სარკისებრი სიმეტრია (EN)

ტიპური აქტივობები  

5. აქტივობა I. "სარკისებრი სიმეტრია"  

მოსწავლეები მოკეცავენ სახატავ ფურცელს შუაზე და გაშლიან. ვინაიდან მოსწავლებმა სიმეტრიული ნახატი უნდა შეასრულონ, მასწავლებელმა უნდა განმარტოს, რომ ნაკეცი, რომელიც ფურცელს შუაზე გაჰყოფს, სიმეტრიის წარმოსახვითი ღერძი იქნება. მოსწავლეებმა უნდა დახატონ ისეთი ნახატი, რომელიც ამ ღერძის ორივე მხარეს (სარკისებურად) ერთნაირი იქნება. მოსწავლეებისთვის ამოცანის პირობის მარტივად გაგებისთვის, უმჯობესია, ჯერ ფურცლის ერთ ნახევარზე საღებავებით (სწრაფად, რათა არ გაშრეს საღებავი) რაიმე ფიგურის - თევზი, ჩიტი, ყვავილი, ადამიანი - დახატვა და საღებავის გაშრობამდე ფურცლის მეორე ნახევრის მასზე დაფარება (ამ შემთხვევაში საკმარისია, ხელისგულებით დაპრესონ და ფრთხილად გაშალონ ფურცელი. მოსწავლეებმა არ უნდა წაუსვან ნახატს თითები, რათა არ დაირღვეს იგი). სველი საღებავის კვალი სარკისებურად აღიბეჭდება ფურცლის მეორე მხარეს და მივიღებთ ნახატის ზუსტ, სიმეტრიულ (სარკისებრ) ასლს.

მოსწავლეებმა უნდა დაამთავრონ ნამუშევარი იმის  მიხედვით, თუ რა არის გამოსახული მათ ნახატზე – ფიგურებს ისე მიუხატონ მცენარეები, წყალმცენარეები, რომ ნახატი შეძლებისდაგვარად სიმეტრიული იყოს – ყველაფერი, რაც სიმეტრიის ღერძის ერთ მხარეს დაიხატება, მოსწავლეებმა სარკისებურად უნდა გაიმეორონ ღერძის მეორე მხარესაც.

  

რესურსები

5.I. სახატავი ფურცლები, გუაში, ფუნჯი, ფლომასტერები.

  

შენიშვნა

5.I. შესაძლებელია, აგრეთვე, მოსწავლეებმა სიმეტრიულ გამოსახულებებს მიუხატონ შესაფერისი დეტალები – ტოტები, ყვავილები, წყალმცენარეები... ან გამოჭრან ლაქები, ერთმანეთს დააწებონ და გააკეთონ მობილი ან ნაძვის  ხის სათამაშოები.

 

5. აქტივობა II. "სიმეტრიული ორნამენტი" 

მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ფურცლებს, რომლებზეც მარტივი გეომეტრიული ორნამენტის მხოლოდ ნახევარი ხატია. მოსწავლეებმა სიმეტრიის დაურღვევლად უნდა დაასრულონ ორნამენტი (იხ. დანართი).

 

რესურსები

5.II. წინასწარ მომზადებული ფურცლები, რომლებზეც მარტივი გეომეტრიული ორნამენტის მხოლოდ ნახევარი ხატია. უბრალო ფანქარი.

  

შენიშვნა

5.II. ეს აქტივობა, გარდა დასმული ამოცანისა, ავარჯიშებს კონცენტრაციას და მოძრაობის კოორდინაციას. მსგავს სავარჯიშოებს მომავალში შეიძლება დაეთმოს (სხვა აქტივობის დაწყებამდე) 10-15 წუთი. მასწავლებელმა არ უნდა მოსთხოვოს მოსწავლეებს იდეალური სიმეტრია, რაც ხანგრძლივ ვარჯიშს მოითხოვს და მათთვის ძნელი მისაღწევია.

* მასწავლებელმა უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ ხელებით ჰაერში ხატვისას განსაზღვრონ თავიანთი მოძრაობები, რათა გვერდით მჯდომ მეგობარს არ მოარტყან, არ შეუშალონ ხელი.


 

5. აქტივობა III. "ასიმეტრიული პეიზაჟი"

(2 ფანქრით, ორივე ხელით ერთდროულად ხატვა)

მოსწავლეები ჯერ ვარჯიშობენ – ორივე ხელის სინქრონული მოძრაობით* ჰაერში ხატავენ წარმოსახვით გეომეტრიულ ფიგურებს, შემდეგ იგივეს ასრულებენ სავარჯიშო ფურცელზე - მოსწავლეები ორივე ხელით, ორი ფანქრით ხატავენ გეომეტრიულ ფიგურებს. ავიღოთ, მაგ. სამკუთხედი – ორივე ფანქრის წვერი იდება ერთმანეთის გვერდით, ერთ წერტილში და აქედან ერთდროულად ორი ხელით იხატება სამკუთხედის გვერდები და ფუძე (აქ ხელები ერთმანეთისკენ იწყებენ მოძრაობას და ხაზი ერთდება). ასევე დახატავენ ოთხკუთხედს – თითოეული ხელი ერთდროულად, სინქრონულად ხატავს მართკუთხედის მარჯვენა და მარცხენა ნახევარს (ხატვა იწყება ზემოთ, შუაში, მთავრდება ხაზების შეერთებით ქვემოთ, შუაში). შემდგომში ამ ხერხით იხატება სახლი (სამკუთხედი + ოთხკუთხედი).

სახატავი ფურცელი წარმოსახვით უნდა გაიყოს შუაზე ან მკრთალად, უბრალო ფანქრით დაიხატოს ფურცლის შუაზე გამყოფი ღერძი. პირველად იხატება სახლის სახურავი - ხატვას იწყებენ ღერძიდან (იხ. სამკუთხედი), რომელსაც ორივე ხელით ერთდროულად, ორივე მხრიდან მიუხატავენ კედლებს (იხ. ოთხკუთხედი). შემდეგ სახლს მიუხატავენ ფანჯრებს – ღერძიდან თანაბრად დაშორებულ მანძილებზე, ოთხკუთხედში ორივე ხელით ერთდროულად, მაგრამ ხელები თავთავის დამოუკიდებელ ოთხკუთხედს - ფანჯარას ხატავს. შემდეგ სახლს მიუხატავენ მიწას – ცენტრიდან ხელების ერთდროული საწინააღმდეგო მიმართულებით. დახატავენ ერთდროულად, სახლის აქეთ-იქით თანაბრად დაშორებულ ორ ყვავილს, ორ ხეს და ა.შ.

  

რესურსები

5.III. უბრალი ფანქარი, სავარჯიშო ფურცელი, სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები.