საკითხი – როლი – აუდიტორია – ფორმატი. (EN)

აქტივობის შესახებ

აქტივობა ტარდება წერის წინა ეტაპზე. იგი გამოიყენება ნარატივის (თხრობითი ტექსტის) აგების სხვადასხვა სტრატეგიის ასათვისებლად.

 

აქტივობის  მიზნები

  • ნარატივის აგების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება (დასახული მიზნის გათვალისწინებით);
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 მთელი კლასის მონაწილეობით (პირველი ნაწილი), წყვილური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის  აღწერა

წერითი  სამუშაოს  შესრულებამდე  მასწავლებელი  დაფაზე ხაზავს შემდეგ ოთხსვეტიან ცხრილს:

 

ნიმუში.

 ოთხსვეტიანი ცხრილი

მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეები ერთობლივად ავსებენ მას ჰიპოთეტური ვარიანტებით.

ვარიანტების ჩამოწერის შემდეგ მოსწავლეები ამოირჩევენ ერთ-ერთს, რომელიც საფუძვლად დაედება მათ წერით ნამუშევარს. დასაშვებია აგრეთვე, რომ თითოეულმა მოსწავლემ დამოუკიდებლად აირჩიოს სასურველი ვარიანტი.

წერის დაწყებამდე ცხრილში მოცემული ჩამონათვლის ყოველი კომპონენტი ზეპირმეტყველების დონეზე უნდა დამუშავდეს წყვილებში ან ჯგუფებში მსჯელობის/განხილვის გზით.

განხილვის შემდეგ მოსწავლეებს წერით დავალებად მიეცემათ, აირჩიონ ერთ-ერთი თემა და აღწერონ ამბავი 3 კომპონენტის (მწერლის, აუდიტორიისა და ფორმატის გათვალისწინებით). მაგ., გმირობის ამბავი: ა) ჟურნალისტი ინტერვიუს ართმევს გმირობის ჩამდენს; თვითმხილველი აღწერს თავის წერილში ოჯახის წევრების მიმართ, ისტორიკოსი უყვება მოსწავლეებს; ბ) მზის როლი მცენარეთა ზრდის პროცესში: მცენარე წარმოთქვამს მონოლოგს, უსმენენ სხვები; ფესვები ერთმანეთს ესაუბრებიან, ხოლო თხუნელა ისმენს; მეცნიერი სტუდენტების წინაშე პრეზენტაციას მართავს; გ) მეფის ცხოვრება: შემთხვევით აღმოჩენილ ისტორიულ წყაროში უცნობი ისტორიკოსი მომავალ თაობებს უყვება რომელიმე მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; ხელქვეითი წერს სახოტბო ლექსს, რომელიც უნდა წარმოთქვას დიდებულებისთვის გამართულ ნადიმზე; დედოფლის დღიური, რომელიც უნდა წაიკითხოს მეფისწულმა მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდება, მისთ.

აქტივობის ხანგრძლივობა: 18-20 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა;
  • სასურველი მხატვრული ფორმის შერჩევა;
  • ორიგინალური იდეის ფორმულირება;
  • საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • ადეკვატური ენობრივი მასალის შერჩევა და გამოყენება;
  • აუდიტორიის განსაზღვრა, ციტირება.