საზ. მეც.V-VI.4. (EN)

Grade V, Grade VI

მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს და გამოიყენოს ქრონოლოგიური ერთეულები (წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემა (ძველი და ახალი ერა).

Directions:დრო და სივრცე
Subject group:Social Sciences
Subject:Our Georgia

indicators

  • უფარდებს დროის ერთეულებს ერთმანეთს (მაგ. ათასწლეული - 10   საუკუნე; საუკუნე - 100 წელი და ა. შ.);
  • იყენებს ტერმინებს - ძველი ერა/ახალი ერა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე/ჩვენი წელთაღრიცხვით, ძველი წელთაღრიცხვით/ ახალი წელთაღრიცხვით, ქრისტეშობამდე/ქრისტეშობიდან;
  • დროის ხაზზე (სკალაზე) აღნიშნავს კონკრეტულ ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს.  

resources

Activities

აქტივობა დავიწყოთ კლასში დასმული კითხვებით: დღეს რომელი საუკუნეა?  რომელ ათასწლეულში ვართ?  პირველ კითხვაზე ყველა ბავშვი სწორ პასუხს გაგვცემს,  მეორეზე კი დაიწყებენ ფიქრს და ვარაუდს. ბოლოს ერთი ბავშვი მაინც იტყვის სწორ პასუხს. იმისათვის, რომ „იმ ერთის” პასუხი ყველასათვის დამაჯერებელი იყოს, მასთან ერთად ავაგოთ დაფაზე დროის ხაზი. დავყოთ 21 მონაკვეთად და მოსწავლეს დავაწერინოთ ზედ ციფრები.

გადავათვლევინოთ პირველი ათი საუკუნე  და ფიგურული ფრჩხილით მოვნიშნოთ.

შემდეგ მომდევნო ათი საუკუნე გადავათვლევინოთ და ისიც მოვნიშნოთ. ასე „გადავალთ” მესამე ათასწლეულში. ვფიქრობთ, ამგვარი მიდგომით ეს საკითხი ნათელი გახდება ბავშვებისათვის. ეს აქტივობა დავამთავროთ იმით, რომ დაფაზე შესრულებული ნახაზი რვეულებში გადავატანინოთ საკუთარი ხელით. ასეთ ნახაზს მომავალ გაკვეთილებზეც ხშირად გამოვიყენებთ.

წინასწარ შევადგინოთ სავარჯიშოები (კარნახი). ეს იქნება ცალკეული ფრაზები ქრონოლოგიური ერთეულებით:

1. ვახტანგ გორგასალი მოღვაწეობდა მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში;

2. ამჟამად ოცდამეერთე საუკუნეა;

3. საქართველო მეოთხე საუკუნეში გაქრისტიანდა და ა.შ.

 

გამოვიყვანოთ დაფასთან ერთი მოსწავლე და ვუკარნახოთ პირველი ფრაზა. თუ მან ჩანაწერი გააკეთა არაბული ციფრებით, მეორე მოსწავლეს ვთხოვოთ, დაწეროს იგივე რომაული ციფრებით. მაგალითად: ამჟამად 21-ე საუკუნეა ან ამჟამად XXI საუკუნეა.

ასეთი მიდგომით შევასრულებინოთ ყველა  დავალება.  სასურველია,  ამ  აქტივობაში ყველამ მიიღოს მონაწილეობა. ასეთი ვარჯიშით მოსწავლეები თანდათან განამტკიცებენ ცოდნას.

 

აქტივობა №3.

უმარტივესი აქტივობა, რომელიც ამ ასაკის მოსწავლეებთან შეგვიძლია, შევიტანოთ, მათი ასაკის გამოთვლაა. აქტივობა დავყოთ ორ ეტაპად:

ა) ქვეშმიწერით გამოვაკლებინოთ 2011 წელს მათი ასაკი, მაგალითად, 11 წელი და მათი დაბადების თარიღი გამოვა 2000 წელი.

