ცდა 7. ენერგიის სხვადასხვა წყარო (EN)
შედეგი: Desktop/Einstein%20Lab/qim.IX">ქიმ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ქიმიური რეაქციების როლი ახალი მასალების წარმოებასა და ენერგიის მიღებაში.
რას ვიკვლევთ: ენერგიის სხვადასხვა წყაროს მნიშვნელობა.
რეკომენდაცია: აქტივობა ჩაატარეთ ჯგუფურად.
აქტივობის მიზანი: ენერგიის სხვადასხვა წყაროს შესწავლა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; გამოყენების ასპექტები.
რესურსები: სახელმძღვანელოები; ენციკლოპედია; წიგნები; კომპიუტერი; ინტერნეტი; პოსტერი; მარკერი.
ზოგადი რეკომენდაციები პროექტის მოსამზადებლად: მოსწავლეების მიერ პროექტის მომზადების მიზანია მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, კომუნიკაციის უნარის ამაღლება, გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა და საპრეზენტაციო უნარების განვითარება. პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას და თავისუფალი აზრის გამოთქმას. მოსწავლეები პროექტს ასრულებენ დამოუკიდებლად, მასწავლებელი უწევს მათ ხელმძღვანელობას და აძლევს რეკომენდაციებს. პროექტის შესრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია სათაურის შერჩევა და მიზნის სწორად განსაზღვრა. მოსწავლეებს მიეცით დროის რაღაც მონაკვეთი, რათა ისინი პროექტზე მუშაობის დროს მიეჩვიონ დროის განაწილებას. პირველ ეტაპზე სთხოვეთ მოსწავლეებს, შერჩეულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროდან მოიძიონ ინფორმაცია. ისარგებლონ სკოლის ან, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის რომელიმე ბიბლიოთეკით, გამოიყენონ ინტერნეტ-რესურსები. პროექტი უნდა მოიცავდეს თემის შესაბამისი უკვე არსებული ლიტერატურის მცირე მიმოხილვას, მიზანს და აქტუალობას. გამოკვეთილი უნდა იყოს შესასრულებელი ამოცანები და ამ ამოცანების შესრულების გზები. პროექტი შეიძლება იყოს თეორიული (ამ შემთხვევაში პროექტი ემყარება თემის შესახებ უკვე არსებული მასალების შესწავლას და მათ გაანალიზებას სხვადასხვა კუთხით) ან ექსპრიმენტული (ამ
შემთხვევაში მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს და ექსპერიმენტის საფუძველზე გამოაქვთ დასკვნები). შესაძლოა, მოსწავლეებმა შეადგინონ და გამოიყენონ კითხვარი სხვადასხვა საკითხზე თავიანთი თანატოლების ან უფროსების ინფორმირებულობის ან აზრის გამოსაკვლევად. შემდეგ დაამუშაონ შედეგები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. პროექტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს სამუშაოს მიმდინარეობის მოკლე აღწერას. მოსწავლეებმა შედეგები უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა სახით (მაგ. ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები). პროექტის ბოლოს აუცილებელია შეჯამება და დასკვნების გამოტანა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა პროექტს უნდა დაურთოთ გამოყენებული ლიტერატურის სია, როგორც წიგნების, ასევე ელექტრონული რესურსების. ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი პროექტის შერულების მოკლე აღწერა.
მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ ზეპირი პრეზენტაციის ან სასტენდო მოხსენების (პოსტერის) სახით და მიეცეთ საშუალება რომ, შესაფასონ თანატოლების მიერ მომზადებული პროექტები.
ქვემოთ შემოთავაზებულ ცხრილში მოცემულია, ზოგადად, პროექტის შემადგენელი კომპონენტები:
აქტივობის მიმდინარეობა:
- მოსწავლეები დაყავით 5 ჯგუფად;
- თითოეულ ჯგუფს მიეცით დავალება: მოამზადოს პროექტი ენერგიის წყაროებზე: თბოენერგეტიკა; ჰიდროენერგეტიკა; ბირთვული ენერგია; ქარის ენერგია; მზის ენერგია;
- სთხოვეთ მოსწავლეებს, თითოეულმა ჯგუფმა ნამუშევარი წარმოადგინოს პოსტერის ან პრეზენტაციის სახით;
- მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი თითოეული პროექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია ზოგადად: მის ტექნოლოგიურ სქემას. მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, სად მოიძონ მოსწავლეებმა სათანადო ინფორმაცია (მაგ., მოიძიონ ენციკლოპედიაში).
- სულ ცოტა,სამ ღირსებას, რომელიც ახასიათებს მათ მიერ შესწავლილ ტექნოლოგიას. აგრეთვე, რით სჯობს ესა თუ ის ტექნოლოგია სხვას
- და კონკრეტულ მაგალითებს.
- სულ ცოტა, სამ ნაკლს, რომელიც ახასიათებს მათ მიერ შესწავლილ ტექნოლოგიას და ხელს უშლის ამ ტექნოლოგიის გამოყენებას და კონკრეტულ მაგალითებს.
- აღწერილი მეთოდის სამომავლო პერსპექტივებს: არის თუ არა რაიმე გაუმჯობესება ენერგიის ამა თუ იმ წყაროს ეფექტურობაში. სათანადო კონკრეტულ მაგალითებს.
- შესაბამის დასკვნებს ამა თუ იმ ტექნოლოგიის ეფექტურობაზე და სხვა ტექნოლოგიებთან შედარების შედეგებს.
- მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მითითებული უნდა ჰქონდეთ მათ მიერ გამოყენებული ინფორმაციის წყარო: წიგნი, ჟურნალი და/ან ინტერნეტ- რესურსი.
- პრეზენტაცია უნდა იყოს 5-7 წუთის ხანგრძლიობის. მასში უნდა მონაწილეობდეს ჯგუფის ყველა წევრი. თითოეული მოსწავლე უნდა შეფასდეს არა მარტო თემატიკის ცოდნის, არამედ ნამუშევრის წარმოდგენის უნარ-ჩვევების მიხედვითაც.