სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები

დოკუმენტში ბავშვის განვითარება პირობითად ხუთ სფეროდ არის დაყოფილი: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველების განვითარება და სოციალურ-ემოციური განვითარება. ყოველი `სფერო `ქვესფეროებს~ მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, `მიმართულებებს აერთიანებს. თითოეულ `მიმართულებაში~ განსაზღვრულია `შედეგები. `შედეგი არის ბავშვის განვითარებაში დასახული კონკრეტული მიზანი. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის განვითარების მიზნები უცვლელია. მიზნის მიღწევაზე ზრუნვა გრძელდება ზოგადი განათლების მიღების ბოლო ეტაპამდე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უნარ-ჩვევების, ასევე დამოკიდებულებებისა და ღირებულებების განვითარებისათვის საფუძვლის ჩაყრა ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. ამდენად, სტანდარტებში განსაზღვრული `შედეგები დაბადებიდან 6 წლამდე არ იცვლება. იმისათვის, რომ კონკრეტულ ასაკში ვიცოდეთ, რა უნდა კეთდებოდეს თითოეული `შედეგის მისაღწევად, თითოეული შედეგისათვის განსაზღვრულია `ინდიკატორები. სწორედ `ინდიკატორი არის შედეგის მიღწევის მაჩვენებელი და ასაკის მიხედვით განვითარების დონის შესაბამისად იცვლება. `ინდიკატორები არის მკაფიო, ნათლად აღწერს ბავშვის ქცევას, რომელიც აღმზრდელმა ან მშობელმა ადვილად უნდა შეიცნოს და შემდგომში მასზე შესძლოს დაკვირვება.

 

 

მაგ: შედეგი I : ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობისას წარსულს, აწმყოსა და მომავალს

ინდიკატორი 5-დან 6 წლამდე: ადეკვატურად იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს: გუშინ, დღეს, ხვალ; სწორად პასუხობს კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ.

ინდიკატორი 3-დან 5 წლამდე: იყენებს დროსთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ., დღე/ღამე, გუშინ/დღეს). მაგ: შედეგი I : ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობისას წარსულს, აწმყოსა და მომავალს 

ყოველ შედეგს ინდიკატორების გარდა თან ახლავს "რჩევები მეურვეთათვის", რომლებიც აღმზრდელებსა და მშობლებს სთავაზობს იმ აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება ბავშვს დასახული შედეგის მიღწევაში. "რჩევები მეურვეთათვის" ზოგადი ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. "მეურვეში" იგულისხმება ის ადამიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე, ეს შეიძლება იყოს როგორც მშობელი, ოჯახის სხვა წევრი, ასევე საბავშვო ბაღის მასწავლებელი ან აღმზრდელი.

რჩევები მეურვეთათვის

ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალში ან/და რა მოხდა წარსულში (მაგ., `ამ დილით საუზმეზე რა ჭამე?, ან `ხვალ სადილისათვის რა მოგიმზადო?).


არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე ასაკისათვის არ არის მითითებული ინდიკატორი, მაგ.: 

შედეგი III:  ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას,  პატივისცემას 

ინდიკატორები 

0-6 თვე

 6-12 თვე

ამჩნევს ადამიანებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ნიშნებს (მაგ.: ამჟღავნებს ინტერესს ადამიანის მიმართ, რომელიც ატარებს სათვალეს ან განსაკუთრებული ბრწყინვალების მქონე სამკაულს). 

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკში მოცემული შედეგის განვითარების დამადასტურებელი მაჩვენებელი არ ვლინდება, ანუ - 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს უნარი განუვითარდეს, მას უნდა ჰქონდეს სხვადასხვაგვარი სათამაშო, რაც მითითებულია რჩევაში. ასევე არის შემთხვევა, როდესაც შედეგის ქვეშ კონკრეტულ ასაკში შეტანილია ინდიკატორი, რომელიც  ამ უნარის განვითარებისათვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მაგ.: 6-დან 12 თვემდე ბავშვი  სხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს, მაგრამ დამოკიდებულების  განვითარებას თავისი მოსამზადებელი ეტაპები აქვს: იწყება მარტივი თვალსაჩინო განსხვავების შემჩნევით (მაგ. სათვალის ტარება), ამას მოჰყვება თვალსაჩინო, მაგრამ უფრო რთული განსხვავების  შემჩნევა და მიღება (მაგ. სხვა ენაზე საუბარი), ამგვარი განსხვავებების შემჩნევასა და მიღებას კი უკვე ეფუძნება პატივისცემა.


პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა სტანდარტების შექმნის პროცესში

  • თითოეული ბავშვი თავისებურად სწავლობს და ვითარდება, რადგან ყოველ ბავშვს აქვს სწავლის ინდივიდუალური სტილი და განსხვავებული უნარები; 
  • ბავშვი სწავლობს გარემოს აქტიური შემეცნებისა და უსაფრთხო გარემოში (რომელშიც ცხოვრობს, სწავლობს, თამაშობს) საკუთარი აღმოჩენების გზით; 
  • ბავშვი სწავლობს მოზრდილებთან და თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
  • ბავშვი ახალს სწავლობს წარსულში შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რასაც საფუძველი ეყრება ბავშვის სხვა ბავშვებთან თამაშისა და მათთან სოციალური ურთიერთობების დროს; 
  • ბავშვები სწავლის პროცესში საუკეთესო შედეგებს აღწევენ მაშინ, როდესაც ჯანმრთელნი და სრულფასოვნად ნაკვებნი არიან; 
  • ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა მაშინ ეუფლება, როდესაც მას ყოველდღიური საქმიანობისას არჩევანის უფლება არ ეზღუდება; 
  • ბავშვის უპირველესი აღმზრდელები და მასწავლებლები ბავშვის ოჯახის წევრები არიან. 10 ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები.

  სტანდარტების გამოყენების გზები:

  • დოკუმენტი შეიძლება საფუძვლად დაედოს ადრეული ასაკის ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის შექმნას;
  • სტანდარტების შინაარსი დაეხმარება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშობელების, ბავშვის აღზრდისა და ბავშვის განვითარების პროგრამებზე; 
  • სტანდარტების დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესისათვის აუცილებელი გარემოს ორგანიზებასა და მოწყობისათვის, რომელიც პასუხობს ბავშვის მრავალმხრივი განვითარების მოთხოვნებს;
  • სტანდარტების დოკუმენტი არის სახელმძღვანელო საშუალება მასწავლებლების, მშობლებისა და აღმზრდელებისათვის, რათა მათ შეუქმნან ბავშვებს შესაფერისი სასწავლო და სააღმზრდელო გარემო;
  • დოკუმენტში მოცემულია რჩევები მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, რათა მათ კონკრეტული აქტივობით ხელი შეუწყონ ბავშვის უნარების განვითარებას. დოკუმენტში მოყვანილია მარტივი თამაშები და მითითებები, რომელთა გამოყენებით უფროსებს საშუალება მიეცემათ მიზანმიმართულად იმუშაონ ბავშვის თითოეული შედეგის მისაღწევად;
  • მასწავლებლებს შეეძლებათ დაგეგმონ სასწავლო პროცესი და მიუსადაგონ სასწავლო აქტივობები სტანდარტების დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მიზნებსა და ბავშვის განვითარების შედეგებს; 
  • სტანდარტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შედგენისა და დანერგვის პროცესში; 
  • სტანდარტების დოკუმენტი სახელმძღვანელო ხასიათისაა და მისი გამოყენება შესაძლებელია სასწავლო და სააღმზრდელო ფორმალურ და, ასევე, არაფორმალურ გარემოში. სტანდარტებში ჩამოყალიბებული ინფორმაცია დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს, რომ მათ უკეთ წარმართონ ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესი.


სტანდარტების გამოყენება დაუშვებელია:

  • სტანდარტების გამოყენება დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი უნარების სამედიცინო ან მეცნიერული შეფასებისათვის. სტანდარტებში ჩამოყალიბებული ინფორმაციის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისათვის "იარლიყის" მინიჭების მიზნით ან ბავშვების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი სწავლების შემდეგ საფეხურზე გადაყვანის შეფერხების მიზნით;
  • დაუშვებელია სტანდარტების დოკუმენტში ასახული მოლოდინებისა და სურვილების ნორმატივად გამოყენება, როდესაც ვაფასებთ ბავშვის განვითარებასა და მიღწევებს სწავლაში. სტანდარტში მითითებული ვადები მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა და არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს კონკრეტულ ასაკში უნდა შეეძლოს ამა თუ იმ ინდიკატორის ჩვენება (ითვლება, რომ სტანდარტებში მოცემული ინდიკატორების ჩვენება შეუძლია ბავშვების 40-60%-ს). მეორე მხრივ, მითითებული ვადები ხელს უწყობს მშობელსა და მასწავლებელს, რომ მხედველობაში იქონიონ ბავშვის გავითარების ყველა სფერო და დაეხმარონ ბავშვს მრავალმხრივ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები შეიძლება ერთ ინდიკატორს განსხვავებულ დროში აღწევდნენ, უფრო მოგვიანებით, ვიდრე ეს მითითებულია სტანდარტების დოკუმენტში. განსაკუთებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები კი, ალბათ ზოგიერთ ინდიკატორს უფრო ადრე მიაღწევენ, ვიდრე სხვა დანარჩენი ბავშვები.
  • წინამდებარე დოკუმენტი არ წარმოადგენს ბავშვის განვითარების ნიშნების ნაკრებს, ეს არის დამხმარე საშუალება სწავლა-აღზრდის პროცესის წარმართვისათვის. თუ ბავშვი მიეკუთვნება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა კატეგორიას, მისთვის ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც აისახება სტანდარტით განსაზღვრული ყველა სფერო, მაგრამ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ბავშვისათვის შემუშავებული ინდიკატორები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის განვითარებას.