შეფასება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში


შეფასების კრიტერიუმები  და მათი მიღწევის დონეები

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივი პროგრამა მოსწავლის მიღწევების შეფასებისას ეყრდნობა კრიტერიუმების მიღწევის დონეების აღწერას. სულ გვაქვს მიღწევის 4 დონე. ეს დონეები განსაზღვრულია მისაღწევი მიზნებიდან გამომდინარე. დონეების აღწერაში გადმოცემულია ის ძირითადი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელთა მიღწევას ემსახურება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. მართალია, შეფასების მეთოდს, ძირითადად, მასწავლებელი განსაზღვრავს, მაგრამ დონეების აღწერა საშუალებას იძლევა, რომ უფრო ეფექტიანად დაიგეგმოს შეფასება, ჩამოყალიბდეს შეფასების რუბრიკა ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის.

 

I  დონე

  1. მოსწავლე მოიპოვებს ციფრულ მასალას სხვადასხვა წყაროდან და აცნობიერებს იმას, რომ არსებობს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმა.
  2. მოსწავლე იყენებს ისტ-ს ტექსტებთან, გამოსახულებებთან და აუდიო მასალასთან მუშაობისას, საკუთარი იდეების გადმოსაცემად.
  3. მოსწავლეს გააზრებული აქვს ციფრული მოწყობილობის მართვის ძირითადი ხერხები და ირჩევს შესაბამის მოწყობილობას სასურველი შედეგის მისაღებად.
  4. მოსწავლე საკუთარი სიტყვებით აღწერს ციფრული მოწყობილობის გამოყენების პროცესს.

 

II დონე

  1. მოსწავლე იყენებს მოწყობილობას ციფრული მასალის კლასიფიკაციის, ორგანიზების და მოძიებული მასალის წარდგენისათვის.
  2. მოსწავლეს  დამოუკიდებლად შეუძლია სამუშაოს დაწყება, შენახვა და გაგრძელება, ისტ-ის გამოყენებით.
  3. მოსწავლე იყენებს ისტ-ს ციფრული მასალის შესაქმნელად, შესანახად და საკუთარი იდეების გასაზიარებლად სხვადასხვა ფორმით (ტექსტის, ცხრილების, გამოსახულებების და ხმოვანი).
  4. მოსწავლე შედეგის მიღების მიზნით გეგმავს სამუშაოს და იძლევა მითითებებს, აღწერს მოსალოდნელ ეფექტს.
  5. მოსწავლე იყენებს ისტ-ს იმის გამოსაკვლევად, თუ რა შეიძლება მოხდეს რეალურ ან წარმოსახვით ვითარებაში.

 

III დონე

  1. მოსწავლე განსაზღვრავს ინფორმაციის მოძიების სტრატეგიას, ირჩევს შესაბამის ციფრულ საშუალებებს და იყენებს მათ ამ სტრატეგიის რეალიზაციისას.
  2. მოსწავლე იყენებს ისტ-ს მის მიერ შესასრულებული სამუშაოს შედეგების ორგანიზებისას და წარდგენისას.
  3. მოსწავლე იყენებს ისტ-ს იდეებისა და მოსაზრებების გაზიარებისა და ურთიერთგაცვლის მიზნით.
  4. მოსწავლე კვლევისას და პრობლემის გადაჭრისას ირჩევს ადეკვატურ ციფრულ მოდელს ან სიმულაციას.
  5. მოსწავლე აღწერს ისტ-ის გამოყენების საკუთარ გამოცდილებას.

 

IV დონე

  1. მოსწავლე აფასებს მოძიებული ციფრული მასალის შესაბამისობას მის მიერ დასახულ მიზანთან და ძიებისას გამოყენებულ სტრატეგიასთან, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს კორექტივები ძიების სტრატეგიაში.
  2. მოსწავლე აფასებს ციფრული მასალის ხარისხს და ინფორმაციის სანდოობას. ხარისხის და სანდოობის გაუმჯობესების მიზნით შეაჯერებს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მასალას.
  3. მოსწავლე იყენებს ისტ-ს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმით წარდგენისას; აცნობიერებს წარსადგენი მასალის ხარისხს და შესაბამისობას აუდიტორიის მოთხოვნებთან.
  4. მოსწავლე იყენებს ისტ-ზე დაფუძნებულ მოდელებს და სიმულაციებს კანონზომიერებებისა და კავშირების კვლევისას, აკეთებს პროგნოზს, ამოწმებს / ასაბუთებს ჰიპოთეზებს.
  5. მოსწავლე ადარებს და აფასებს ისტ-ის გამოყენების საკუთარ და სხვათა გამოცდილებას.

 

ზემოთ მოცემული დონეები და მათში აღწერილი კომპეტენციები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საშინაო და საკლასო დავალებების, ისე შემაჯამებელი დავალებების კომპონენტში.

ეს კომპეტენციები შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ციფრული საშუალების გამოყენებისას, სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა სახის ციფრული მასალის შექმნისას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს:

  1. პროექტი, რომელიც მოიცავს ისეთ საფეხურებს, როგორებიცაა ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება,ანალიზიდა მიღებული შედეგების პრეზენტაცია. პროექტის შინაარსი და შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერ სასწავლო დისციპლინას;
  2. ელექტრონული ცხრილის გამოყენება რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისას, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს: მონაცემთა განთავსებისათვის საჭირო ცხრილის დიზაინის მოფიქრება, მონაცემების ცხრილში განთავსება, საჭირო ფუნქციების, მაკროსებისა დაანალიზის საშუალებების გამოყენება მონაცემების დამუშავებისას, მიღებული შედეგების და დასკვნების ვიზუალიზაცია დიაგრამების საშუალებით;
  3. ციფრული მასალის გამოქვეყნება ინტერნეტში ან ლოკალურ ქსელში, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს: სხვადასხვა ფორმატის მქონე კომპონენტების მოძიება ან დამოუკიდებლად შექმნა (ტექსტი, გამოსახულება, აუდიომასალა, ვიდეომასალა), საბოლოო პროდუქტის სტრუქტურის გააზრება და ჩამოყალიბება, წინასწარ მომზადებული კომპონენტების კომბინირება გამოსაქვეყნებელი მასალის შესაქმნელად, მიღებული შედეგის (მაგალითად: ვებ-გვერდის, თამაშის, გამოკითხვის ფორმის) განთავსება, უკუგების მონაცემების შეგროვება დაანალიზი, პროდუქტის გაუმჯობესება;
  4. ლიტერატურული ან კვლევითი ხასიათის ნაშრომის მომზადება, რომელიც მოიცავს ისტ-თან დაკავშირებულ შემდეგ ეტაპებს, მაგალითად, ტექსტის აკრეფას და ფორმატირებას იმ სახით, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება გადმოსაცემი მასალის შინაარსს; ილუსტრაციების (დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილების, გეომეტრიული ნახაზების) შესაქმნელად საჭირო საშუალებების შერჩევას, ილუსტრაციების შექმნასა და ტექსტურ მასალაში ადეკვატურად ინტეგრირებას; დოკუმენტის სტრუქტურის გააზრებას და ტექსტური რედაქტორის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებას წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურის შესაქმნელად; მიღებული შედეგის (ნაშრომის) საცდელ წარდგენას და უკუგების მიღებას; ნაშრომის დახვეწას; ნაშრომის გამოსაქვეყნებლად საჭირო სერვისის მოძიებასა და ნაშრომის გამოქვეყნებას (მაგალითად, ბლოგზე, დოკუმენტების გავრცელების და გაზიარების რომელიმე უფასო სერვისის გამოყენებით, ლოკალურ ქსელში, ქაღალდზე ამობეჭდილი სახით, სასკოლო გაზეთში);
  5. მათემატიკური ან საბუნებისმეტყველო შინაარსის პრობლემის გადაჭრა ისტ-ის დახმარებით, რაც გულისხმობს შემდეგ ეტაპებს: ამოცანის მონაცემების ამოკრება და ორგანიზება; ადეკვატური ციფრული საშუალების შერჩევა (მაგალითად, სიმულაცია - ბუნებისმეტყველებაში, რომელიმე უფასოდ გავრცელებული მათემატიკური პაკეტი, ელექტრონული ცხრილი, კალკულატორი); ამოცანის მონაცემების შეტანა შერჩეულ კომპიუტერულ პროგრამაში (ეს ეტაპი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოსწავლემ უნდა შეისწავლოს შერჩეულ პროგრამასთან ინტერაქცია: მონაცემების შეტანა-გამოტანა, შესაბამისი ბრძანებების მიცემა და შენახვა); მონაცემების დამუშავება და შედეგის მიღება; მიღებული შედეგის ინტერპრეტაცია და წარმოდგენა დასმული ამოცანის კონტექსტში; შედეგის თარგმნა სამეტყველო ენაზე და მისი გაფორმება.

