მოდელი ”EXIT”. (EN)

WordSection1">

ეს მოდელი, რომელიც შეიმუშავეს დევიდ რეიმ და მორინ ლუისმა, გამოიყენება არამ- ხატვრულ ტექსტებზე სამუშაოდ. შენიშვნა: EXIT (Extending Interactions with Texts) - ამ აბრევიატურის თავისუფალი თარგმანია ”ფართო ინტერაქცია ტექსტებთან”. იგი გულისხმობს თანმიმდევრულ  და სისტემურ  მიდგომას ამგვარი  ტექსტების კითხვისა და დამუშავების პროცესში. მისი საშუალებით მოსწავლეები გააზრებულად კითხულობენ ტექსტს, იკვლევენ მასში გადმოცემულ ინფორმაციას, იღრმავებენ ცოდნას მოცემული თემის ირგვლივ და შემდეგ ამ ინფორმაციას წარმოადგენენ ზეპირი ან წერილობითი სახით. ამ მოდელის საშუალებით მოსწავლეები თავდაპირველად იშველიებენ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოც- დილებას, რასაც მოსდევს ისეთი საკლასო აქტივობები, რომლებიც კითხვისთვის საჭირო სხვადასხვა სააზროვნო უნარებთან ერთად, ზეპირმეტყველებისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარებასაც უწყობს ხელს. ეს არის ურთიერთთანამშრომლობაზე და საკლასო დისკუსიებზე აგებული, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აქტივობების სერია.

ეს მოდელი მოსწავლეებს სთავაზობს თანმიმდევრულ გზას, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა წყაროდან ფაქტობრივი მასალის გამოყენება  კონკრეტულ თემასთან/საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ მოსწავლეები გამოიყენებენ ინფორმაციის რაც შეიძლება  მრავალფეროვან  წყაროებს,  მათ შორის, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექსნოლოგიებს, ფილმებს, ფოტომასალას, არტეფაქტებს, წიგნებს, გამოჰკითხავენ გარშემო მყოფებს თუ დარგის სპეციალისტებს და ა.შ.

მოდელი ”EXIT” მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთაგან თითოეული მოითხოვს მასწავლებლისგან  სწავლების  მეთოდების  გულდასმით შერჩევასა და გამოყენებას კლასის საჭიროებების გათვალსიწინებით (მაგ., საკლასო დისკუსიები, ჯგუფებში მუშაობა, ინდი- ვიდუალური წერითი თუ ზეპირი დავალებები და ა.შ.). აქტივობის თითოეული ეტაპისთვის ორგანიზების ფორმის შერჩევის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კითხვებს, რომლებშიც წინასწარ არის განსაზღვრული, თუ რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი მოსწავლემ, საითკენ უნდა მიმართოს  აზროვნება.

  1. წინარე ცოდნის გააქტიურება: ”რა ვიცი უკვე ამ თემის  შესახებ?”
  2. მიზნის განსაზღვრა: ”რა მინდა ვიცოდე ამ თემის  შესახებ?”
  3. ინფორმაციის მოძიება: ”სად და როგორ მოვიპოვო/მოვიძიო ეს ინფორმაცია?”
  4. შესაბამისი სტრატეგიის შერჩევა: ”როგორ გამოვიყენო ინფორმაციის ეს წყარო იმისათვის, რომ გავიგო, რაც მჭირდება?”
  5. ინტერაქცია ტექსტთან: ”რა არის საჭირო იმისათვის, რომ უკეთ გავიგო ტექსტი?”
  6. კითხვის პროცესზე დაკვირვება: ”რა უნდა გავაკეთო იმ შემთხვევაში,  თუ ტექსტის ზოგიერთი ნაწილი კარგად არ მესმის?”
  7. ჩანაწერების  გაკეთება: ”რა  ჩავინიშნო  (რისი ჩანიშვნა  ღირს) ამ  ინფორმაციიდან?”
  8. ინფორმაციის შეფასება: ”არის თუ არა სანდო ეს ინფორმაცია?”
  9. დამახსოვრება: ”როგორ დავიმახსოვრო მნიშვნელოვანი დეტალები?”
  10. კომუნიკაცია: ”როგორ გავუზიარო სხვებს ეს ინფორმაცია?”

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მოდელი სტანდარტით გათვალისწინებულ სამივე მიმართულებას მოიცავს. მაგალითად, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპები კარგ საშუალებას  იძლევა კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოსაყენებლად, მე-10 ეტაპი კი ხელს უწყობს  ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც გულისხმობს კონკრეტული მიზნით ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული აუდიტორისთვის.