2. თემა “კომპოზიცია” (EN)

აქტივობა I ,,კომპოზიცია ჩვენს ირგვლივ”

მიზანი: მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ კომპოზიციის აგების პრინციპები და დააკავშირონ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. 

კავშირი შედეგებთან:

ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება.

ინდიკატორი 1. საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);

ინდიკატორი 2. აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით).

ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე.

ს.გ.VIII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციისა და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.

ინდიკატორი 1. ადარებს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორიტის მიხედვით;

ინდიკატორი 2. ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.). 

ს.გ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.

ინდიკატორი 2. მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით;

ინდიკატორი 3. მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი (ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ მხარეზე. 

ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.

ინდიკატორი 4. მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;

ინდიკატორი 5. მსჯელობს, თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.

 

გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი თავის მაგიდაზე ქაოსურად განალაგებს წინასწარ შერჩეულ საგნებს. მთლიანობაში უნდა შეიქმნას ძლიერი არეულობის შთაბეჭდილება. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, ამჩნევენ თუ არა ისინი რაიმე უჩვეულოს საკლასო ოთახში; იპყრობს თუ არა რაიმე მათ ყურადღებას. სავარაუდოდ, მოსწავლეები მიუთითებენ მაგიდაზე. მასწავლებელი უსვამს შეკითხვებს: რით მიიპყრო ამ მაგიდამ მათი ყურადღება?

- უჩნდებათ თუ არა მათ რაიმეს შეცვლის სურვილი?
- თუ არა, რატომ? თუ კი, რატომ?
- როგორ შეცვლიდნენ მაგიდაზე რამეს?

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს, გამოვიდნენ და თავისი სურვილისამებრ დაალაგონ მაგიდა. მათ შეუძლიათ აიღონ რომელიმე საგანი მაგიდიდან ან პირიქით – დაამატონ. დანარჩენებმა უნდა გაიაზრონ, სრულად აკმაყოფილებთ თანაკლესელების მიერ დალაგებული მაგიდა თუ რაიმეს დამატება ან გამოკლება სურთ.

იმართება მოკლე დისკუსია, თუ რომელი თანაკლასელის დალაგებული მაგიდა მოეწონა კლასს ყველაზე მეტად.

მასწავლებელი აკეთებს დასკვნას: უწესრიგობა ჩვენში დალაგების სურვილს იწვევს. მოდით გავარკვიოთ, რატომ.

უწესრიგობა ოთახში 

მასწავლებელი ორ ფოტოსურათს აკრავს დაფაზე. ერთ სურათს ქაღალდს ააფარებს, მეორეს კი, რომელზეც მაგიდაზე ქაოსურად განლაგებული საგნებია გამოსახული, ღიად დატოვებს.

მასწავლებელი ასახელებს ერთ საგანს და სთხოვს მოსწავლეებს, იპოვონ ამ სურათზე.

შემდეგ მასწავლებელი ინიშნავს დროს, მოსწავლეები კი ამ საგნის პოვნისთანავე ასწევენ ხელს. მასწავლებელი აღნიშნავს, რამდენი წამი დასჭირდა საგნის პოვნას.

შემდეგ მასწავლებელი ხსნის მეორე სურათს, რომელზეც გამოსახულია უკვე დალაგებული იგივე მაგიდა.

დალაგებული მაგიდამოსწავლეები ათვალიერებენ მეორე სურათს. მასწავლებელი ინიშნავს დროს. მოსწავლეები ცდილობენ იპოვონ იგივე საგანი – სავარაუდოდ, უფრო სწრაფად პოულობენ და სწევენ ხელს. მასწავლებელი კვლავ აღნიშნავს, რამდენი წამი დასჭირდა საგნის პოვნას (სავარაუდოდ, ნაკლები).

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში მათ არაერთხელ შეაჩერეს მზერა ამ საგანზე, მაგრამ ვერ დაინახეს, რადგან უწესრიგობამ შეაფერხა მისი აღქმა. თუმცა საქმე არა მარტო წესიერად დალაგებულ ნივთებშია.

შემდეგ მასწავლებელი შეახსენებს I აქტივობას, როდესაც რამდენიმე მოსწავლეს დაევალა არეული მაგიდის დალაგება, კლასს კი ამ მოსწავლეების დალაგებულის შეფასება. მაშინ მოსწავლეებმა ქვეცნობიერად დაალაგეს მაგიდა ისე, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ნივთები უფრო კარგად გამოჩენილიყო. მასწავლებელი ეუბნენა, რომ იმ აქტივობის დროს განზრახ არ ახსენა კომპოზიცია, რათა ამ სიტყვით არ ეკარნახა მათთვის გარკვეული ქმედებები.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ერთად დააკვირდნენ, თუ როგორ შეიძლება კომპოზიციურმა განაწილებამ ნახატზე გამოსახულ ფიგურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს.

ის გამოფენს ორი მხატვრის: მარტინ დე ვოსისა და პაოლო ვერონეზეს ნამუშევრებს, რომლებზეც ასახულია ერთი და იგივე სიუჟეტი – “ქორწილი კანაში”.

შენიშვნა: უფრო ფართოდ არის ცნობილი პაოლო ვერონეზეს 1563 წელს შექმნილი იგივე სახელწოდების ნამუშევარი (იხ. ილუსტრაცია, ს.გ.VII.1. ინდიკატორი. 4.-ის აქტივობა, გვ. 42)

მასწავლებელი მოკლედ მოუთხრობს მოსწავლეებს ნამუშევრების სიუჟეტის შესახებ. სთხოვს, დააკვირდნენ მარტინ დე ვოსის ნახატს და იპოვონ ნეფე-პატარძალი.

დე ვოსი და ვერონეზე

მოსწავლეები აკვირდებიან ნახატს. მასწავლებელი ეკითხება, ადვილი იყო თუ არა მათი პოვნა. მოსწავლეები უპასუხებენ, (სავარაუდოდ) რომ მათი პოვნა იოლი იყო.

შემდეგ მოსწავლეები აკვირდებიან პაოლო ვერონეზეს იგივე სახელწოდების ნახატის დეტალს და ცდილობენ, იქაც იპოვონ ნეფე-პატარძალი.

მასწავლებელი ისევ ეკითხება, იოლი იყო თუ არა ნეფე-პატარძლის პოვნა ამ ნახატში. სავარაუდოდ, მოსწავლეებს მათი პოვნა უფრო გაუჭირდებოდათ. მასწავლებელი დაუსვამს კითხვას, რატომ გაუადვილდათ ან გაუჭირდათ ახალდაქორწინებულების პოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს გაუჭირდებათ პასუხის გაცემა, მასწავლებელს შეუძლია შემდეგნაირად აუხსნას: პირველ ნახატში მეტი ფიგურაა გამოსახული და ერთი შეხედვით, უფრო ქაოსურად არის განლაგებული, მაგრამ მეორე ნახატში ახალდაქორწინებულების შემჩნევა ბევრად რთული უნდა იყოს. მარტინ დე ვოსის ნეფე-პატარძალი სურათის ცენტრალური ფიგურის – ქრისტეს თავთან არიან გამოსახული და სურათის ცენტრში სხვა ფიგურებთან ერთად ერთგვარ წრეს ქმნიან.

დე ვოსის   

ვერონეზეს ნახატში კი ცენტრალური ფიგურა მხოლოდ ქრისტეა, შემდეგ – თამადა, რომელიც ახალდაქორწინებულებს ქრისტეს ნაკურთხი ღვინით ლოცავს. ვერონეზეს სწორედ ქრისტესა და მის მიერ ნაკურთხი ღვინის შესახებ უნდოდა მოგვითხროს. ნეფე-პატარძალი აქ მნახველისკენ ზურგით ზის და მათი ვინაობის ამოცნობა მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ თამადა ღვინის ჭიქას მათი მიმართულებით იშვერს. პატარძლის ამოცნობას მისი მკვეთრად განათებული ფიგურაც უწყობს ხელს.

ნეფე-პატარძალი

ესე იგი, პირველ ნახატში ნეფე-პატარძალი ცენტრალურ ფიგურათა წრეს ქმნის, მეორეში კი მათ ვინაობას მხოლოდ ნახატის შინაარსი გვიკარნახებს. აქედან გამომდინარე, ვერონეზეს ნახატში ფიგურების განლაგება შინაარსობრივად უფრო დატვირთულია. კერძოდ, თამადის მიერ ახალდაქორწინებულების ღვინით დალოცვა მიანიშნებს, რომ ქრისტემ, წყლის ღვინოდ გადაქცევით, თავად ნეფე-პატარძლის შეუღლება აკურთხა.

