უცხოური ენის სწავლების მიმართულებების აღწერა
დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება შვიდი მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება.
მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა
პირველ ოთხ მიმართულებას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) აქვს საერთო შიდა სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამი განსხვავებული ტიპის შედეგს:
- კომუნიკაციური შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზებას (კითხვასა და მოსმენაში) და შექმნას (წერასა და ლაპარაკში);
- ენობრივი შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობას (კითხვაში) და გამოყენებას (წერასა და ლაპარაკში);
- სტრატეგიული შედეგები, რომლებიც გულისხმობს მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების დაუფლებას.
შიდა სტრუქტურის მიზანია, გამოკვეთოს ის უნარები, რომელთა განვითარება საერთო მიზანს წარმოადგენს ყველა ენის სწავლა-სწავლებისათვის, იქნება ეს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, გერმანული, ფრანგული, რუსული თუ ინგლისური ენები. სასურველია, ენების სწავლებისას დაიძლიოს საგნობრივი კარჩაკეტილობა და დაინერგოს ენების ინტეგრირებული პედაგოგიკა. მართლაც, ნებისმიერი ტიპის (მშობლიურის, არამშობლიურის) ენის შესწავლისას მოსწავლე მსგავსი ამოცანების წინაშე დგება. მაგალითად, მან უნდა დაადგინოს, თუ რა სტრუქტურისაა ტექსტი, რა შინაარსის შემცველია, რა ენობრივი მახასიათებლები აქვს მას, რა ტიპის სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მის გასააზრებლად და სხვა. მეტიც, ასეთივე ენობრივ-კომუნიკაციური ამოცანების წინაშე დგას მოსწავლე ნებისმიერ არაენობრივ საგანშიც (იქნება ეს ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა), როცა უწევს ტექსტების გააზრება, შედგენა თუ აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლა. ასე რომ, ენობრივ-კომუნიკაციური უნარები გამჭოლი ხასიათისაა – ამ უნარების დაუფლება მოსწავლეს ნებისმიერი საგნის ათვისების პროცესში სჭირდება. ინტეგრირებული დიდაქტიკა გულისხმობს ენების სწავლისას მიღებული გამოცდილების ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლის მიერ შეძენილი გამოცდილების გადატანის ხელშეწყობას ერთი ენიდან მეორეში. ასეთი მიდგომა განამტკიცებს უნარებს, ამდიდრებს გამოცდილებას და ზრდის მოსწავლეთა ქმედუნარიანობას. ამის განსახორციელებლად, მასწავლებელმა უნდა იფიქროს შესწავლილ თუ შესასწავლ ენებს შორის ხიდების გაბმაზე. ასე მაგალითად, უცხოური ენის მეშვიდე დონის სტანდარტში ასახული სტრატეგია - მოსწავლე ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს - იმ უნართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც შეიძლება მან ეფექტურად გამოიყენოს ტექსტის გააზრებისას ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ენობრივი (ქართული, ინგლისური, რუსული თუ სხვა), თუ არაენობრივი საგნები (ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია და სხვა). ხიდების გასაბმელად მასწავლებელმა უნდა გააცნობიერებინოს მოსწავლეს, რომ კონკრეტული უნარის გადატანა შეიძლება განსხვავებულ საგნებში და განსხვავებულ კონტექსტებში.
სწორედ ამის ხელშეწყობას ემსახურება არაერთი ინდიკატორი, რომლებიც წარმოდგენილია უცხოური ენის სტანდარტის სტრატეგიულ შედეგებში და მიმართულებაში სწავლის სწავლა. მოვიტანთ რამდენიმე მათგანს:
მიმართულება კითხვა, შედეგი - უცხ. სV.10. ინდიკატორი:
- \"აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
- ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
- საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას. \"
დაწყებით და საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლა/სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მოსმენას, ლაპარაკს, კითხვასა და წერას განსხვავებული დიდაქტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ ამ მიმართულებებს სწავლების ეტაპების მიხედვით დავახასიათებთ.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უცხოური ენის სწავლების 3 ძირითადი ეტაპი გამოიყოფა:
პირველი (საწყისი) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის პირველ სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების პირველ და მეორე დონეებს, ანუ დI, დII, დIII, სI, სII;
მეორე (შუა) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების მესამე და მეოთხე დონეებს ანუ დIV, დV, დVI, სIII, სIV;
მესამე (ბოლო) ეტაპი მოიცავს საბაზო-საშუალო საფეხურის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე დონეებს, ანუ სV, სVI, სVII, სVIII.
სწავლების პირველი ეტაპი
მოსმენა - ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება. სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ფონემატური სმენის განვითარება შინაარსიან კონტექსტში მოხდება. ტექსტებს უხვად უნდა ახლდეს თვალსაჩინო მასალა (სურათები, საგნები, ნახატები, ფოტოები და სხვა) და ბგერითი ინდიკატორები (რაიმე ხმაური, მკაფიოდ გამოხატული ინტონაციები და სხვა), რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეს გაუადვილდება ტექსტის გაგება.
დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს არც ტექსტის ამომწურავად გაგება მოეთხოვებათ (საკმარისია საკომუნიკაციო სიტუაციის, ზოგადი ინფორმაციისა და ცალკეული გამოთქმების გაგება) და არც გამოთქმების დესტრუქტურიზაცია და ლინგვისტური თვალსაზრისით გაანალიზება.
პირველ, ისევე როგორც მეორე, ეტაპზე მოსმენილი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები არ უნდა იყოს უცნობი ლექსიკითა და გრამატიკული კონსტრუქციებით გადატვირთული; სასურველია, მოსწავლეებისათვის დიდაქტიზებული* ტექსტების შეთავაზება.
ლაპარაკი – პირველ ეტაპზე მოსწავლის ალაპარაკება გაჭირდება. სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუცირების მიზანია, სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება/განმტკიცება. რეპროდუცირებისთვის გამოიყენება ლექსები, გათვლები (პატარებისათვის), სიმღერები, დიალოგები, სკეტჩები.
პროდუცირება ძალიან შეზღუდული სახით მიმდინარეობს - მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.
კითხვა - დაწყებით საფეხურზე კითხვის სწავლება თავისებური მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს ფონემური ცნობიერება განუვითარდეს (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმისა და გამოყენების უნარი). ფონემური ცნობიერების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლემ ანბანური პრინციპი გაიგოს (ასოს, როგორც გრაფიკული ერთეულის კავშირი ბგერასთან, როგორც აკუსტიკურ ერთეულთან).
მეორე რიგში, მნიშვნელოვანია ნაადრევად არ დავაწყებინოთ მოსწავლეებს სისტემური კითხვა, რამაც შეიძლება სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს არამხოლოდ უცხოურ, არამედ მშობლიურ ენაშიც. მოსწავლე ეტაპობრივად უნდა მოვამზადოთ კითხვის სისტემური კურსისათვის.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ვამუშაოთ როგორც ჩუმი, ისე ხმამაღალი კითხვის ტექნიკაზე.
წაკითხულის გაგების უნარის გასავარჯიშებლად სასურველია, მოსწავლეები ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა; კონკრეტული ამოცანით უნდა მივიყვანოთ ისინი ტექსტთან.
წერა - წერის უნარის განვითარება წარიმართება კითხვის უნარის განვითარების პარალელურად. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მოსწავლე გამოწერს ასოებს, ნასწავლ სიტყვებს; დაეუფლება ასოების გადაბმის ტექნიკას.
წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. თანდათანობით მოსწავლეები გადადიან პროდუცირებაზე. ისინი სწავლობენ ნიმუშების მიხედვით მცირე მოცულობის ფუნქციური ტექსტების შედგენას, სადაც ისინი იძენენ ამბების, ფაქტების, მოვლენების თანამიმდევრულად გადმოცემისა და შეფასების უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე უფრო მეტად გაიშლება და დაიხვეწება.
სწავლების მეორე (შუა) ეტაპი
მოსმენა - მეორე ეტაპზე გამოიყენება როგორც დიდაქტიზებული, ისე ნახევრად ავთენტიკური ტექსტები, რომელთა მოცულობა და სირთულის დონე აღემატება წინა დონის ტექსტებისას.
გაგების თვალსაზრისით მოთხოვნა გაიზრდება: მოსწავლეებს მოეთხოვებათ ტექსტის უფრო ამომწურავად გაგება და ენობრივი მოვლენების შესწავლა/გაანალიზება.
ლაპარაკი – მეორე ეტაპზე პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება. უფრო მრავალფეროვანი ხდება საკომუნიკაციო სიტუაციები, რომლებშიც იგი მონაწილეობს როგორც მსმენელი, ან მოქმედი პირი. იწყებს ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს.
კითხვა – მეორე ეტაპზე მოსწავლეებს მოეთხოვებათ სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტების გაგება. ტექსტები იქნება ჯერ კიდევ მცირე მოცულობის, ნახევრადავთენტიკური, ან ავთენტიკურს მიმსგავსებული დიდაქტიზებული.
მოსწავლეები, დასმული ამოცანის შესაბამისად, ისწავლიან კითხვის სხვადასხვა სტრატეგიისა თუ სახეობის გამოყენებას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
წერა – მეორე ეტაპზე თანდათანობით ხდება წერის საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების დაუფლება. მოსწავლეები ეუფლებიან ისეთ უნარ–ჩვევებს, როგორებიცაა აღწერითი თხრობითი ტექსტების შექმნა, პირადი კორესპონდენციის წარმოება და სხვა.
სწავლების მესამე (ბოლო) ეტაპი
მოსმენა - თუკი აქამდე მოსასმენი ტექსტები გამოიყენებოდა ზეპირმეტყველების ნიმუშებად, ახლა მეტყველება და მოსმენა აღარ არის ურთიერთგადაჯაჭვული, ურთიერთდაქვემდებარებული. ამდენად, თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ავთენტიკური ტექსტები და საშუალება მივცეთ მოსმენის უნარს, ზეპირმეტყველებისგან დამოუკიდებლად უფრო სწრაფად და ღრმად განვითარდეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები მიეჩვევიან ტექსტის გაგებას მხოლოდ აკუსტიკურ ხატზე დაყრდნობით.
ლაპარაკი - უფრო მდიდრდება საკომუნიკაციო სიტუაციის ტიპები. საკლასო ოთახში კომუნიკაცია მთლიანად უცხოურ ენაზე მიმდინარეობს. სწავლების სტრატეგიები მიმართულია თვითგამოხატვის უნარის დახვეწის, მისი დაზუსტებისა და გამდიდრებისაკენ.
კითხვა - ამ ეტაპზე ზეპირი თუ წერითი მეტყველების უნარის განვითარების მთავარი წყარო კითხვა ხდება. მისი საშუალებით მოსწავლე ენობრივ მარაგს ამდიდრებს და სწავლაში უფრო დამოუკიდებელი ხდება. მოიმატებს ტექსტების მოცულობა და სირთულის დონე. მოსწავლეებს მოეთხოვებათ ავთენტიკური, სხვადასხვა ჟანრისა თუ ტიპის, ლიტერატურული თუ ფუნქციური ტექსტების გაგება და გაანალიზება.
წერა - ბოლო ეტაპზე მოსწავლე უნდა დაეუფლოს ისეთი სახის ტექსტების წერას, რომლებიც მას ცხოვრების ასპარეზზე გასვლისას ყველაზე მეტად დასჭირდება (საქმიანი/პირადი წერილი, ესე და სხვა). მოსწავლე ისევ ნიმუშებით სარგებლობს, თუმცა ოდნავ უფრო დიდი მოცულობის ტექსტებს თხზავს, სადაც იგი თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს იძენს.
სწავლის სწავლა
ამ მიმართულების საგანი თავად სასწავლო პროცესია. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად მართვა. ამისათვის იმთავითვე უნდა შევაჩვიოთ სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გააზრებას; სასწავლო პროცესის მიმდინარეობის გაანალიზებას - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა; შედეგების დამოუკიდებლად შეფასებას; გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას; სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას; იმ ფაქტორების გამოწვევას, რომლებიც დადებითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე და სხვა. სწავლის უნარ-ჩვევის გასავითარებლად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობა: მაგ.: კითხვარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, გააცნობიერონ საკუთარი და ალტერნატიული მიდგომა კონკრეტული ამოცანის გადაჭრისას, სხვადასხვა შინაარსის თვითშეფასების სქემები, ფსიქოლოგიური ხასიათის ტესტები, სადაც გაიაზრებს სხვადასხვა ტიპის ფაქტორს, რომელიც დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე და სხვა.
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება \"კულტურათა დიალოგი\".
მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდება უცხო კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს გაუღრმავებს კულტურული კუთვნილების განცდას, გააცნობიერებინებს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას.
ყურადღება უნდა მიექცეს პიროვნებათშორის ურთიერთობებსაც. გაკვეთილზე მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ საკუთარ თავზე, გამოავლინონ თავიანთი პიროვნების სხვადასხვა მხარე - იქნება ეს განცდები, გატაცებები, გემოვნება, შეხედულებები, ოცნებები, საყვარელი საქმიანობა, საყვარელი პერსონაჟები, ცხოვრებისეული ისტორიები, თვალსაზრისები თუ სხვა; ისინი გაეცნობიან თანაკლასელთა თუ უცხოენოვან თანატოლთა სულიერ სამყაროს და ამ გზით შეძლებენ განიცადონ საკუთარი და სხვისი ინდივიდუალურობის განუმეორებლობა, ისწავლონ სხვა პიროვნებათა დაფასება, ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება, ურთიერთთანადგომა. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გახდნენ უფრო შემწყნარებელნი ერთმანეთისა და სხვების მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
ეს მიმართულება უკავშირდება იმ სოციალური მიზნის განხორციელებას, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უცხოური ენების დიდაქტიკაში, კერძოდ, ისეთი სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდა, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი გამჭოლი უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, არის კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. მეთოდური თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა. ამ მიმართულებაში შედის პროექტის განხორციელება, ტექსტების გადამუშავება მათი მომდევნო გამოყენების მიზნით და მედიაცია. მედიაცია ზეპირი აქტივობაცაა და წერითიც. იგი გულისხმობს ნებისმიერი სახის ტექსტის შინაარსის გადმოცემას თარგმნის, თარჯიმნობის, რეზიუმირებისა თუ ინტერპრეტირების გზით. მედიაციის დანიშნულებაა, კონკრეტული ტექსტის შინაარსი მისაწვდომი გახადოს იმისთვის, ვისაც ამ ტექსტზე უშუალოდ არ მიუწვდება ხელი.
სტანდარტში მითითებული ინდექსები
სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული. მაგ., უცხ.დ.III.1. – პირველი ნიშანი უცხ მიუთითებს საგანს (უცხ = უცხოური ენა), მეორე ნიშანი დ მიუთითებს საფეხურს (დ = დაწყებითი, ს = საბაზო-საშუალო), მესამე ნიშანი III – მიუთითებს ენის ფლობის დონეს, ბოლო ნიშანი 1 კი შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი).