3. თემა: “იცნობ თუ არა გარემოს, რომელშიც ცხოვრობ?” (EN)

აქტივობა I “გზა სახლიდან სკოლამდე” 

მიზანი: დახატონ არქიტექტურული პეიზაჟი, განუვითარდეთ სხვადასხვა მხატვრული ხერხის გამოყენების, გარემოზე დაკვირვებისა და ნამუშევარში დეტალების გადმოცემის უნარები; ადეკვატურად გამოიყენონ საჭირო ტერმინები ნამუშევრის განხილვისას.

 

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. პეიზაჟის, ქუჩის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს;

ინდიკატორი 3. ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს, მაგალითად, ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, 

ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;

ინდიკატორი 4. გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;

ინდიკატორი 7. სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);

ინდიკატორი 9. ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით. 

ს.გ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა, ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 2. ქმნის კომპოზიციებს სხვადასხვა მოძიებული მასალით.

ს.გ.VII.3. მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.

ინდიკატორი 1. ხატავს შესაბამის გარემოში ადამიანებს, ფრინველებს, ცხოველებს და მცენარეებს ნატურიდან და მეხსიერებით მეტი დეტალის გამოყენებით.

ს.გ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენების უნარს, ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 1. შერეული ტექნიკით ქმნის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს.

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ინდიკატორი 1. აკვირდება და ასახავს ნამუშევარში, თუ როგორ იცვლება საგნის გამოსახულება დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით;

ინდიკატორი 2. გამოსახავს სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტისა და ნატურმორტის ხატვის დროს;

ინდიკატორი 3. იყენებს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს (შუქ-ჩრდილი, ფერი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი) ნამუშევარში ბუნების მოვლენების გადმოსაცემად;

ინდიკატორი 4. ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით.

ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.

ინდიკატორი 3. შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ შთაბეჭდილებებს, იდეებსა და გრძნობებს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაიხსენონ გზა სახლიდან სკოლამდე – რას ხედავენ, რა იქცევს მათ ყურადღებას ყოველდღიურად ამ მოგზაურობის დროს (შენობა-ნაგებობები, ტრანსპორტი, მცენარეები, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები) და ასახონ თავიანთ ნამუშევრებში. ნამუშევრები შეასრულონ მათთვის სასურველი მასალითა და ტექნიკით. მუშაობისას გამოიყენონ პერსპექტივის კანონები, სხვადასხვა ხედვის წერტილი, ახლო და შორეული ხედები. მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევარს უნდა მიაწერონ სახელი და გვარი.

მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აგროვებს ნამუშევრებს და ინახავს შემდეგი გაკვეთილისთვის.

გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შემდეგი გაკვეთილისთვის უფრო კარგად დააკვირდნენ გარემოს, ყურადღება მიაქციონ დეტალებს, უფრო კარგად დაიმახსოვრონ სახლიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე არსებული შენობები, მათი დანიშნულება (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, რელიგიური, სპორტული, სასწავლო, გასართობი, და სხვ.), სართულების რაოდენობა, მდგომარეობა (ავარიული, დანგრეული, სარეკონსტრუქციო, ახალაშენებული, ახლად რეკონსტრუირებული და სხვ.), საინჟინრო ნაგებობები (ხიდები, გვირაბები, სატელევიზიო ანძა და სხვ.), ქანდაკებები, გზების გასწვრივ არსებული მწვანე ნარგავები, ბაღები, პარკები და ა.შ. თბილისში – თუ მეტროთი უწევთ გადაადგილება – დააკვირდნენ მეტროპოლიტენის სადგურის მიწისზედა შენობასა და მიწისქვეშა ნაწილის ინტერიერს და ა. შ. შეძლებისდაგვარად გადაუღონ ფოტოები, დამატებით მოიძიონ ჟურნალ-გაზეთებიდან ამონაჭრები და სხვა, რათა შემდეგ გაკვეთილზე გამოიყენონ.

