Paragraph, sentence, word
აქტივობის შესახებ
იმისათვის, რომ მოსწავლე წარმატებული მკითხველი იყოს, აუცილებელია, რომ მან ისწავლოს ტექსტში ორიენტირება, თავისუფლად შეძლოს მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცნობა.
აქტივობის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ
- ტექსტის სტრუქტურული ერთეულების აღქმას;
- ტექსტში ორიენტირებას;
- ტექსტში მითითებული ადგილის მოძიებასა და წაკითხვას.
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, საწერი კალამი.
აქტივობის აღწერა
- ორ ან სამაბზაციანი ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს ან კითხულობს ერთ წინადადებას ამ ტექსტიდან და სთხოვს მოსწავლეებს, მოცემულ მონაკვეთში (მაგ., პირველ აბზაცში, ბოლო აბზაცში და ა.შ.) მოძებნონ ამ წინადადების წინა ან მომდევნო წინადადება და ხმამაღლა წაიკითხონ იგი.
- მასწავლებელი დაფაზე წერს წინადადებას, რომელშიც გამოტოვებულია ერთი ან ორი სიტყვა. იგი სთხოვს მოსწავლეებს, ტექსტის გარკვეულ მონაკვეთში მოძებნონ მოცემული წინადადება და აღადგინონ გამოტოვებული სიტყვა. შენიშვნა: ეს აქტივობა შესაძლებელია შესრულდეს ზეპირადაც (მოსწავლეებმა დაასახელონ გამოტოვებული სიტყვა და შემდეგ წაიკითხონ წინადადება აღდგენილი სახით) და წერილობითაც (გადაიწერონ წიგნიდან წინადადება ან მოცემულ წინადადებაში გამოტოვებულ ადგილას ჩაწერონ საჭირო სიტყვა).
შეფასება
ამ აქტივობით შეიძლება შეფასდეს, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- ტექსტის სტრუქტურული ერთეულების - აბზაცის, წინადადების, სიტყვის - აღქმა;
- ტექსტში მითითებული ადგილის მონახვა და წაკითხვა
- ტექსტის ყურადღებით წაკითხვა.
მეთოდური მითითება
- თავდაპირველად, სასურველია, მეტი მინიშნება მივცეთ მოსწავლეებს, მივუთითოთ მათ მონაკვეთი ან აბზაცი, სადაც უნდა მოძებნონ ესა თუ ის წინადადება. ეს გააადვილებს დავალების შესრულებას. შემდგომში კი, როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მოსწავლეებს უკვე შედარებით თავისუფლად შეუძლიათ ტექსტში ორიენტირება, მას შეუძლია თანდათანობით გაართულოს აქტივობა და აღარ მიუთითოს, რომელ მონაკვეთში უნდა ეძებონ მოსწავლეებმა ესა თუ ის წინადადება.
- ამ აქტივობის გამოყენება შესაძლებელია მთელ კლასთან, ჯგუფებშიც და წყვილებშიც.