 

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები არ არის მკაფიოდ გამიჯნული ერთმანეთისაგან და კონკრეტული აქტივობა შეიძლება მოითხოვდეს მათ კომბინირებულად გამოყენებას სხვადასხვა ეტაპზე. შეფასებისას გამოყენებული აქტივობა და მისი შედეგი უნდა დაიყოს კომპონენტებად ისე, რომ გასაგები იყოს შეფასების სქემა (შეფასების რუბრიკა). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ყოველთვის არ არის შესაძლებელი მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება მხოლოდ მიღებული პროდუქტის შინაარსის მიხედვით. მაგალითად, ლიტერატურული ნაშრომის შეფასებისაგან განსხვავებით, ისტ-ის გამოყენებით გაფორმებული ანალოგიური ნაშრომის შეფასებისას უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ნაშრომის შინაარსი და მართლწერა, არამედ ისიც, თუ რა ტექნიკური საშუალებები და რა ფუნქციები გამოიყენა მოსწავლემ მისი გაფორმების დროს. ეს კი ყველაზე კარგად აისახება ამ ნაშრომის ციფრულ სტრუქტურაში, მაგალითად, დასათაურებისა და სტილების გამოყენებაში, სანიშნეების, ბმულების და ნაშრომში გადაადგილების სხვა საშუალებების, ტექსტის სასურველი სახით განლაგებისას უხილავი ცხრილების, ტექსტური ველების გამოყენებაში, დანომვრისა და ჩამონათვალის გაკეთების ავტომატიზაციაში.

 

 

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალება

 

  1. დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა;
  2. ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  3. 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე და კომპონენტებზე;
  4. მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

 

 

კონკრეტული რუბრიკის ნიმუში

დოკუმენტის მომზადება კომპლექსური ტექსტური რედაქტორის გამოყენებით (მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა).

 

შეფასების კრიტერიუმები      

 (0 ქულა)

 (0.5 ქულა)

 (1 ქულა)

 (1.5 ქულა)

ფონი

გვერდების ფონი ართულებს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას

გვერდების ფონი არ ართულებს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას

გვერდის ფონი ხელს უწყობს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას

გვერდის ფონი ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება თემატიკას

ტექსტის ფორმატი

ტექსტის ფორმატი ართულებს მასალის აღქმას

ტექსტის ფორმატი გააზრებულია, თუმცა ხელს არ უწყობს მასალის აღქმას.

ტექსტის ფორმატი კარგადაა გააზრებული და ხელს უწყობს მასალის აღქმას

ტექსტის ფორმატი მრავალფეროვანია, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს

გრაფიკული ელემენტები

გრაფიკული ელემენტების დიდი ნაწილი არ არის მიმზიდველი და ხელს უშლის შინაარსის აღქმას

გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელს არ უწყობს შესაბამისი შინაარსის აღქმას

გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია და ხელს უწყობს შესაბამისი შინაარსის აღქმას

გრაფიკული ელემენტები კარგადაა შერჩეული, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს

ორიგინალურობა

მასალა არ არის ორიგინალური და არაადეკვატურადაა შერჩეული

მასალა არ არის ორიგინალური, თუმცა ადეკვატურადაა შერჩეული

მასალის უდიდესი ნაწილი ორიგინალურია და შეესაბამება თემატიკას

მასალა ძირითადად ორიგინალურია, მასში ჩანს ავტორის შემოქმედებითობა. შინაარსი გადმოცემულია საინტერესო და უნიკალური ხერხით

მასალის ორგანიზება

მასალა არა არის ორგანიზებული და მასში არ ჩანს სტრუქტურა, რაც ხელს უშლის შინაარსის აღქმას

მასალის ნაწილი ლოგიკური თანმიმდევრობითაა განლაგებული, თუმცა სტრუქტურა ხელს არ უწყობს შინაარსის უკეთ აღქმას

მასალა ლოგიკურადაა ორგანიზებული და ხელს უწყობს შინაარსის აღქმას

დოკუმენტის სტრუქტურა კარგადაა გააზრებული, სტრუქტურის შექმნისას გამოყენებულია რედაქტორის სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობები. მასალის ორგანიზება ხელს უწყობს მის აღქმას და მთლიანად  შეესაბამება შინაარს

 

მოსწავლის მიერ მომზადებული დოკუმენტი ფასდება ცალკეული კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითად, ამ შემთხვევაში, გვაქვს ფონი, ტექსტის ფორმატირება, გრაფიკული ელემენტები და მათი განთავსება, ნაშრომის ორიგინალურობა (აქ იგულისხმება არა შინაარსის, არამედ გამოყენებული ციფრული მასალისა და სტრუქტურის ორიგინალურობა), მასალის ორგანიზება (როგორც შემადგენელი კომპონენტების განლაგება, ისე სტრუქტურული ელემენტები). თითოეულ კრიტერიუმში მიღებული ქულა ჯამდება და მიიღება ნაშრომის შეფასების  საბოლოო ქულა.