ინტერვიუზე მუშაობა (EN)
აქტივობის შესახებ
აქტივობა ემსახურება ინფორმაციის თავმოყრის, დახარისხებისა და გაანალიზების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
აქტივობის მიზნები
- ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
- წერითი დიალოგური მეტყველების განვითარება;
- ინფორმაციის შეგროვების, დახარისხებისა და გაანალიზების უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური (პირველი-მესამე ეტაპები), წყვილური (მეორე ეტაპი).
რესურსები
საინფორმაციო რესურსები, კალამი, რვეული.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ინტერვიუზე მუშაობის წესს. უხსნის მათ, რომ ინტერვიუზე მუშაობა, ძირითადად, სამ ეტაპად ხორციელდება. ეს ეტაპებია: 1. მომზადება ინტერვიუსთვის; 2. ინტერვიუს ჩატარება; 3. ინტერვიუზე მუშაობის დასრულება: ტექსტის რედაქტირება, ჩასწორება, საბოლოო გაფორმება. შესაბამისად, აქტივობა ჩატარდება სამ ეტაპად.
სანიმუშოდ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს რომელიმე წინასწარ შერჩეული ინტერვიუს ტექსტს. ყურადღებას მიაქცევინებს მოსწავლეებს ინტერვიუსათვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილისტურ ნორმებზე, გრამატიკულ ელემენტებზე (დიალოგური მეტყველება, თავაზიანობის გამომხატველი ფორმები, სხვ.), ფორმატზე (კითხვა-პასუხის რეჟიმი), გაფორმების წესზე (თითოეულ შეკითხვასთან ან პასუხთან აუცილებელი მითითება ინტერვიუერზე, რესპონდენტზე). მასწავლებელმა საგანგებოდ უნდა გაამახვილოს მოსწავლეების ყურადღება შეკითხვების ტიპზე (”ღია შკითხვებზე”) - გააფრთხილოს, რომ თავი აარიდონ ისეთი შეკითხვების დასმას, რომელთა სავარაუდი პასუხი იქნება ”დიახ” ან ”არა” - ეს ძალზე მოსაწყენი იქნება ინტერვიუს მკითხველებისათვის.
აქტივობის ჩასატარებლად მასწავლებელი დააწყვილებს მოსწავლეებს და დაავალებს, მოიფიქრონ და გადაწყვიტონ, ვის ჩამოართმევენ წარმოსახვით ინტერვიუს (რესპონდენტი შეიძლება იყოს მწერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, სპორტსმენი, მომღერალი, ისტორიული პირი, პოლიტიკოსი, სხვ.). აქტივობის პირველ-მესამე ეტაპებზე (მომზადება ინტერვიუსთვის, ინტერვიუს საბოლოო გაფორმება) მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, მეორე ეტაპზე (ინტერვიუს ჩატარება) - წყვილებში. ამისათვის მოსწავლეებმა რიგრიგობით უნდა ”მოირგონ” ინტერვიუერისა და რესპონდენტის როლები.
I ეტაპი: მომზადება ინტერვიუსათვის.
ამ ეტაპზე მოსწავლეები მოიძიებენ, ახარისხებენ და სწავლობენ მასალას/ინფორმაციას შერჩეული წარმოსახვითი რესპონდენტის შესახებ. სამუშაოს გასაადვილებლად, მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ: ა) რა იციან მათ თანამოსაუბრის შესახებ; ბ) რა ინფორმაცია ესაჭიროებათ დამატებით.
მეწყვილეები დაგეგმავენ ინფორმაციის მოსაძიებელ სამუშაოს. ამისთვის მათ უნდა გაიაზრონ: ა) რომელია საჭირო ინფორმაციის მოძიების სავარაუდო წყაროები; ბ) რომელი იქნება მათთვის ყველაზე საინტერესო/ინფორმაციული წყარო. მეწყვილეები განსაზღვრავენ და შეარჩევენ ინფორმაციის წყაროებს (წიგნები, ენციკლოპედიები, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები, სხვ.). ეს იქნება ბაზა მათი ერთობლივი ინტერვიუსათვის (გამოსაყენებლად შეიძლება შეირჩეს 2-3 წყარო).
ამის შემდეგ მეწყვილეები მუშაობენ ინდივიდუალურად: შეუდგებიან შერჩეული წყაროების დამუშავებას, დახარისხებას და გაანალიზებას.
ამავე ეტაპზე მოსწავლე განსაზღვრავს თემას/თემებს მომავალი ინტერვიუსათვის, მოამზადებს 4-5 შეკითხვას. სამუშაოს გასაადვილებლად, ამ დროს მოსწავლემ საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვები: ”რისი გაგება მსურს რესპონდენტისაგან? რისი შეტყობა იქნება ყველაზე საინტერესო ინტერვიუს მკითხველებისთვის?”.
სასურველია, ერთი და იმავე ან მსგავსი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მეწყვილეებმა გაინაწილონ თემები თავიანთი შეკითხვებისათვის (ვთქვათ, ერთი მეწყვილე აირჩევს ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს, მეორე - პროფესიული მოღვაწეობის დასაწყისს (პირველი წიგნი, ალბომი, პირველი თამაში, მისთ.).
ჩატარებული ინდივიდუალური სამუშაოს საფუძველზე მოსწავლეები მოამზადებენ რესპონდენტის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველ ჩანაწერს/საინფორმაციო ტექსტს, რომელშიც მითითებული იქნება რესპონდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები, სხვ. აღნიშნული ტექსტის საფუძველზე შეიძლება მომზადდეს მოკლე საინფორმაციო ტექსტი, რომელიც წინ წარუძღვება ინტერვიუს. მისი მიზანი იქნება, მკითხველებს გააცნოს/შეახსენოს რესპონდენტის ვინაობა, გამოკვეთოს მისი მიღწევები.
II ეტაპი: ინტერვიუს ჩატარება.
ამ ეტაპზე მუშაობა ჩატარდება წყვილებში. მეწყვილეები ერთმანეთს შეენაცვლებიან და ერთიმეორის მიყოლებით ”მოირგებენ” რესპონდენტისა და ინტერვიუერის როლებს: ჯერ ერთი მათგანია ”ინტერვიუერი”, რომელიც მომზადებულ შეკითხვებს დაუსვამს მეწყვილე ”რესპონდენტს” და ჩაიწერს მის პასუხებს; შემდეგ როლები იცვლება - ”რესპონდენტი” გადაიქცევა ”ინტერვიუერად” და მეწყვილეს დაუსვამს მომზადებულ შეკითხვებს, მოისმენს ამ უკანასკნელის პასუხებს და ჩაიწერს მათ.
III ეტაპი: ინტერვიუს რედაქტირება.
ჩაწერილი ინტერვიუს რედაქტირებაზე მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად. საკორექტურო-სარედაქტორო სამუშაოების ჩატარებასთან ერთად, მოსწავლეები საბოლოოო სახეს მისცემენ ინტერვიუს ტექსტს.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- ინფორმაციის დახარისხება, ორგანიზება და გაანალიზება;
- შეკითხვის ფორმულირება, ადეკვატური პასუხის გაცემა:
- მიზნობრივი ტექსტის შექმნისას სათანადო ენობრივტილისტური ნორმებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება;
- წარმოსახვის უნარის გამოყენება.