Make a diorama

აქტივობის შესახებ

დიორამა არის ისტორიული მოვლენის (მაგ., ბატალური სცენების), ინტერიერის, პეიზაჟის, ქალაქის ხედის სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელი, რომელსაც ქმნიან გასართობი, შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისათვის. მათ ყველაზე ხშირად ვხვდებით მუზეუმებში.

დიორამის ნიმუშები:

 

 

 

გარდა  იმისა, რომ ამ ტიპის აქტივობა ძალიან მოსწონთ  ბავშვებს, კითხვის სწავლებისას იგი დიდად უწყობს ხელს ტექსტის შინაარსის საფუძვლიანად გაგებას, ააქტიურებს მოსწავლის წარმოსახვასა და შემოქმედებით უნარებს.

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

1. საფუძვლიანად გაიგებენ წაკითხული ტექსტის შინაარსს;

2. ისწავლიან დეტალებზე დაკვირვებას;

3. გამოავლენენ წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს;

4. ივარჯიშებენ ხელნაკეთი ნივთების შექმნაში;

5. იმუშავებენ  ჯგუფებში.

 

რესურსები

დიორამის შესაქმნელად საჭირო სხვადასხვა მასალა. ასეთ მასალად გამოდგება, მაგალითად, ფეხსაცმლის კოლოფი ან მცირე ზომის ყუთი, წებო, პლასტილინი, ფერადი ფურცლები, მუყაოს ნაჭრები, ქსოვილები, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები, თოჯინები, გირჩები, გამხმარი ფოთლები, ტოტები, ასანთის ღერები, სათამაშო ჭურჭელი და ა.შ.

 

აქტივობის აღწერა

 აქტივობა უნდა დაიგეგმოს ერთი ან ორი დღით ადრე.

1. ტექსტის წაკითხვისა  და დამუშავების შემდეგ  მასწავლებელი  უხსნის მოსწავლეებს, რა არის მათი ამოცანა და სთხოვს, შეარჩიონ სცენები ნაწარმოებიდან, რომელთა დიორამის შექმნასაც ისინი ისურვებდნენ. შენიშვნა: დასაშვებია, რომ მოსწავლეებმა დიორამის შესაქმნელად შეარჩიონ, მაგალითად, ინტერიერი (რომელიმე პერსონაჟის ოთახი), პეიზაჟი, ქალაქის/სოფლის ხედი. მეტად სასურველია,  რომ თითოეული სცენა ნათლად ასახავდეს ტექსტის შინაარსის გაგების ხარისხს. არ არის მიზანშეწონილი მასობრივი ან ბატალური სცენების შერჩევა, რადგანაც მათი შექმნა შეიძლება დაუძლეველი ამოცანა აღმოჩნდეს მოსწავლეებისთვის.

2. რამდენიმე სცენის შერჩევის შემდეგ მასწავლებელი ყოფს კლასს ჯგუფებად დაავალებს, ერთად მოიფიქრონ და შეარჩიონ მასალა ამ სცენის ამსახველი დიორამის შესაქმნელად. შენიშვნა: მასალა აუცილებლად უნდა იყოს მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი.

3. შეთანხმებულ დღეს მოსწავლეებს მოაქვთ საჭირო მასალა სკოლაში და იწყებენ მუშაობას. მასწავლებელი ზედამხედველობას უწევს ამ პროცესს და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მათ ზოგიერთი ოპერაციის შესრულებაში.

4. მუშაობის დასრულების შემდეგ კლასში განიხილავენ თითოეულ ნამუშევარს. მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს თავიანთი თანაკლასელების მიერ შექმნილი დიორამების შესახებ, აფასებენ, რა არის ზედმეტი, რა აკლია (მაგ., ნაწარმოებში  წერია, რომ ბაბუა ბუხარს მიუჯდა, დიორამაზე კი ბუხარი არ არის...) და ა.შ.

5. კარგი იქნება, თუ მოსწავლეთა ნამუშევრები კლასის ან სკოლის მუზეუმში გამოიფინება.

 

შეფასება

ამ აქტივობით შეფასდება,

  • გაიგო თუ არა მოსწავლემ წაკითხული ტექსტის შინაარსი;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს კითხვისას ყურადღების გამახვილება დეტალებზე;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს  ნაწარმოებში აღწერილი ადგილების, სცენების, პერსონაჟების წარმოსახვაში გაცოცხლება;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს საკუთარი წარმოსახვის მიხედვით ნამუშევრის შექმნა;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს სხვისი ნამუშევრის შეფასება.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, მასწავლებელი ჩაერიოს მასალის შერჩევის პროცესში, რათა მოსწავლეებმა სახლიდან არ წამოიღონ და არ გამოიყენონ ოჯახისთვის საჭირო ან ძვირფასი ნივთები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება