თავი VII. სავალდებულო და არჩევითი საგნები

 

მუხლი 37. საგნების დაჯგუფების მთავარი პრინციპები

1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:

ა) სახელმწიფო ენა;

ბ) მათემატიკა; 

გ) უცხოური ენები;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ვ) ტექნოლოგიები;

ზ) ესთეტიკური აღზრდა;

თ) სპორტი.

2. საგნობრივი ჯგუფები, საგნობრივი კომპეტენციების მიხედვით, მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს.

3. საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს.

4. საგნობრივ ჯგუფებში შემავალი საგნები ისწავლება სავალდებულო და/ან არჩევითი სახით ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.

5. დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო  სპეციალიზებულად ისწავლება.

 


 

მუხლი 38. სახელმწიფო ენა

1. სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება  I-XII კლასებში);

გ) ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართუელენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება  I-XII კლასებში).

2. სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე/ენებზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების,   საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით  გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.

3. ქართულს, როგორც მეორე ენას, სწავლობენ არაქართულენოვანი მოსწავლეები.  

 


 

მუხლი 39. მათემატიკა

1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება  I-XII კლასებში).

2. მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.

 


 

მუხლი 40. უცხოური ენები

1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლებაVII– XII კლასებში).

2. პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.

3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორისა – VII კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის დადგენილი გამონაკლისისა).

4. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან.

5. უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციისუნარი.

6. დასაშვებია, რომ არაქართულენოვანმა სკოლებმა/სექტორებმა თავიანთ მოსწავლეებს, მშობლიური და სახელმწიფო ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.

7. უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმითკომუნიკაციაუცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადიყურადღებაუნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებისუნარის განვითარებას.

8. უცხოური ენის საგნობრივი სტანდარტები შედგენილია ენის ფლობის დონეების მიხედვით და საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის. საგნობრივი პროგრამების შინაარსი ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე ენას, თუმცა სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს ამ ენების ნაცვლად სხვა ენა/ენები შესთავაზოს, რაც უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.

9.  საშუალო საფეხურის დასრულებისას ერთ-ერთ უცხოურ ენაში მოსწავლე უნდა ფლობდეს სIII-სVI დონეს (B1), ხოლო მეორე უცხოურ ენაში - სII დონეს (A2).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 02.09.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 28.09.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

 


 

მუხლი 41. საზოგადოებრივი მეცნიერებები

1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ჩვენი საქართველო  (ისწავლება V-VI  კლასებში);

ბ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია  (ისწავლება  VII- VIII, XI -XII  კლასებში);

გ) საქართველოს ისტორია (ისწავლება  IX კლასში);

დ) შესავალი ისტორიაში (ისწავლება  X კლასებში);

ე) გეოგრაფია  (ისწავლება VII- VIII კლასებში);

ვ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

ზ) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);

თ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);

ი) სამოქალაქო განათლება (ისწავლება  IX-X კლასებში);

კ) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (ისწავლება IV, VIII და XII კლასებში);

ლ) საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (ისწავლება XI კლასში);

2. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში;  ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 .

 


 

მუხლი 42. საბუნებისმეტყველო  მეცნიერებები

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება(ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (ისწავლებაVII კლასში);

გ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში);

დ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში);

ე)  ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში).

2. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე  მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

 


 

მუხლი 43. ტექნოლოგიები

1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) (ისწავლება I, V-VI  კლასებში); იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დროისათვის დასრულებული აქვთ დაწყებითი საფეხური (სწავლობენ საბაზო ან საშუალო საფეხურზე), სკოლის დასრულებისთვის დაძლეული უნდა ჰქონდეთ ისტ-ის პირველი დონე მაინც. ასეთ შემთხვევაში სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისტ-ის სწავლება საბაზო-საშუალო საფეხურის რომელიმე კლასში.

2. ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.

 


 

მუხლი 44. ესთეტიკური აღზრდა

1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-IX კლასებში);

ბ) მუსიკა (ისწავლება I-IX კლასებში);

გ) ქართული ცეკვა (ისწავლება IV კლასში).

2. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის უნარები; დაეხმაროს მათ  ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან  ზიარებაში.

 


 

მუხლი 45. სპორტი

1. სპორტის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი სპორტი (ისწავლება I-XII კლასებში).

2. სპორტის სწავლების  მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, ასევე, საგნის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

3. სსსმ მოსწავლეები (კერძოდ, ფიზიკური პრობლემების მქონე: საინვალიდო ეტლით მოსარგებლე, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე და სხვ.) სპორტის გაკვეთილებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.

 


 

მუხლი 46.  არჩევითი საგნები

1. საშუალო საფეხურზე სკოლას შეუძლია საკუთარი რესურსებისა და მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზოს მათ სხვადასხვა საგანი.

2. არჩევითი საგნების სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გამდიდრება. საკუთარი სურვილის მიხედვით არჩეული რამდენიმე საგნის სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროში და უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარი მიდრეკილებებისა და მომავალში ასარჩევი გეზის შესახებ.

3. X-XII კლასებში მოსწავლემ უნდა ისწავლოს არჩევითი საგნები 5 სემესტრის განმავლობაში.

4. არჩევითი საგანი შეიძლება იყოს ერთმოდულიანი ან ორმოდულიანი. განსხვავებულია არჩევითი საგნების მოდულების ხანგრძლივობაც. ზოგი მოდული გათვლილია ერთ სემესტრზე, ზოგიერთიკი – ორზე. მოსწავლემ, შესაძFლებელია, ისწავლოს ორმოდულიანი საგნის მხოლოდ პირველი მოდული. გამონაკლისია არჩევითი საგანი „მესამე უცხოური ენა“, რომელიც მოცემულია ენის ფლობის დონეების მიხედვით. ამ საგნისთვის გამოიყენება უცხოური ენის არსებული საგნობრივი პროგრამა.

5. არჩევითი საგნის თითოეულიმოდულიფასდება  ცალ-ცალკე;

6. არჩევითი საგნები ისწავლება კვირაში ორსაათიანი დატვირთვით;

7. XII კლასის მეორე სემესტრში არჩევითი საგნები არ ისწავლება;

8. არჩევითი საგნების სწავლებისას შესაძლებელია კლასი დაკომპლექტდეს საშუალო საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან;

9. შესაძლებლობების შემთხვევაში, სასურველია სკოლამ მოსწავლეებს შესთავაზოს არჩევითი საგნების მაქსიმალურად ფართო არჩევანი.

10. არჩევითი საგნების ნუსხა 

               ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი
საგნის დასახელება ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით მოდულის რაოდენობა კლასი
1. ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია 1 1 X/XI/XII
2. კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები 1 1 X/XI/XII
       
ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი
საგნის დასახელება ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით მოდულის რაოდენობა კლასი
3. ამერიკისმცოდნეობა 2 1 X/XI/XII
4. გეოგრაფიული კვლევა 2 1 X/XI/XII
5. ეკონომიკა და სახელმწიფო 2 1 XI/XII
6. თეატრალური ხელოვნება 2 1 X/XI/XII
7. მეწარმეობის საფუძვლები 2 1 X/XI/XII
8. კომპიუტერული მეცნიერება 2 1 X/XI/XII
9. მსოფლიო კულტურა 2 1 X/XI/XII
10.  მულტიმედია და დიზაინი 2 1 X/XI/XII
11. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი 2 1 X/XI/XII
12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი; 2 1 X/XI/XII
13. ფოლკლორი და მითოლოგია 2 1 X/XI/XII
14. XIX –XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა 2 1 X/XI/XII
15. ხელოვნების ისტორია 2 1 X/XI/XII
16. სახელმწიფო და სამართალი 2 1 XI/XII
17.  ბუნების ძეგლების მონიტორინგი 2 1 X/XI/XII
18. საქართველოს ეთნოგრაფია        2 1 X/XI/XII
19. ფოლკლორული ანსამბლი 2 1 X/XI/XII
       
ორმოდულიანი საგნები, რომლის თითო მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი (სკოლამ შესაძლებელია სურვილის მიხედვით ასწავლოს ან მხოლოდ ერთი მოდული, ან ორივე მოდული)
საგნის დასახელება ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით მოდულის რაოდენობა კლასი
20. კინოხელოვნება 1 2 X/XI/XII
21. მესამე უცხოური ენა     X/XI/XII
22.  მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი 1 2 X/XI/XII
23. სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა 1 2 I მოდ. -  X/XI/XII    
II მოდ. -  XI/XII
24. ქიმიური ტექნოლოგიები 1 2 XI/XII
25. შესავალი თანამედროვე ფიზიკაში 1 2 I მოდ. -  XI/XII  
II მოდ. -  XII
26. ხაზვა 1 2 X/XI/XII
27. ასტრონომია 1 2 XI/XII
28. გარემო და მდგრადი განვითარება 1 2 X/XI/XII

აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 28.09.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №163/ნ - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

 


 

მუხლი 47. „აბიტურის საათი“

სავალდებულო და არჩევითი საგნების გარდა მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე.წ. „აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება სკოლის გამოსაშვები გამოცდა. აღნიშნული "საათის" მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეს თითოულ კონკრეტულ საგანში ნასწავლი მასალის გამეორებას სკოლის გამოსაშვები გამოცდისათვის განსაზღვრული პროგრამის მიხედვით.