პერიფრაზისა და კომენტარის ”წიგნაკები. (EN)
აქტივობის შესახებ
აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; აგრეთვე საკუთარი დამოკიდებულების/თვალსაზრისის/დასკვნების/დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აქტივობა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს წერის წინა ეტაპზე.
აღწერილი აქტივობის შემთხვევაში, ”წიგნაკი” პირობით სახელწოდებას წარმოადგენს, კერძოდ, ”წიგნაკი” აქ გულისხმობს მარტივ მაორგანიზებელ ცხრილს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის შინაარსის აღქმაში, გაანალიზებაში, საკუთარი თვალსაზრისის/შეხედულებების/დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში (ცხრილების ნიმუშები წარმოდგენილია ქვემოთ. იხ. ”აქტივობის აღწერა”). აქტივობის ჩასატარებლად მოსწავლეებმა ცხრილი რვეულებში უნდა გადაიხაზონ.
აქტივობის მიზნები
- მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
- ტექსტის შინაარსის გააზრებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
- საკუთარი დამოკიდებულების/თვალსაზრისის ზეპირად და წერილობით გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური/ჯგუფური/წყვილური.
რესურსები
ცხრილი, კალამი, რვეული, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (შესაძლებელია სახელმძღვანელოზე დართული ლექსიკონის გამოყენებაც).
აქტივობის აღწერა
ტექსტების დამუშავების დროს, მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ, შეავსონ ორი წიგნაკი - ”პერიფრაზისა და განმარტების წიგნაკი” და ”კომენტარის წიგნაკი”.
”პერიფრაზისა და განმარტების წიგნაკის” შევსებისას მოსწავლეებმა, ციტირების წესების დაცვით, ტექსტიდან უნდა ამოწერონ ის ადგილები, რომლებშიც უცხო სიტყვები, იდიომები, არქაიზმები შეხვდებათ, გასწვრივ კი უნდა მიუწერონ თავიანთი სავარაუდო განმარტებები და/ან პერიფრაზი (თუნდაც მცდარი), რომლებსაც ისინი დაწერენ კონტექსტზე დაყრდნობით.
ნიმუში 1: ”პერიფრაზისა და განმარტების წიგნაკი”. ტექსტი: იროდიონ ევდოშვილი, “რას გალობს შაშვი”?
(მოსწავლის ნამუშევრის სტილი დაცულია)
ცხრილის შევსების შემდეგ მასაწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოძებნონ სათანადო სიტყვა ლექსიკონში და შეადარონ თავიანთი განმარტება ლექსიკონის განმარტებას.
2. ”კომენტარის წიგნაკი”.
”კომენტარის წიგნაკი” წარმოადგენს ”პერიფრაზისა და განმარტების წიგნაკის” გართულებულ ვარიანტს. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს ევალებათ, რომ დასამუშავებელი ტექსტიდან ამოიღონ რაიმე აზრი, ავტორის რემარკა, მოქმედი პირის მახასიათებელი პასაჟი თუ სხვა (ციტატის ან პერიფრაზის სახით) და გვერდით მიუწერონ თავიანთი კომენტარი. კომენტარი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მოსწავლის სუბიექტური შეფასება, ანალოგია, პარალელი, პირად გამოცდილებასთან იდენტიფიცირება, საკითხის განზოგადება თუ სხვ. “განმარტებისა და პერიფრაზის წიგნაკისგან” განსხვავებით, “კომენტარის წიგნაკი” უფრო ანალიზისკენაა მიმართული. თუ განმარტების დროს მოსწავლე მხოლოდ ავტორის ნააზრევის და/ან შინაარსის წვდომასა და სხვაგვარი ფორმულირებით გადმოცემას ცდილობს, კომენტირებისას მოთხოვნა იცვლება - მოსწავლე ავითარებს საკუთარ იდეებს, აყალიბებს მათ, პოულობს ზუსტ ვერბალურ ფორმულირებებს, სიცხადესა და სიზუსტეს სძენს თავის მო- საზრებას, რასაც, შემდგომ, წერის მეორე ეტაპზე, დასრულებული ფორმატის ნაწერში (შინაარსის დაწერა, დახასიათება და ა. შ.) უფრო ჩამოყალიბებულად და ვრცლად წარმოადგენს.
ნიმუში 2: ”კომენტარის წიგნაკი” (მოსწავლის ნამუშევრის სტილი დაცულია).
”წიგნაკებზე” მუშაობა შეიძლება წარიმართოს ინდივიდუალურად, მასწავლებლის მიერ გამოყოფილი დროის განმავლობაში. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წაიკითხავენ თავიანთ ნაწერს და იმსჯელებენ კომენტარის/პერიფრაზის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
”წიგნაკების” შევსებისა და მათი განხილვის შემდეგ, მოსწავლეები მზად არიან წერითი დავალების (ტექსტის შინაარსის, პერსონაჟის დახასიათების და ა.შ.) დასაწერად.
“პერიფრაზისა და კომენტარის წიგნაკებზე” მუშაობა ეფექტიან საკლასო აქტივობად იქცევა ჯგუფებში ან წყვილებში თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში მასწავლებელი კლასს წყვილებად დაყოფს.
დავუშვათ, კლასი დაიყო წყვილებად. პირველ წყვილს მასწავლებელი დაავალებს მხოლოდ “პერიფრაზის წიგნაკზე” მუშაობას, მეორეს კი - “კომენტარის წიგნაკზე.” ”წიგნაკების” შევსების შემდეგ წყვილები წარმოადგენენ თავიანთ ნაწერებს და აანალიზებენ მათ. ამავე გზით წარიმართება მუშაობა კლასის ჯგუფებად დაყოფის შემთხვევაშიც: ჯგუფების ერთი ნაწილი “პერიფრაზის წიგნაკზე” იმუშავებს, მეორე კი “კომენტარის წიგნაკზე.”
სამივე შემთხვევაში (ინდივიდუალური აქტივობა, წყვილური აქტივობა, ჯგუფური აქტივობა) ”წიგნაკების” შევსებას უნდა მოსდევდეს ჩანაწერების საერთო საკლასო განხილვა.
აქტივობის ხანგრძლივობა: 17-18 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა;
- ტექსტის გაანალიზება;
- პირადი თვალსაზრისის/დამოკიდებულების გამოხატვა ზეპირად და წერილობით;
- გამართული სინტაქსური კონსტრუქციების აგება, სასვენი
- მრავალფეროვანი ლექსიკის გამოყენება, ციტირება;
- თანამშრომლობა.
მეთოდური მითითება
მნიშვნელოვანია, რომ ”წიგნაკების” შევსებას მათი ზეპირი განხილვა და მსჯელობა მოჰყვეს - ეს შეიძლება მოსწავლეებს დაეხმაროს ახალი იდეების, ხედვისა და მიდგომების გამომუშავებაში.