Ending a sentence

აქტივობის  შესახებ

აქტივობა  გამიზნულია  წერის  ეტაპისათვის. იგი ემსახურება მოსწავლეთა აზრის წერილობით გადმოცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას; სტიმულს აძლევს მოსწავლეთა თვითგამოხატვის  პროცესს.

 

აქტივობის მიზნები

  • დასრულებული აზრის წერილობით გამოხატვის უნარის განვითარება;
  • კონტექსტის ადეკვატურად აღქმის უნარის განვითარება;
  • თვითგამოხატვის უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები 

რვეული, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი/მარკერი, კალამი.

 

აქტივობის აღწერა 

მასწავლებელი დაფაზე წერს მარტივ წინადადებებს (არასრული სახით) და ავალებს მოსწავლეებს: ა) რვეულებში გადაიწერონ დაფაზე შესრულებული ნაწერი; ბ) დამოუკიდებლად დაასრულონ წინადადება (მოსწავლეებმა წინადადება უნდა დაასრულონ კონტექსტის გათვალისწინებით, პირადი მოსაზრების საფუძველზე).

მასწავლებელი გადააშლევინებს მოსწავლეებს რვეულს, მოამარჯვებინებს კალმებს; უხსნის მოსწავლეებს წერითი სამუშაოს არსს და აძლევს დეტალურ ინსტრუქციას. ინსტრუქცია შემდეგი სახისაა:

  • გამოიცანით, რომელი სიტყვა უნდა ჩაწეროთ წინადადებაში;
  • გამოცნობის შემდეგ გადაწერეთ წინადადება;
  • გადაწერის დროს დაასრულეთ წინადადება შერჩეული სიტყვით;
  • წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.

მოსწავლეებმა ჩუმად უნდა წაიკითხონ წინადადება და საკუთარი თვალსაზრისის საფუძველზე, კონტექსტის გათვალისწინებით,  განსაზღვრონ,  რომელი სიტყვით უნდა დაასრულონ წინადადება.

მაგ.             

”ჩემი საყვარელი წიგნია /------------/”.

”ყველაზე კარგად ვერთობი /------------/”.

მოსწავლემ უნდა შეარჩიოს თავისი საყვარელი წიგნის სათაური თუ საყვარელი გასართობი თამაში, გადაწეროს წინადადება და  დამოუკიდებლად დაასრულოს იგი. წინადადების ბოლოს უნდა დასვას წერტილი.

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • კონტექსტის გათვალისწინებით, სიტყვების ადეკვატურად და დამოუკიდებლად
  • ჩაწერა;
  • საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

 

მეთოდური შენიშვნა

პირადი თვალსაზრისის საფუძველზე წინადადების დასრულება თვითგამოხატვას გულისხმობს და მაღალი დონის სააზროვნო უნარებს მოითხოვს. ამიტომ რეკომენდებულია, სირთულეების თავიდან ასაცილებლად, მოსწავლეებმა დაასახელონ კიდეც თავიანთი პასუხები. შესაძლოა, მასწავლებელმა დაფაზე ჩამოწეროს რამდენიმე პასუხი, რაც ერთგვარი მოდელი იქნება კლასისათვის. შესაძლებელია, ამ დროს გაიმართოს საუბარი/დისკუსია.