გრაფიკული მაორგანიზებელი: მიზეზ-შედეგობრიობის სქემა. (EN)

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამოიყენება წერის წინა ეტაპზე. იგი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გაანალიზებაში, ტექსტში გადმოცემულ სხვადასხვა მოვლენებს/ფაქტებს/სხვ. შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენასა და გააზრებაში გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების გზით. აქტივობა ხელს უწყობს ინფორმაციის გაანალიზების, დახარისხებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.


აქტივობის მიზნები

 

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ინფორმაციის მოკვლევის, დახარისხებისა  და ორგანიზების უნარ-ჩვევების გან- ვითარება;
  • გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების მეთოდის ათვისება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება.

 


რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.


აქტივობის აღწერა

ტექსტის დამუშავების დროს მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს სიუჟეტის განვითარების ხაზზე, გამოკვეთს ტექსტში აღწერილ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.

თვალსაჩინოებისათვის მასწავლებელი დაფაზე დახატავს გრაფიკულ მაორგანიზებელს, რომელზეც გამოსახავს მხოლოდ მიზეზს. შემდეგ, გონებრივი იერიშის გზით, მასწავლებელი მოსწავლეების თანამონაწილეობით შეავსებს გრაფიკულ მაორგანიზებელს შედეგებით. შეიძლება ეს მოხდეს მოსწავლეების დაფასთან გამოძახების გზითაც (ამ შემთხვევაში დაფასთან გამოძახებული თითოეული მოსწავლე ერთ რომელიმე შედეგს გამოსახავს). საუბრისას მასწავლებელი იყენებს მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველ კავშირებსა და კონსტრუქციებს (”იმიტომ რომ”, ”..-ის მიზეზით”, ”...-ის გამო”, მისთ.). გასათვალისწინებელია, რომ გრაფიკული მაორგანიზებლის შევსებისას გამოიყენება ცალ- კეული სიტყვები და/ან მოკლე ჩანაწერები. შესაძლებელია, მუშაობა წარიმართოს განსხვავებული გზით - ჯერ გამოისახოს შედეგები, ბოლოს კი - მიზეზი.

გრაფიკული მაორგანიზებლის შევსების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს, რვეულებში გადაიტანონ გრაფიკულ მაორგანიზებელზე ასახული ინფორმაცია წინადადებების სახით, სათანადო კავშირებისა და კონსტრუქციების გამოყენებით. 


ნიმუში. მიზეზ-შედეგობრიბის გრაფიკული მაორგანიზებელი.

მიზეზი და შედეგი


იაკობ გოგებაშვილი, ”იავნანამ რა ჰქმნა?”

მიზეზი: ქეთო უცხოეთში აღიზარდა.

შედეგი¹ ¹1. დაავიწყდა ქართული,

შედეგი ¹2. დაავიწყდა სახლი,

შედეგი ¹3. ვერ იცნო მშობლები.

წინადადებების ვარიანტები: ა) ”ქეთო უცხოეთში აღიზარდა. ამიტომ, მას დაავიწყდა ქართული, დაავიწყდა სახლი, ვერ იცნო მშობლები”; ბ) ”რადგან ქეთო უცხოეთში აღიზარდა, მას დაავიწყდა ქართული ენა, დაავიწყდა სახლი; ვერ იცნო მშობლები”; ”იმის გამო, რომ ქეთო უცხოეთში აღიზარდა, მას დაავიწყდა ქართული ენა, დაავიწყდა სახლი; ვერ იცნო მშობლები”, სხვ.

მოსწავლეებს დაევალებათ, დაამუშავონ ამავე მოთხრობის ერთი თავი; დაადგინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ამ თავში აღწერილ მოვლენებს შორის; ააგონ სათანადო გრაფიკული მაორგანიზებელი და წინადადებების სახით გამოხატონ გრაფიკულ მაორგანიზებელზე ასახული ინფორმაცია. წინადადებების შედგენისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სათანადო კავშირები და კონსტრუქციები.

(დავალების ნიმუში: თავი ”ქეთო და მისი დედობილ-მამობილი”.

შედეგი ¹1. ქეთოს ენატრებოდა თავისი დედობილ-მამობილი.

შედეგი ¹2. პატივისცემის ნიშნად, ქეთოს მშობლებმა ნაიბი და მისი ცოლი სტუმრად დაპატიჟეს.

შედეგი ¹3. ქეთოს დედ-მამა და ქეთოს დედობილ-მამობილი დამეგობრდნენ.

შედეგი ¹4. ქეთოს დედ-მამა ყოველ წელს რთველში იწვევდა ქეთოს აღმზრდელებს.

მიზეზი:  აღმზრდელებმა ქეთო საკუთარი შვილივით გაზარდეს).

აქტივობის ხანგრძლივობა: 12-15 წუთი,

WordSection1">


შეფასება

აქტივობით ფასდება, შუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის გაანალიზება;
  • ტექსტში აღწერილ მოვლენებს/ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ამსახველი გრაფიკული მაორგანიზებლის შედგენა და გამოყენება;
  • მიზეზ-შედეგობრივი მიმართების გამომხატველი კავშირებისა და კონსტრუქციების მართებულად გამოყენება წერის დროს.


 

WordSection1">

კავშირი სხვა საგნებთან

აქტივობა ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების შესწავლისას.


მეთოდური მითითება

მიზეზ-შედეგობრიობის გრაფიკული მაორგანიზებლის შესახებ იხ. აგრეთვე დანართი 2 (”არამხატვრული ტექსტების 4 ტიპი და მათი გრაფიკული მაორგანიზებლები”), რომელშიც აღწერილია მიზეზ-შედეგობრივი მიმართების ამსახველი, განსხვავებული კონფიგურაციის მქონე გრაფიკული მაორგანიზებელი და მისი გამოყენება საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის პროცესში.