ლიტერატურული წრე. (EN)
აქტივობის შესახებ
ლიტერატურული წრე მოსწავლეებს ეხმარება იმაში, რომ მათ მეტი შეიტყონ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის ტექსტების შესახებ და ასევე შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, რამდენად შეუძლიათ ზეპირად გადმოსცენ წაკითხულით აღძრული განცდები, შთაბეჭდილებები, განწყობა.
რესურსები
ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს. შესაძლებელია, მოეწყოს სადისკუსიო წიგნის ირგვლივ შექმნილი/მოძიებული მასალების (ილუსტრაციები, პლაკატები) გამოფენა.
აქტივობის აღწერა
ლიტერატურულ წრეში მოსწავლეთა მცირე ჯგუფები ერთსა და იმავე ვადებში კითხულობენ წიგნს და რეგულარულად განიხილავენ უკვე წაკითხულ ცალკეულ ეპიზოდს, მონაკვეთს. მათ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავენ თუ სხვადასხვა წიგნს ერთსა და იმავე თემაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ წიგნის კითხვას, მოეწყობა დისკუსია.
შეფასება
შეფასდება მხატვრული ტექსტის ანალიზისა და შეფასების, პრეზენტაციის უნარი.
მეთოდური მითითება
სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს არდადეგებზე შესთავაზოს წასაკითხი წიგნების ჩამონათვალი; თუ ლიტერატურულ წრეში სასწავლო პროცესის დროს კითხულობენ წიგნს, მასწავლებელმა უნდა განუსაზღვროს მოსწავლეებს კითხვისთვის საჭირო დრო.
კავშირი სხვა საგნებთან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.