თავი XXIV
საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში
ზოგადი ნაწილი
შესავალი
საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს.