13. კონსტრუქტორის სქემების და დეტალების გამოყენებით აგებს მარტივ ელექტროსათამაშოს.

13. აქტივობ Iვაკეთებ ელექტრომაგნიტს

 ელექტრომაგნიტი

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ მოქმედებს ჩვეულებრივი მაგნიტი – მაგიდაზე დაყრილი აქვს რკინის მცირე ზომის ნივთები. ამ ნივთებთან მიახლოვებისას მაგნიტი მიიკრავს მათ ნაწილს. შემდეგ მასწავლებელი მიიტანს იმავე ნივთებთან ახლოს რკინის ლურსმანს, რომელიც არაფერს არ მიიკრავს. ამ მარტივი ცდის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს, როგორ გააკეთონ ელექტრომაგნიტი: რკინის ლურსმანზე უნდა დაახვიონ რაც შეიძლება ახლოს და რაც შეიძლება ბევრი ფენა მავთული (სქემაზე ნაჩვენები მავთულის რაოდენობა ძალიან ცოტაა), მავთულის ორივე ბოლოს მაკრატლით მოაცილონ იზოლაცია და მიადონ ეს ბოლოები ელემენტის ბოლოებს. მავთული შეიძლება დაიჭირონ ხელით ან დაამაგრონ ელემენტზე სკოტჩით. მოსწავლეები, რომლებსაც მაგიდაზე უდევთ წვრილი რკინის ნივთები – ჭიკარტები, სკრეპები და სხვ. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ლურსმანს მიიტანენ ამ ნივთებთან და დაინახავენ, რომ ლურსმანი ჰაერშივე მიიკრავს მათ გარკვეულ რაოდენობას. მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ ექსპერიმენტი და შეამოწმონ, რა შემთხვევაში გახდება მათი მაგნიტი უფრო ძლიერი ან სუსტი, ანუ რა შემთხვევაში მიიკრავს უფრო მეტ ან ნაკლებ რკინის ნივთს – თუ მავთულს ორ, ან მეტ, ერთმანეთზე “+”-ით და “_”-ით მიერთებულ ელემენტს მიუერთებენ, რა მოხდება  ლურსმანზე უფრო მოკლე ან პირიქით, უფრო გრძელი მავთულის დახვევისას.

 

რესურსები

13.I. დიდი ზომის რკინის ლურსმანი, გრძელი მავთული (სასურველია იზოლაციით), ჩვეულებრივი AA ელემენტი, რკინის წვრილ-წვრილი ნივთები – ჭიკარტები, სკრეპები.. სკოტჩი, მაკრატელი. ერთი ჩვეულებრივი მაგნიტი მასწავლებლისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

13.I. ფიზიკა, ელექტრობა

 

შენიშვნა

13.I. მავთული უნდა იყოს იმდენად გრძელი, რომ რამდენიმე ფენად (წინ და უკან, წინ და უკან...) შემოეხვიოს ლურსმანს. (ნახატზე სქემატურადაა ნაჩვენები პრინციპი) მავთულის ორივე წვერი შეიძლება ლურსმნის ერთ ბოლოს გამოდიოდეს, რაც უფრო მოსახერხებელი იქნება ელემენტთან მიერთებისას.


 

13. აქტივობ IIლაზერულ მუსიკა

მოსწავლეებმა სახლიდან უნდა მოიტანონ მცირე ზომის ცარიელი კონსერვის ქილები, რომლებსაც მასწავლებელი კონსერვის გასახსნელი დანით მოაჭრის ძირებს – ქილა ორივე მხრიდან უნდა გაიხსნას. ცალ მხარეს მოსწავლეები გადააკრავენ, რეზინით ან ძაფით დაამაგრებენ და კარგად გადაჭიმავენ რაიმე თხელი რეზინის ნაჭერს (ბუშტი, თხელი რეზინის ან თმის საღებავის ხელთათმანი). ნახმარ CD დისკს დაჭრიან დაახლოებით, 2X2 სმ-ის ზომის ნაჭრებად და თითოეული მოსწავლე ერთ ასეთ ნაჭერს დააწებებს (მცირე რაოდენობით წებოთი) ქილაზე გადაკრული რეზინის ცენტრში. ქილა (რეზინიანი მხარე - ზევით) უნდა დაიდგას დინამიკის იმ ნაწილზე, საიდანაც ხმა უშუალოდ გამოდის. დინამიკი მიუერთდება კომპიუტერს ან მუსიკალურ ცენტრს, ჩაირთვება მუსიკა. მოსწავლე მიანათებს რეზინის ცენტრში დამაგრებული დისკის ნატეხს ლაზერის ნათურას ისეთი კუთხით, რომ სხივის ანარეკლი დაეცეს კედელს ან ჭერს. როდესაც დინამიკში აჟღერდება მუსიკა, ბგერითი ტალღები აამოძრავებენ რეზინის მემბრანას და შესაბამისად, მასზე დაწებებულ სარკისებრ ნატეხს, რომელიც აირეკლავს ლაზერის სხივს; ვინაიდან მემბრანა მოძრაობს, კედელზე დაცემული სხივის ანარეკლიც ათამაშდება კედელზე და მუსიკის შესაბამისად, უჩვეულო მონახაზებს დახატავს.

 

 

რესურსები

13.II. ცარიელი კონსერვის ქილებ ან სხვა ნებისმიერი მოკლე და ქილის სიგანის მილის ფორმის ნივთი. რეზინის ხელთათმანი, ბუშტი ან პოლიეთილენის პარკი; რეზინის რკალი ან მაგარი ძაფი შემოსაჭერად, CD დისკი, ლაზერის ნათურიანი ფანარი, დინამიკი, მუსიკალური ცენტრი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, მაკრატელი, სუპერ წებო.

 

კავშირი სხვა საგნებთან

13.II. ბუნებისმეტყველება - ბგერა, ტალღა.

 

შენიშვნა

13.II. ლაზერული მუსიკის ეფექტის დემონსტრირება, უმჯობესია, ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში.