When I read....

აქტივობის შესახებ

იმისათვის, რომ მოსწავლეებს თავიდანვე ჩამოუყალიბდეთ წიგნთან მუშაობის სწორი ჩვევები, სასურველია, რომ ისინი შეეჩვიონ საკუთარი კითხვის პროცესზე დაკვირვებას, რათა შემდგომში შეძლონ მისი დახვეწა და რეგულირება.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

  1. ისწავლიან საკუთარი კითხვის პროცესზე დაკვირვებას და მის რეგულირებას;
  2. გააზრებულად გამოიყენებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
  3. გაიცნობენ და გამოიყენებენ ახალ სტრატეგიებს;
  4. განუვითარდებათ თვითშეფასების უნარი;
  5. განუვითარდებათ საკუთარი  არჩევანის/გადაწყვეტილების  დასაბუთების უნარი.

 

რესურსები

საკითხავი წიგნი/სახელმძღვანელო,  დაფა, ცარცი/დმარკერი,  ფურცლები, ფანქრები.

 

აქტივობის აღწერა

  1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მცირე ზომის ტექსტს კლასში დამოუკიდებლად წასაკითხად და აძლევს გარკვეულ დროს. ამავე დროს, წინასწარ აფრთხილებს მათ, რომ წიგნის გადაშლისთანავე დააკვირდნენ თავიანთ მოქმედებებს: რას აკვირდებიან ისინი კითხვის დაწყებამდე, რას აკეთებენ, როდესაც კითხულობენ და რაზე ფიქრობენ, როდესაც კითხვას ამთავრებენ.
  2. სანამ მოსწავლეები კითხვას დაასრულებენ, მასწავლებელი დაფაზე წერს თვითშეფასების მარტივ სქემას:

 

კითხვის დაწყებამდე

  • სწორად დავჯექი მაგიდასთან
  • წიგნი ისე დავიდე წინ, რომ კარგად დამენახა ასოები მოვამზადე ფანქარი

 

კითხვის დროს

  • თითს ვაყოლებდი ასოებს
  • ფანქრით ვხაზავდი უცნობ სიტყვებს

 

კითხვის შემდეგ

დავფიქრდი, რა გავიგე ახალი და საინტერესო დავფიქრდი, გავიგე თუ არა ყველაფერი

3. როდესაც მოსწავლეები კითხვას დაასრულებენ, მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს ფურცლებს, რომლებზეც იგივე სქემაა მოცემული. კითხულობს ხმამაღლა  და როდესაც დარწმუნდება,  რომ ყველა მოსწავლემ გაიგო თითოეული პუნქტი, სთხოვს მათ დამოუკიდებლად იმუშაონ. მოსწავლემ თითოეული პუნქტის გასწვრივ მოთავსებულ კვადრატში რაიმე სიმბოლოთი (* , + , √) თავადვე უნდა აღნიშნოს, რომელი მოქმედება შეასრულა. შენიშვნა: ცხადია, პირველ ეტაპზე შესაძლებელია ჩამოთვლილი პუნქტების რაოდენობის შემცირება. 

4. სამუშაოს ამ ეტაპის დასრულების შემდეგ იწყება განხილვა. მასწავლებელი აგროვებს ფურცლებს და ეკითხება მოსწავლეებს, თუ რატომ გამოიყენა ან არ გამოიყენა ესა თუ ის ხერხი, დაეხმარა თუ არა მას ამ ხერხის გამოყენება და ა.შ.

 

შეფასება

 ეს აქტივობა მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ასევე, მისი მიმდინარეობისას თავისუფლადაა შესაძლებელი როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასების გამოყენებაც. ამრიგად, ამ აქტივობით შეგვიძლია შევაფასოთ:

  • აკვირდება  თუ არა მოსწავლე  საკუთარი  სწავლის  (ამ  შემთხვევაში,  კითხვის) პროცესს;
  • გააზრებულად იყენებს თუ არა მოსწავლე კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
  • აქვს თუ არა მოსწავლეს წიგნთან  მუშაობის საწყისი ჩვევები;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს მის მიერ გამოყენებული სტრატეგიის ამოცნობა;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება და შესრულება;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს იმსჯელოს და დაასაბუთოს, რატომ გამოიყენა ესა თუ ის სტრატეგია.

 

მეთოდური მითითება

მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით, სასურველია, ამ ამ ტიპის აქტივობები დაიგეგმოს და ჩატარდეს მაღალ კლასებშიც. (მისი გართულებული ვარიანტი იხილეთ იხილოთ შედეგისთვის IV.10.)