სფერო - სწავლისადმი მიდგომა |
ადამიანს სამყაროს მიმართ დაბადებიდანვე აქტიური შემეცნებითი დამოკიდებულება აქვს.
ბავშვის ცნობისმოყვარეობა პირველივე თვეებიდან იჩენს თავს და ვითარდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. სწავლისადმი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფეროა სასკოლო მზაობისათვის. ბოლო წლებში მეცნიერები და პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ სფეროს კვლევასა და განვითარებას.
სწავლისადმი მიდგომა აერთიანებს სწავლისადმი დამოკიდებულებასა და სასწავლო უნარ-ჩვევებს. ამიტომ, სწავლისადმი მიდგომა მჭიდროდ უკავშირდება როგორც შემეცნებით, ასევე სოციალურ- ემოციურ სფეროს. სწავლისადმი დამოკიდებულება მოიცავს მოტივაციურ ასპექტებს, რომლებიც ხსნის რატომ და რისთვის სწავლობს ბავშვი, ხოლო სასწავლო უნარ-ჩვევები კი მოიცავს შემეცნებით ასპექტებს, რომლებიც ხსნის, თუ როგორ სწავლობს ბავშვი. ამ პრინციპზე დაყრდნობით სწავლისადმი მიდგომაში გამოვყავით ორი ქვესფერო: მოტივაცია და სასწავლო უნარები.
მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. ის აძლევს ბიძგს მოქმედებას. სწავლის მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის ჩართვას სწავლის პროცესში. მოტივაცია თავის მხრივ მოიცავს:
- ცნობისმოყვარეობას და ინტერესს, რომელიც გამოხატავს ბავშვის ცნობისწადილით აღსავსე დამოკიდებულებას, ახალი ინფორმაციის მოპოვების, ახალი გამოცდილების შეძენისა და სწავლის სურვილს.
- ინიციატივას და დამოუკიდებლობას, რომელიც გამოხატავს ბავშვის მზაობას ჩაერთოს მოქმედებაში, ნებაყოფლობით, თავისი სურვილით მიიღოს მონაწილეობა სასწავლო აქტივობებში, გამოიჩინოს გამბედაობა სიახლის ათვისებაში.
სასწავლო უნარები გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების გზასა და სტილს. სასწავლო უნარები მოიცავს:
- ყურადღების კონცენტრაციას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს მიმართოს ყურადღება საქმიანობაზე და ბოლომდე შეინარჩუნოს იგი, არ გადაერთოს სხვა საკითხზე მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულებამდე.
- შემოქმედებითობასა და გამომგონებლობას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს, გაიღრმაოს არსებული ცოდნა, გამოიყენოს წარმოსახვა და გონებაში გარდაქმნას ფორმები და სახეები, რომლებსაც იმ მომენტში რეალურად ვერ ხედავს.
- პრობლემის გადაჭრას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს გაუმკლავდეს რთულ სიტუაციას, მოძებნოს გამოსავალი და რამდენიმე ხერხით სცადოს პრობლემის გადაჭრა.
- აზრის გამოხატვასა და რეალობასთან კავშირს, რომელიც ემსახურება ბავშვის ეტაპობრივ მომზადებას სიმბოლოების გამოყენებისა და გაგებისათვის. განზოგადების უნარის განვითარებას.
- გააზრებას და ინტერპრეტაციას, რომელიც გამოხატავს მოსწავლის უნარს, ისწავლოს გამოცდილებაზე დაყრდნობით – გაიგოს, აითვისოს ინფორმაცია და გამოიყენოს გამოცდილება იმისათვის, რომ წინასწარ მოიაზროს, დაგეგმოს მომავალი მოქმედება.
- კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევას, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების პროცესებს, საშუალებებს. ბავშვი ამ ასაკში სამყაროს შესახებ ინფორმაციას ძირითადად ობიექტებთან უშუალო კონტაქტით, მოსინჯვით, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს. იკვლევს ობიექტებს, მასალებსა და მათ მახასიათებლებს, აღმოაჩენს ცვალებადობასა და განმეორებადობას, მსგავსებასა და განსხვავებას. სვამს შეკითხვებს, როგორ და რატომ მოქმედებენ საგნები ამგვარად.
ძირითადი სტრატეგიები
თითოეულ ბავშვს ახასიათებს განვითარების ინდივიდუალური ტემპი და უპირატესი, ანუ მისთვის ყველაზე ახლობელი, გამორჩეული სფერო, ასევე სწავლის სტილი და ინფორმაციის მიღების უპირატესი, უფრო მეტად განვითარებული არხი (მხედველობითი, სმენითი, მოტორული) აქვს. უფროსმა უნდა გაითვალისწინოს ეს მრავალფეროვნება და ერთი მხრივ, გაუადვილოს ბავშვს ინფორმაციის მიღება, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მას, თანდათანობით აითვისოს სწავლის სხვადასხვა ხერხები.
- დაუთმეთ დრო თითოეული ბავშვის ყოველდღიური გამოცდილების შესწავლას სახლში, აზოგადოებაში;
- შეუქმენით ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღების საშუალება, რათა ბიძგი მიეცეს მათ განვითარებას! აამოქმედებინეთ ხუთივე შეგრძნება (მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო);
- მიეცით მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალება, რათა ხელი შეუწყოთ შემოქმედებითობის განვითარებას და წინ აღუდგეთ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას;
- გულისხმიერებით მოეკიდეთ ბავშვის შემეცნებით ინტერესებს, გაეცით კორექტული პასუხი მის შეკითხვებს, დააკმაყოფლეთ მისი ინტერესები;
- ეთამაშეთ და ესაუბრეთ ბავშვს ყოველდღე, რათა ხელი შეუწყოთ და წაახალისოთ მის მიერ გარემოს შემეცნება! მიეცით დრო, რათა დაუფიქრდეს მოვლენებს, ობიექტებს და შეძლოს აღმოჩენის გზით სწავლა;
- გაუმარტივეთ რთული, კომპლექსური ამოცანა, დაყავით შედარებით მცირე, მარტივ ნაწილებად და განუსაზღვრეთ ამ ამოცანის გადასაჭრელად დასახული ნაბიჯების თანმიმდევრობა;
- დღის განმავლობაში ჩართეთ ბავშვი მრავალფეროვან მოქმედებებში, რათა შეუნარჩუნოთ მაღალი მოტივაცია და ინტერესი.