 

აქტივობა II “ახალი დეტალები”

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, მათთვის სასურველი ტექნიკითა და მასალით შეასრულონ ნამუშევრები – კიდევ ერთხელ ასახონ მასში გზა სახლიდან სკოლამდე, ამჯერად უფრო დეტალურად გაიხსენონ, რა შეამჩნიეს/აღმოაჩინეს ზუსტი დაკვირვების შედეგად თითქოს ძალიან ნაცნობ გარემოში (მაგალითად, დააზუსტონ შენობების სართულების რაოდენობა, არქიტექტურული იერის თავისებურებები, არქიტექტურული დეტალები – სვეტები, კაპიტელები, კარნიზები, ფრიზები, თაღები, გუმბათები, შპილები, პორტიკები, ვიტრაჟები და სხვ., თუ შეუძლიათ, გადმოსცენ სახლების კარების, ფანჯრების, ჭიშკრების, ღობეების ფორმა და მათში გამოყენებული ჩუქურთმები, ორნამენტები). გამოსახონ მცენარეები (რომლებიც ხვდებათ ქუჩაში, სკვერებში, ბაღებში, ეზოებში, ტყის პირებზე, შესაძლებელია, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების ფანჯრებში, აივნებსა, ტერასებზე და სხვ.), ცხოველები, ადამიანები (ნაცნობები, უცნობები, რომლებიც გზად ხვდებიან და სხვ.). მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევარს უნდა მიაწერონ სახელი და გვარი.

გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი აგროვებს ნამუშევრებს და ინახავს შემდეგი გაკვეთილისთვის.

 

რესურსები (I და II აქტივობებისათვის):

სახატავი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, ფუნჯები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, სხვა მასალა.

 

აქტივობა III

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

 

ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

 

ინდიკატორი 2. საუბრობს მსგავსებებსა და განსხვავებებზე საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში;

 

ინდიკატორი 3. კორექტულია სხვის ნამუშევარზე საუბრისას;

 

ინდიკატორი 6. მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;

ინდიკატორი 7. საკუთარი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, რომელთა ასახვაც სურდა, მსჯელობს, რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს სამომავლოდ). 

 

ს.გ.VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარსა და აზრს.

 

ინდიკატორი 2. ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ;

კამათის დროს სხვასაც აცდის საუბარს.

 

ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

 

ინდიკატორი 1. მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;

 

ინდიკატორი 2. აფასებს ნამუშევარს გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;

 

ინდიკატორი 3. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;

 

ინდიკატორი 4. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის კოლორიტზე;

 

ინდიკატორი 6. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებს, საუბრობს, რომელი უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ აძლევს მას უპირატესობას. 

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;

ინდიკატორი 4. გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს, დაასაბუთოს საკუთარი აზრი. 

 

 

ეს გაკვეთილი მთლიანად დაეთმობა ნამუშევრების წარდგენასა და განხილვას. მასწავლებელმა უნდა დაურიგოს მოსწავლეებს მათი ორივე ნამუშევარი და სთხოვოს, შეადარონ ერთმანეთს. კლასის წინაშე შეიძლება მოეწყოს თითოეული მოსწავლის ნამუშევრის განხილვა, რომლის დროსაც მოსწავლეები, ამჯერად ნახატის მეშვეობით, “გაივლიან” და აღუწერენ თანაკლესელებს მათთვის ნაცნობ გზას სახლიდან სკოლამდე (და უკან). საუბრისას ყურადღება უნდა გაამახვილონ ორ ნახატს შორის არსებულ სხვაობაზე. ისაუბრონ, რამდენი ახალი დეტალი, სიახლე, საინტერესო ნიუანსი შეამჩნიეს/აღმოაჩინეს, ერთი შეხედვით, ჩვეულ გარემოში და როგორ გადმოსცეს ეს ყველაფერი მათთვის ნაცნობი ხერხებითა და მასალით.

 

შეფასება:

მოსწავლეები ფასდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

• არქიტექტურული პეიზაჟის დახატვისას მრავალფეროვანი მხატვრული ხერხების გამოყენების უნარი;
• ნამუშევარში დეტალების გადმოცემის უნარი;
• ტერმინოლოგიის ადეკვატურად გამოყენების უნარი.