ინტერვიუ (EN)
აქტივობის შესახებ
აქტივობა გამოიყენება წერის წინა ეტაპზე. იგი ემსახურება ინფორმაციის შეგროვების/ამოკრების, დახარისხებისა და ორგანიზების უნარების გამომუშავებას.
აქტივობის მიზნები
- ინფორმაციის თავმოყრისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
- ტექსტის სტრუქტურული ელემენტებისა და შინაარსის ადეკვატური გააზრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება;
- თვითგამოხატვის ხელშეწყობა;
- თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
პირველი მაგალითი - ჯგუფური/ინდივიდუალური (პირველი ნაწილი), ინდივიდუალური (მეორე ნაწილი); მეორე მაგალითი - წყვილური (პირველი ნაწილი), ინდივიდუალური (მეორე ნაწილი), მესამე მაგალითი - ინდივიდუალური.
რესურსები
დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი, ტექსტი, გრაფიკული მაორგანიზებელი.
აქტივობის აღწერა
ინტერვიუ შემოქმედებითი და სახალისო აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს შეპირისპირებითი დახასიათების დასაწერად. მოსწავლეები ჩამოწერენ შეკითხვებს რესპოდენტებისთვის - პერსონაჟებისთვის ან მათთვის, ვის შესახებაც აპირებენ თხზულების დაწერას; მათ ნაცვლად კი თვითონვე მოიფიქრებენ პასუხებს (პერსონაჟების პასუხები მომზადდება ტექსტზე დაყრდნობით). ამ ფორმატით (კითხვა-პასუხის) წარმოებული მუშაობა ძალზე გაუადვილებს მოსწავლეებს ინფორმაციის ამოკრების/შეგროვების, დახარისხებისა და ორგანიზების პროცესს. ინტერვიუს დაწერის შემდეგ მოსწავლეები მზად იქნებიან წერითი დავალების - შეპირისპირებითი დახასიათების დასაწერად.
მაგალითი ¹1. თემა ”დიდები და პატარები”.
მოსწავლეები, ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, მოამზადებენ ერთსა და იმავე შეკითხვებს უფროსებისთვის და თანატოლებისთვის, ინტერვიუს ჩამოართმევენ რესპონდენტებს და პასუხების მიხედვით გამოკვეთენ, როგორები არიან უფროსები: რა აინტერესებთ, რა უყვართ, რისი ეშინიათ; როგორები არიან ბავშვები. ინფორმაციის მარტივად დახარისხებისა და ორგანიზების მიზნით, მათ შეიძლება გამოიყენონ რომელიმე გრაფიკული მაორგანიზებელი, მაგ., ვენის დიაგრამა (იხ. ზემოთ, აქტივობა ¹4, IV. 12). მონაცემების შეგროვებასა და სქემის შექმნას მსჯელობა უნდა ამყარებდეს.
საბოლოო ეტაპზე, მსგავსება-განსხვავებების გათვალისწინებით, მოსწავლეები დაწერენ დიდებისა და პატარების შეპირისპირებით დახასიათებას.
მაგალითი ¹2. თემა ”მე და ჩემი კლასელი (შეპირისპირებითი დახასიათება)”.
ამ შემთხვევაში მუშაობა წარიმართება წყვილებში. წყვილები ერთობლივად ჩამოაყალიბებენ შეკითხვებს. შემდეგ ჩამოართმევენ ერთმანეთს ინტერვიუს და ჩაიწერენ პასუხებს. პასუხების საფუძველზე, მეწყვილეები გამოკვეთენ ერთმანეთის მსგავსება-განსხვავებებს და დაწერენ თავიანთ შეპირისპირებით დახასიათებას.
სავარაუდოკითხვებისნუსხა:
- რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
- რა არის შენი საყვარელი საჭმელი?
- სად გინდა, რომ იმოგზაურო?
- რომელი საგანი მოგწონს ყველაზე მეტად?
- სპორტის რომელი სახეობა მოგწონს ყველაზე მეტად?
- რისი გეშინია?
- შენი თვისებებიდან რომელი მოგწონს/არ მოგწონს ყველაზე მეტად?
- რა არის შენი ოცნება?
- ვინ არიან შენი საყვარელი ადამიანები? და სხვ.
მაგალითი ¹3. ერთმანეთთან შესადარებლად შერჩეულია ორი მონადირე ქართული პროზის ორი ნიმუშიდან. ესენია: ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი” და სერგო კლდიაშვილის “ორბი”. ამ ტექსტების დამუშავების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეადგინონ კითხვები ამ ორი პერსონაჟისთვის (წარმოიდგინონ, რომ ინტერვიუს ართმევენ მათ) და თვითონვე გასცენ პასუხები თავიანთი მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების მიხედვით, აუცილებლად შესწავლილ ტექსტებზე დაყრდნობით. პასუხების მიხედვით, სათანადო გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენებით, მოსწავლეები ააგებენ კოგნიტურ სქემას. სქემაში არებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები მოამზადებენ ორი მონადირის შეპირისპირებით დახასიათებას.
აქტივობის ხანგრძლივობა
20- 22 წუთი.
შეფასება
- ამ აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა, არსებით და მთავარ მომენტებზე ყურადღების გამახვილება;
- ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის აღქმა;
- ტექსტის მონაცემების გამოყენება საკუთარი პოზიციის/თვალსაზრისის/დამოკიდებულების გამოხატვისას, დეტალების მოშველიება აქცენტების დასასმელად, სხვ.
- საკუთარი პოზიციის/თვალსაზრისის/დამოკიდებულების ადეკვატურად ფორმულირება;
- ადეკვატური ლექსიკის გამოყენება.