უცხოური ენების სწავლების საფეხურების დახასიათება
უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს.
უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო - საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს:
- მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და სხვა);
- დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ;
- სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება, წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.
რაც შეეხება უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებასა (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას.
დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების შესატყვისი ხერხები.
უცხოური ენის სწავლება საბაზო საფეხურზე
საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ).
უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
- კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
- ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, კულტურა);
- ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში.
საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა დაინერგოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს (მრავალმხრივი შეფასება).
უცხოური ენის სწავლება საშუალო საფეხურზე
ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარ აღმზრდელობით მიზნად რჩება მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მოსწავლეს, რომელი სფეროც არ უნდა აირჩიოს მან პროფესიული საქმიანობისათვის, უცხოური ენა დასჭირდება როგორც ინსტრუმენტი ცოდნისა და გამოცდილების გასამდიდრებლად. ამდენად, საშუალო საფეხურზე უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს ერთ ან ორ უცხოურ ენაზე:
- სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება და დამუშავება შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში;
- ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება;
- მეგობრული თუ საქმიანი წერილების შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა.