;
  • რამდენად გააზრებულად შეუძლიათ მოსწავლეებს ტექსტის წაკითხვა;
  • შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს შესაბამისი ადგილების პოვნა და ამოწერა წაკითხული ტექსტიდან.

 

მეთოდური მითითება

1. ამ აქტივობის მოდიფიცირება და გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი უფრო მაღალ კლასებშიც კითხვის სტრატეგიების დაუფლებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული შედეგების მისაღწევად. ეს  შედეგებია: IV.10, V.12  და VI.13;

2. მოსწავლეთა ასაკისა და უნარების გათვალისწინებით, მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა სახით მოითხოვს იგი წერითი დავალების შესრულებას. ამ ეტაპზე ალბათ საკმარისი იქნება, თუ მოსწავლეები ტექსტიდან პირდაპირ გადაიწერენ სამ აღმოჩენას და ორ საინტერესო ადგილს. უფრო მაღალ კლასებში კი შესაძლებელია მათ მოვთხოვოთ წაკითხულის შეჯამება და/ან პერეფრაზირება.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ამგვარი აქტივობები კარგ საშუალებას იძლევა ინტერდისციპლინარული კავშირების დასამყარებლად. საინფორმაციო, შემეცნებითი თუ სხვა ტიპის არამხატვრული ტექსტების შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერი სფეროდან, მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების, ინტერესებისა და მომიჯნავე საგნების პროგრამების გათვალისწინებით.