ბ) გავავლოთ დაფაზე ჰორიზონტალური ხაზი, ავაგოთ სკალა თითო წლის შუალედით ნულიდან თერთმეტ წლამდე. ეს მოსწავლის ცხოვრების გზა იქნება. ამის შემდეგ შევთავაზოთ სკალაზე „ღირსშესანიშნავი” ამბების დატანა საკუთარი ცხოვრებიდან, მაგალითად, რომელ წელს შევიდნენ საბავშვო ბაღში, სკოლაში, რომელ წელს შეეძინათ და ან ძმა და ა.შ.

გ)  გავავლოთ დაფაზე ჰორიზონტალური ხაზი, მარცხენა  კუთხეში დავწეროთ 2000 წელი – მათი დაბადების თარიღი – ავაგოთ სკალა თითო წლის შუალედით და მოვიდეთ 2011 წლამდე. ამ სკალაზე დავატანინოთ იგივე მოვლენები, რაც წინა სკალაზე დაიტანა.

აქტივობის აღწერა

დროდადრო მოსწავლეებს შევუდგენთ მარტივ წერილობით სავარჯიშოებს ქრონოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება სამი სახისა იყოს:

1. გამოითვალეთ, რამდენი ს ა უ კ უ ნ ე აშორებს ორ თარიღს – ძველსა და ახალს ანუ მაშინდელს და ახლანდელს.

 

1. „ვეფხისტყაოსანი” დაიწერა მე-12 საუკუნეში. რამდენი საუკუნის წინ მომხდარა ეს?

2. მე-7 საუკუნეში საქართველოში არაბები შემოიჭრნენ. რამდენი საუკუნის წინ მომხდარა ეს?

2. გამოითვალეთ, რამდენი წ ე ლ ი აშორებს  ორ თარიღს – ძველსა და ახალს, მაშინდელს და ახლანდელს.

 

 1. 337 წელს ქრისტიანობა ქართლში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?

3. გამოითვალეთ მანძილი ნებისმიერ ორ თარიღს შორის:

1. დავით აღმაშენებელი ტახტზე ავიდა 1089 წელს. იგი მაშინ 16 წლისა იყო. რომელ წელს დაბადებულა დავითი?

 

 

ყველაზე რთულად მისახვედრი  ძველი და ახალი წელთაღრიცხვის რაობა  და გამოთვლაა.

მათემატიკური სისტემის აგების  გარეშე,  მოსწავლე  ვერავითარ  შემთხვევაში, აბსტრაქტულად ვერ წარმოიდგენს ამ საკითხს და ვერ გამოთვლის სწორად. ამიტომ, დროის შკალა უნდა ავაგოთ დაფაზე ცარცით, მის თვალწინ. ვუთხრათ, რომ პირობითად, ქრისტეს დაბადების წელი აღებულია ათვლის წერტილად. სწორედ ამ მოვლენამ გაყო კაცობრიობის ისტორია ძველ და ახალ ერად. რაც ქრისტეს  დაბადებამდე მოხდა, იმ პერიოდს ვუწოდებთ ქრისტეშობამდე-ს, ხოლო რაც მის შემდეგ, ქრისტეშობის შემდეგს.

 

დავსვათ ორი ტიპის კითხვა, ერთით გამოვათვლევინოთ საუკუნე, მეორით – წელი:

 

1. პირველი ქართული ფული მოიჭრა კოლხეთში, ძვ.წ მე-6 საუკუნეში. რამდენ საუკუნეს მოიცავს ქართული ფულის ისტორია?

 

2. ძვ. წ. 65 წელს ქართლი დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. რამდენი წელი გვაშო- რებს ამ ლაშქრობას?

 

დროის შკალის მოშველიებით ვუხსნით, რომ ქრისტეშობამდე მომხდარი ამბავი რომ გამოვთვალოთ, უნდა შევკრიბოთ ზღვარს იქით და ზღვარს აქეთ  მოცემული ორი თარიღი. პირველი დავალების შემთხვევაში გამოთვლიან, რომ ქართული ფულის ისტორია მოიცავს 27 საუკუნეს – 6 საუკუნეს იქით და 21 საუკუნეს – აქეთ.

მეორე დავალებაშიც შეკრებენ პომპეუსის ქართლში შემოსვლის თარიღს – 65 წელს და დღევანდელ თარიღს – 2011 წელს და მივიღებთ 2076 წელს.