შევანაცვლოთ მთხრობელი. (EN)
აქტივობის შესახებ
აქტივობა დაკავშირებულია უშუალოდ წერის პროცესთან და ორ ეტაპს აერთიანებს. პირველი ეტაპი სრულდება წყვილებში მუშაობით, მეორე - ინდივიდუალურად. აქტივობის პირველი ეტაპი მოიცავს ზეპირმეტყველებისა და კითხვის მიმართულებებს.
აქტივობა ემსახურება ტექსტის გააზრების, წერის დროს ენობრივ-გრამატიკული ნორმების, გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
აქტივობის მიზნები
- ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
- წერითი მეტყველების დროს მართებული ენობრივ-გრამატიკული ნორმების, გრამატიკული ელემენტების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
- მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შევსება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
წყვილური (პირველი ეტაპი), ინდივიდუალური (მეორე ეტაპი).
რესურსები
დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.
აქტივობის აღწერა
ამ ტიპის წერითი დავალება გულისხმობს ტექსტის შინაარსის სხვა მთხრობლის პირით გადმოცემას. სამუშაო ჯერ ნაწარმოების კითხვის, მერე კი ზეპირმეტყველების დონეზე უნდა დამუშავდეს. შემდეგ მასწავლებელი დააწყვილებს მოსწავლეებს.
წყვილებში მუშაობის გზით, მოსწავლეები შეადგენენ იმ ნაცვალსახელების სიას, რომლებსაც გამოიყენებენ ამა თუ იმ პერსონაჟის აღსანიშნავად მთხრობლის შეცვლისას. მაგალითად, ტექსტში “ბებია და ზურიკელა” (ნ. დუმბაძე) მთხრობელი ზურიკელაა. აღწერილი აქტივობის შესასრულებლად, მოსწავლეებს დაევალებათ, რომ ტექსტის მოკლე შინაარსი გადმოსცენ ზურიკელას ბებიის პირით. იგივე აქტივობა შეიძლება ჩავატაროთ, მაგ., ტექსტზე “შვლის ნუკრის ნაამბობი”. მოსწავლეებს შეიძლება დაევალოთ, რომ ტექსტის რომელიმე ეპიზოდი გადმოსცენ ავტორის (ვაჟა-ფშაველას) პირით.
აქტივობის ხანგრძლივობა: 10 წუთი (პირველი ეტაპი), 10-12 წუთი (ინდივიდუალური).
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- ნაცვალსახელთა ჯგუფების განსაზღვრა და მართებულად გამოყენება კონტექსტის მიხედვით;
- სახელთა შეწყობა ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით;
- ზმნური კონსტრუქციების ცვალებადობის გათვალისწინება;
- ტექსტის შინაარსის თანამიმდევრულად გადმოცემა წერის დროს;
- სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება;
- თანამშრომლობა.