მარტინ დე ვოსის ნახატში მთავარი ფიგურები შემდეგი სქემით არის განლაგებული:

დე ვოსის ნახატი - ფიგურები  

აქ, როგორც უკვე აღინიშნა, ნეფე-პატარძლისა და მაგიდასთან მჯდარი ქალის ფიგურებით წრე იქმნება. ხოლო სამკუთხედს ქრისტე, მერიქიფე და ჭურჭლის ძირები ქმნიან. ფიგურების სამკუთხედი ქრისტეს ღვინის ჭურჭლის უკავშირებს, რაც მინიშნებას იმაზე, რომ ქრისტემ წყალი აკურთხა და ღვინოდ აქცია.

ვერონეზეს სურათში მთავარი ფიგურები შემდეგი სქემით არიან განლაგებული:

ვერონეზეს ნახატი - ფიგურები აქ ცენტრალური წრე თავად ქრისტეა, მარჯვენა ოვალი – თამადა, ხოლო მარცხენა – ნეფე-პატარძალი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სქემაში გამოსახულ ისარს მაყურებლის მზერა ქმნის, რომლის მიმართულებას თამადის ხელი კარნახობს. თავად სურათში ისრის ხაზი არ არსებობს.

დასკვნის სახით, მასწავლებელი ამბობს, რომ ერთი შეხედვით ქაოსურად განლაგებული ფიგურები ქმნიან წესრიგს, რომელიც მნახველს ნახატის შინაარს განუმარტავს და ამ წესრიგს სწორედ ნახატის კომპოზიცია ქმნის.

 

აქტივობა II

მომდევნო ნაწილი კავშირშია შემდეგ შედეგებთან:

ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციებისა და ემოციების გადმოსაცემად;

ინდიკატორი 3. ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგალითად, ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;

ინდიკატორი 4. გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;

ინდიკატორი 6. გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით;

ინდიკატორი 7. სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);

ინდიკატორი 9. ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.


ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია ასახვა ნამუშევარში.

ინდიკატორი 3. იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის;

ინდიკატორი 4. მარტივად გამოსახავს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად;

ინდიკატორი 5. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.

 

ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ინდიკატორი 1. წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე (მაგალითად, სასკოლო გამოფენაზე);

ინდიკატორი 2. საუბრობს მსგავსებებსა და განსხვავებებზე საკუთარ და სხვათა ნამუშევრებში;

ინდიკატორი 3. კორექტულია სხვის ნამუშევარზე საუბრისას;

ინდიკატორი 6. მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.


ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 1. იყენებს ფერის გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად;

ინდიკატორი 4. მიზანმიმართულად იყენებს კონტრასტულ და მონათესავე ფერებს;

ინდიკატორი 5. იყენებს ეფექტებს ასოციაციებისა და გრძნობების გადმოსაცემად.

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ინდიკატორი 3. იყენებს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს (შუქ-ჩრდილი, ფერი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი) ნამუშევარში ბუნების მოვლენების გადმოსაცემად;

 

ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს ასახვის გზებს ნამუშევარში.

ინდიკატორი 2. იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისთვის;

ინდიკატორი 3. იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად.

ინდიკატორი 4. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად. 


ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 2. აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.

ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.

ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად;

ინდიკატორი 2. ირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში;

ინდიკატორი 3. შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ შთაბეჭდილებებს, იდეებსა და გრძნობებს.

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს.


მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ ინდივიდუალურად და მათთვის სასურველ თემაზე დახატონ მრავალფიგურიანი კომპოზიცია, გაიხსენონ წინა აქტივობები, გაითვალისწინონ კომპოზიციის აგების პრინციპები. შემდეგ მოსწავლეები წყვილებად გადანაწილდებიან და წარადგენენ ერთმანეთის ნამუშევრებს. იმსჯელებენ, რა სიუჟეტია გამოსახული, შესაძლებელია თუ არა ნამუშევრის შინაარსის ამოცნობა, რამდენად და რა ხერხების გამოყენებით მოახერხა (და მოახერხა თუ არა) ავტორმა კომპოზიციაში მთავარი თემის გამოყოფა (ფერით, ფორმით, ზომით, შუქ-ჩრდილით და ა. შ.).

 

შეფასება:

მოსწავლეები ფასდებიან იმის მიხედვით, რამდენად შეუძლიათ გამოავლინონ:

• ნამუშევრის კომპოზიციური განაწილების შესახებ მსჯელობის უნარი;
• მრავალფიგურიანი კომპოზიციის გამოსახვისას მთავარის აქცენტირების უნარი მხატვრული ხერხების გამოყენებით.