Reader's theater

რესურსები

 წასაკითხი ტექსტის ქსეროასლები.

 

აქტივობის აღწერა

მკითხველის თეატრი გულისხმობს ნაწარმოების ხმამაღალ როლურ კითხვაში მოსწავლეების ჩართვას. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას. მოსწავლეები (მკითხველები) გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციებს და მოქმედ პირთა ხასიათს ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით. მკითხველის თეატრი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთდროულად ივარჯიშონ კითხვისა და მეტყველების უნარების განვითარებაში.  მოსაწავლეები სწავლობენ გამომსახველობით კითხვას.

მკითხველის თეატრის ჩატარებამდე უნდა განაწილდეს ტექსტი და განისაზღვროს როლები (მაგალითად, მთხრობელი, მოქმედი პირები). ყოველმა მოსწავლემ რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ტექსტი ჩუმად. ისინი იმდენჯერ კითხულობენ ტექსტს, რამდენჯერაც საჭირო იქნება საკუთარ შესაძლებლობაში დასარწმუნებლად, როლის „შესაგუებლად”, თავისუფლად წასაკითხად.  კარგი იქნება, თუ მოსწავლეები  საკუთარ როლს მონიშნავენ მარკერებით. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მათ ყველა გაუგებარი სიტყვა თუ ფრაზა. მონაწილეთა ერთი ნაწილი განლაგდება ნახევარწრედ, მეორე მაყურებელია. შემდეგ როლები იცვლება.

 

შეფასება

შეფასება შეიძლება მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • იყო თუ არა ყველა სიტყვა მკაფიოდ წარმოთქმული;
  • იყო თუ არა გათვალისწინებული პერსონაჟის ხასიათი ტონის, ჟესტებისა და მიმიკის გამოყენებისას;
  • იყო თუ არა სწორად გაგებული პუნქტუაცია;
  • იყო თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან.

 

მეთოდური მითითება

ამ ეტაპზე მკითხველთა თეატრისათვის უნდა შეირჩეს მცირე ზომის ტექსტი, რომელშიც, სასურველია, იყოს სულ მცირე სამი როლი. ამ აქტივობის ჩატარება მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვა. ის ერთდროულად მიმართულია კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაზე.