შესავალი

სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, რაც დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს. მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების,  სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია.  

სპორტის სასწავლო გეგმის მოთხოვნებმა რადიკალურად უნდა შეცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ. მოსწავლეებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სპორტული აქტივობების დროს, რადგან მათ დამოუკიდებლად უწევთ შეჯიბრებების დროს წამოჭრილი სიტუაციური პრობლემების გადაჭრა, მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება და სოციალური ინტერაქციის დამყარება თანაგუნდელებთან. სპორტული სახეობების მრავალფეროვნება ვაჟებს და გოგონებს ერთნაირად აძლევს საშუალებას, გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ფიზიკური უნარები. სკოლაში შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მოსწავლეებს გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც არის მყარი საფუძველი იმისა, რომ ისინი გახდნენ აქტიური და შრომისუნარიანი მოქალაქეები. ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მოსახლეობა კი პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის თავდაცვის უნარზე, ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე.

სპორტის, როგორც საგნის, შემოღება სკოლებში არ გულისხმობს სპორტულ საქმიანობაში მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების ჩართვას. უნდა შეიქმნას პირობები, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს მონაწილეობის მიღება სპორტულ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში. სპორტისა და ფიზიკური განათლების ხალისიანმა და შედეგიანმა გაკვეთილებმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარების შესაძლებლობასა და აუცილებლობაში, ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას.

სპორტი და ფიზიკური განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის, განმტკიცებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ესენია: სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ინდივიდუალური და გუნდური თვითგამოხატვა, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა, პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა, არაძალადობრივი ურთიერთქმედება, კოლეგიალობა, ურთიერთგაგება.

ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის თვალსაზრისით, სპორტული თამაშები გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას: მიღწევის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, წაგების ღირსეულად მიღება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც ფასეულობის, აღქმა და ცხოვრებაში დანერგვა, საკუთარი ძალებით სიამოვნების მიღება, საკუთარი თავის პოვნა და თვითდამკვიდრება, ჯანსაღ გუნდთან (თანატოლთა წრესთან) იდენტობის განცდა და ა.შ.

სოციალური მარგინალიზაციის პრევენციის თვალსაზრისით, სპორტული თამაშები გულისხმობს არადისკრიმინაციულ მიდგომას, ანუ სოციალურად დაუცველი ბავშვების (მათ შორის, დევნილი, ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების) ინტეგრირებას საზოგადოებაში სოციალურად დაცულ თანატოლებთან ერთობლივი გუნდური მუშაობის და ამ გზით მათ შორის გაუცხოების გადალახვის საშუალებით.

სპორტული თამაშები გულისხმობს გენდერული თანასწორობის განმტკიცებას სხვადასხვა სპორტულ თამაშში გოგონებისა და ბიჭების თანასწორუფლებიანი მონაწილეობის გზით.

სკოლას მოეთხოვება  სპორტის გაკვეთილებზე და სასკოლო შეჯიბრებებზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ჩართვა (ფიზიკური პრობლემების მქონე მოსწავლეები, საინვალიდო ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეები, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები და სხვ.)  მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე.