თავი II. საგანმანათლებლო რესურსები


მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა

1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება  როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.

2. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

3. სკოლამ უნდა შეიმუშაოს და მოსწავლეებს გააცნოს სკოლაში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები.



  

მუხლი 9. საგანმანათლებლო რესურსების ტიპები

საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა)  გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;

ბ)  დამხმარე ლიტერატურა;

გ)  საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;

დ)  სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);

ე)  ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.

 


  

მუხლი 10.  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

1. სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.

2. სახელმძღვანელოებს ირჩევენ მასწავლებლები/კათედრები (კათედრების    არსებობის შემთხვევაში).

3. პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, კლასების/საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოების ნუსხას.

4. შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში.

5. ხუთწლიანი ვადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, რომელიც სახელმძღვანელოების შეცვლას მოითხოვს;

ბ) სახელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად ჩამოერთმევაგრიფი. 

6. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სკოლა ვალდებულია თავიდან შეარჩიოს შესაბამისი კლასის/საგნის სახელმძღვანელო, დადგენილი წესის შესაბამისად. 

7. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი. 

8. სახელმძღვანელოს არჩევისას მასწავლებლებს შეუძლიათ გაეცნონ რესურსცენტრებში განთავსებულ სახელმძღვანელოების ეგზემპლარებს. 

9. სკოლამ არჩეული სახელმძღვანელოების სია უნდა გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას სასწავლო წლის დაწყებამდე  მინიმუმ ერთი კვირით ადრე. 

10. მასწავლებელს უფლება აქვს, სწავლებისას მხოლოდ დამხმარე/დამატებითი მასალის სახით, გამოიყენოს ნებისმიერი სასწავლო მასალა. ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს/სკოლას  ეკრძალება, მოსთხოვოს მოსწავლეს არაგრიფირებული სახელმძღვანელოების/სხვა სასწავლო მასალის შეძენა.

11. (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის ბრძანება №56/ნ - ვეგვერდი, 05.03.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 16.08.2013წ.