ვქმნით ერთად. (EN)

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება შემოქმედებითი წერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. იგი აერთიანებს ოთხ ეტაპს.


აქტივობის მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • თვითგამოხატვის უნარების განვითარება;
  • თანამშრომლობის  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • სწავლის პროცესის ორგანიზების უნარის განვითარება.
  •  

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

კალმები, საწერი ფურცლები თითოეული მოსწავლისათვის.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ზეპირად უხსნის მოსწავლეებს, რაში მდგომარეობს აქტივობის არსი: მოსწავლეებმა უნდა შეთხზან და დაწერონ რაიმე სიუჟეტი/მოთხრობა/ისტორია. აქტივობის პირველ ეტაპზე მოსწავლეები თხზავენ სიუჟეტის დასაწყისს, მეორე ეტაპზე - შუა ნაწილს, მესამე ეტაპზე - დასასრულს. ამასთან, მოსწავლეები არ წერენ ერთ სიუჟეტს თავიდან  ბოლომდე. ისინი იწყებენ სიუჟეტის წერას, შემდეგ აგრძელებენ თანაკლასელის მიერ დაწყებულ სიუჟეტს (წერენ შუა ნაწილს); დაბოლოს, დაასრულებენ თანაკლასელების მიერ მოფიქრებული სიუჟეტს (სიუჟეტის დასაწყისსა და შუა ნაწილს). აქტივობის დასასრულს, მოსწავლეები ასწორებენ თანაკლასელების ნამუშევარს. მასწავლებელი გააფრთხილებს მოსწავლეებს, რომ თითოეული ეტაპისათვის გამოყოფილია გარკვეული დრო.

პირველი ეტაპი: მოსწავლეები შეუდგებიან წერას (საწერ ფურცლებზე არ უთითებენ თავიანთ ვინაობას): თხზავენ სიუჟეტის დასაწყისს, სადაც წარმოდგენილი იქნება პერსო- ნაჟები, მოქმედების დრო და ადგილი.

მეორე ეტაპი: 5-7 წუთის შემდეგ თითოეული მოსწავლე, მასწავლებლის მითითებით, თავის ერთ თანაკლასელს გაუცვლის ნაწერს; წაიკითხავს თანაკლასელის მიერ მოფიქრებულ დასაწყისს (პერსონაჟებს, მოქმედების ადგილს, დროს) და გააგრძელებს სიუჟეტურ ხაზს თავისი წარმოსახვით.

მესამე ეტაპი: 5-7  წუთის შემდეგ თითოეული მოსწავლე, მასწავლებლის მითითებით, თავის ერთ რომელიმე თანაკლასელს გაუცვლის ნაწერს; წაიკითხავს თანაკლასელების მიერ მოფიქრებულ დასაწყისსა და შუა ნაწილს და დაასრულებს სიუჟეტს თავისი წარმოსახვით.

მეოთხე ეტაპი: სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაცვლიან საწერ ფურცლებს. თითოეულ მათგანს დაევალება, გაასწოროს თანაკლასელების ნამუშევარი, მოახდინოს რედაქტირება-კორექტირება და გადაათეთროს იგი. ამ სამუშაოსათვის მოსწავლეებს  7-8  წუთი მიეცემათ.

მოსწავლეთა  მიერ  შესრულებული  ნამუშევრები  შეიკრიბება  და ერთად აიკინძება ბროშურის სახით, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოსწავლისათვის. ამ გზით თითოეულ მათგანს  შეეძლება, გაეცნოს თანაკლასელების ნამუშევრებს; თვალი გაადევნოს, როგორ განვითარდა/როგორ დასრულდა მის მიერ მოფიქრებული სიუჟეტი (დასაწყისი და/ან შუა ნაწილი).

აქტივობის ხანგრძლივობა: პირველი სამი ეტაპისათვის მოსწავლეებს ეძლევათ 5-7 წუთი, მეოთხე ეტაპისთვის - 7-8 წუთი.

აქტივობის საერთო ხანგრძლივობაა დაახლ. 30 -35 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • სიუჟეტური ხაზის ამოცნობა და განვითარება;
  • ადეკვატური ლექსიკის გამოყენება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა;
  • სხვისი ნამუშევრის შეფასება;
  • ნაწერის გასწორება (რედაქტირება, კორექტირება).

   

მეთოდური მითითებები

  • აქტივობის პირველ ეტაპზე მასწავლებელმა უნდა მიუთითოს მოსწავლეებს, რომ დასაწყისის წერისას მათ უნდა წარმოაჩინონ: პერსონაჟი/პერსონაჟები, მოქმედების დროს, მოქმედების ადგილი.
  • მიზანშეწონილი არ არის პერსონაჟებად თანაკლასელების, მასწავლებლებისა და მისთ. გამოყვანა.
  • აქტივობის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, თითოეულ მოსწავლეს მასწავლებელი მიუთითებს, რომელ თანაკლასელს უნდა  გაუცვალოს თავისი ნამუშევარი (ეს არ უნდა იყოს გვერდით ან ახლოს მჯდომი თანაკლასელი).


კავშირი სხვა საგნებთან

აღნიშნული აქტივობა ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, აგრეთვე შემოქმედებით უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების შესწავლის დროს.