Guess what is it?

აქტივობის შესახებ

 

ეს აქტივობა ორ ეტაპად იყოფა. კითხვის დაწყებამდე მოსწავლე აკვირდება ტექსტის ფორმალურ ნიშნებს, მის სტრუქტურას, მარტივ მაორგანიზებელ ელემენტებს, რომელთა საშულებითაც ამოიცნობს, რა სახის ინფორმაცია შეიძლება მიიღოს ამ ტექსტიდან. ამის შემდეგ კი იგი უკვე  ადვილად შეძლებს მოცემულ ტექსტში ორიენტირებას საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით.

 

აქტივობის მიზანი

1. დააკვირდება და გაარჩევს სხვადასხვა ტიპის პრაგმატული ტექსტების ფორმალურ მხარეს (სტრუქტურას, მარტივ მაორგანიზებელ ელემენტებს);

2.  ტექსტის ფორმალურ მხარეზე დაყრდნობით წინასწარ გასაზღვრავს ინფორმაციის ტიპს, რომელსაც ეს ტექსტი შეიცავს;

3.    შეძლებს ტექსტში ორიენტირებას ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

 

რესურსები

მოკლე პრაგმატული ტექსტები, ბარათები.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი  კლასში არიგებს ერთ ფურცელზე დაბეჭდილ რამდენიმე სახის ტექსტს. ეს ტექსტებია: ამინდის პროგნოზი, გაკვეთილების ცხრილი, ტელეპროგრამა. შენიშვნა: ტექსტების რაოდენობა მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს.

2. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საკმარის დროს იმისათვის, რომ მათ  მოასწრონ ტექსტისთვის თვალის გადავლება და რამდენიმე ძირითადი დეტალის (სტრუქტურის, ციფრების, სიმბოლოების, მათი  განლაგებისა და, შესაძლებელია, რამდენიმე საკვანძო სიტყვის) აღქმა, რის შემდეგაც უსვამს მათ კითხვებს, თუ რა სახის ინფორმაციას შეიცავენ/გვაწვდიან ისინი. მოსწავლეებმა შეიძლება დაასახელონ კიდეც (თუმცა ეს მათ არ უნდა მოვთხოვოთ), ხოლო თუ არ იციან ან ვერ იხსენებენ შესაბამის ცნებებს, ახსნან საკუთარი სიტყვებით.

3. ამის შემდეგ მასწავლებელი ყოფს კლასს ჯგუფებად (რამდენი ტექსტიცაა, იმდენ ჯგუფად) და ავალებს, თითო ტექსტთან დაკავშირებით მოიფიქრონ და მოამზადონ პასუხები კითხვაზე, თუ როგორ ამოიცნეს/მიხვდნენ ისინი, რა ინფორმაციას შეიცავს ესა თუ ის ტექსტი. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, რის შემდეგაც საკუთარი სიტყვებით აღწერენ, რის საფუძველზე ამოიცნეს ესა  თუ ის ტექსტი, მაგ., ერთი ჯგუფი ამბობს, რომ მათ დაინახეს ქალაქების სახელები, იქვე კი მზის, ღრუბლებისა და წვიმის სურათები და მიხვდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ამინდის პროგნოზი; მეორე ჯგუფი კი ამბობს, რომ მათ დაინახეს, რომ სიტყვები ერთმანეთის ქვეშ იყო ჩამოწერილი, გვერდზე კი მიწერილი ჰქონდათ საათები, ასევე შეამჩნიეს ერთ-ერთი არხის ლოგო/საყვარელი გადაცემის სათაური და მიხვდნენ, რომ ეს იყო ტელეპროგრამა და ა.შ.

4. იწყება  კითხვის ეტაპი, რისი დასრულების  შემდეგაც  მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებს. მასწავლებელმა საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა დაგეგმოს აქტივობის ეს ეტაპი; მას შეუძლია აარჩიოს ერთი ან ორი ტექსტი, რომლებსაც დაამუშავებენ, ან რიგრიგობით წაიკითხონ კლასში ყველა ტექსტი, ხოლო შემდეგ ისინი ჯგუფებში გადაანაწილოს. უკანასკნელ შემთხვევაში, მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს ბარათზე დაწერილ ორ-სამ კითხვას, რომლებიც შესაბამისი ტექსტიდან ინფორმაციის მოძიებას მო- ითხოვს, მაგალითად:

  • როგორი ამინდი იქნება ხვალ ზუგდიდში? (მზიანი)
  • სად იწვიმებს ხვალ? (თელავში. შესაძლებელია ასეთი პასუხიც: თელავში და ახმეტაში)
  • რამდენი გრადუსი სითბო იქნება თბილისში? (31 გრადუსი)
  • სამშაბათს მერამდენე გაკვეთილია მათემატიკა? (მე-3)
  • კვირაში რამდენჯერ გაქვთ ბუნებისმეტყველება? (ორჯერ)
  • რამდენი გაკევთილი გაქვთ ხუთშაბათს? (ხუთი)
  • ხვალ რომელ საათზეა მულტფილმი? (12 საათზე)
  • არის თუ არა დღეს გადაცემა ”ანაბანა”?  (არა) და ა.შ.

 

შეფასება

ამ აქტივობით  შეფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ინფორმაციის ტიპის ამოცნობა ტექსტის ფორმალურ ნიშნებზე დაკვირვებით;
  • მარტივი პრაგმატული ტექსტიდან ინფორმაციის ამოკრება (და დახარისხება);
  • საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს, თუ რა ხერხს მიმართა  დავალების შესასრულებლად;
  • მასწავლებლის ინსტრუქციების გაგება  და შესრულება;
  • ჯგუფში მუშაობა.

 

მეთოდური მითითება

1. შერჩეული ტექსტები შესაძლებელია იყოს ავთენტური, აუცილებლად მარტივი და, ამასთანავე, გამოკვეთილი ფორმალური და სტრუქტურული მახასიათებლებით.

2. შესაძლებელია სრულიად საკმარისი იყოს ერთ გაკვეთილზე აქტივობის პირველი ორი ეტაპის ჩატარება (პუნქტები 1, 2, 3), კითხვის ეტაპი კი მომდევნო გაკვეთილისთვის გადაიდოს, რომლის მიმდინარეობასაც მასწავლებელი კლასის შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმავს.