Safety sign board
აქტივობის შესახებ
აქტივობა ემსახურება მოსწავლეთა წერითი მეტყველების განვითარებას, უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების ათვისებას.
აქტივობის მიზნები
- მოსწავლეთა წერითი და ცხოვრებისეული გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირება;
- მარტივი ყოფითი ტექსტების შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება;
- გარემოში ქცევის ელემენტარული წესების გამომუშავება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივივიდუალური.
რესურსები
დაფა, ცარცი/ბორდმარკერი, კალამი, რვეული, ფანქრები, ფლომასტრები.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს გაესაუბრება უსაფრთხო ქცევის წესებზე; განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა; აუხსნის მოსწავლეებს, რომ უსაფრთხოების წესების დასაცავად საჭიროა ყურადღებით წავიკითხოთ გამაფრთხილებელი აბრები; დაფაზე დაწერს ან გააკრავს გამაფრთხილებელი აბრების ერთ-ორ ნიმუშს. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ, უნახავთ თუ არა მათ გამაფრთხილებელი აბრები და სად (ვთქვათ, ქუჩაში: ”მანქანის გაჩერება აკრძალულია”; ტრანსპორტში: ”დაიცავით მგზავრობის წესები”; სხვ.).
მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს ერთ-ერთ თემაზე, მაგ., ქუჩაში მოძრაობის წესებზე. შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ქუჩაში მოძრაობას შუქმნიშანი აწესრიგებს; სთხოვს მათ, გაიხსენონ, რა იციან შუქნიშნის შესახებ.
საკითხის ზეპირი მსჯელობის გზით დამუშავების შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს თემასთან დაკავშირებულ ცალკეულ სიტყვებს და შესთავაზებს მოსწავლეებს, ამ სიტყვების გამოყენებით შექმნან გამაფრთხილებელი აბრა.
ნიმუში.
წესები შუქნიშანს მოძრაობის დაიცავით და დაუჯერეთ (”დაიცავით მოძრაობის წესები და დაუჯერეთ შუქმნიშანს”).
საშინაო დავალების სახით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შექმნან ერთი გამაფრთხილებელი აბრა (თემა მასწავლებელმა უნდა დაუსახელოს). სურვილისამებრ, მოსწავლეებს შეუძლიათ, გააფორმონ მათ მიერ მოფიქრებული ნიმუშები.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- წერის დროს ცხოვრებისეული გამოცდილების გამოყენება;
- მოდელის მიხედვით მარტივი ყოფითი ტექსტის შექმნა;
- დასახული მიზნის ადეკვატური სტილისტური ნორმებისა და გრამატიკული ელე- მენტების გამოყენება.
მეთოდური მითითება
ამავე თემასთან (ქუჩაში მოძრაობის წესები) დაკავშირებული აქტივობა წარმოდგენილია დანართში (იხ. საინფორმაციო ტექსტების 4 ტიპი და მისი გრაფიკული მაორგანიზებლები, აქტივობა ”საპნის ბუშტები”), თუმცა ამ უკანასკნელში თემა დამუშავებულია გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენებით. ერთ თემასთან დაკავშირებული ორი აქტივობა ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეიძლება ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვაგვარად დამუშავება.
კავშირი სხვა საგნებთან
აქტივობა ხელს უწყობს უსაფრთხო ქცევის ელემენტარული ნორმების გამომუშავებას და, ამდენად, დაკავშირებულია ბუნებისმეტყველებასთან (იხ. ბუნ. I. 7).