კარი I.

სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები

 თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება

 

მუხლი 1. ზოგადი განათლების საფეხურები       

1. სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს თორმეტწლიან სწავლებას. 

2. სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

ა) დაწყებითი - I-VI კლასები;

ბ) საბაზო - VII-IX  კლასები;

გ) საშუალო - X-XII კლასები.

3. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

4. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

 


  

მუხლი 2. ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები

1. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;  

ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიურიდამოკიდებულებადა სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება.

2. სწავლის ხუთი წლის ასაკიდან დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ კლასში:

ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;

ბ)გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დრო უნდა დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს  (3-5 წთ);

გ) რეკომენდებულიაგაკვეთილიმიმდინარეობდეს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ. საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში);

დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.

3. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; 

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

4. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

 


 

მუხლი 3. სასწავლო წლის კალენდარი საჯარო სკოლაში

1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა  განისაზღვრება კანონმდებლობით.

3. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ. 

4. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის   შემცირების მიზნით.

5. გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

 


  

მუხლი  4.  მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლაში

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის  წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის  №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით დამტკიცებულ სკოლებში კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.

3. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18. გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება დადგენილი ნორმის შესაბამისი, სკოლა ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კლასის გაყოფის/შეერთების/არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით დატოვების თაობაზე.

5. მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განმსაზღვრელი წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წელს სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას.  უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან ამორიცხვას.

6. კლასის გაყოფა დასაშვებია ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.

7. ქართულ, როგორც მეორე ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ  ენის ფლობის დონეების მიხედვით.

8. მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების  შექმნა. კლას-კომპლექტებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.

9. კლას-კომპლექტების შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ისინი შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით).

10. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  სავალდებულო საათების რაოდენობა.

11. კლას-კომპლექტებშისწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №231/ნ - ვებგვერდი, 22.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №242/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

 


  

მუხლი 5. სკოლის საერთო კულტურა

1. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.

2. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისთვის.

3. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სპორტულ, სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც იქნებიან ჩართულნი.

 


  

მუხლი 6. დამრიგებელი

1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.

2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

3. დამრიგებლის მოვალეობებია:

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);

გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;

ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ზ)  (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);

თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევისანალიზიმასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე  გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია)  მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).

ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური  ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

 


 

მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში

1. საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ., მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.

2. კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);

გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

ზ) რეკომენდაციების შემუშავებასწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

თ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენებისანალიზი.

3. კათედრების მოწყობა:

ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.

4. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);

გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

5. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.